საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სემინარი გაიმართა

10.10.19 - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

 

10 ოქტომბერს, საქართველოში მიმდინარე ნატოს დღეები 2019-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის ბიუროს ორგანიზებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სემინარი გაიმართა. სემინარს უძღვებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენელი ოლგა სპირანდი.  

 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო - ნატოს თანამშრომლობის საკითხებზე, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე, ამ თემებზე საზოგადების, განსაკუთრებით, რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდასა და  აღნიშნულ პროცესში მათი ჩართულობის აუცილებლობაზე.

 

3-31 ოქტომბერს, საქართველოში უკვე ტრადიციად ქცეული ნატოს დღეები მიმდინარეობს, რომელიც წელს მეთორმეტედ აღინიშნება და მისი მიზანია საქართველოს მოქალაქეების გაცნობიერებული მხარდაჭერის ხელშეწყობა და ინფორმირებულობის გაზრდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმების, პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ. საქართველოს ნატოში გაწევრების შესახებ საზოგადოებასთან დიალოგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიმდინარე ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე.

 

მიმდინარე წელს, ნატოს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართება არაერთი ღონისძიება გაიმართება. კერძოდ, ქვეყნის 10 რეგიონში, ნატოს დღეების ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, პედაგოგებთან, საჯარო მოხელეებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლების მოსახლეობასთან, მედიასთან, და ა.შ.

 

ნატოს დღეები საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში პოლონეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.

10-10-2019