საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ნატოს დღეები ქობულეთში!

18.10.19 - ქობულეთი

ქობულეთის მუნიციპალიტეტი  საქართველოში მიმდინარე  „ნატოსდღეებს“  შეუერთდა.  აჭარის რეგიონში დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში, პიარ-აქცია და შემეცნებითი ღონისძიება გამართა. ღონისძიებები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონალურმა ბიურომ და ქობულეთის ახალგაზრდულმა საკრებულომ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის საკითხთა კომისიასთან თანამშრომლობით მოეწყო.

 

ახალგაზრდებმა,   ქობულეთის  ცენტრალურ მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე,  მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით მოქალაქეებს დაურიგეს საინფორმაციო ფლაერები ჩრდილო ატლანტიკური ორგანიზაციის საქმიანობისა და პრიორიტეტების  შესახებ, მოეწყო ფლეშ-მობიც.   ქობულეთის კულტურის სახლის საკონფერენციო დარბაზში  კი  გაიმართა

დისკუსია  სლოგანით - „ნატო-მშვიდობის და უსაფრთხოების გარანტი“.  შეხვედრას ესწრებოდნენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს  ხელმძღვანელი პირები,  დეპუტატები და ქობულეთის რესურსცენტრის წარმომადგენლები.   ახალგაზრდებმა  განიხილეს ისეთი საკითხები როგორებიცაა: ნატო-საქართველოს ურთიერთობების დინამიკა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი-მიღწევები და გამოწვევები, ნატოს სამშვიდობო მისიები, საქართველო ნატო-ს ურთიერთობების ისტორია, მნიშვნელოვანი მოვლენების ქრონოლოგია, მითები ნატოს შესახებ და ა.შ.  ღონისძიების დასასრულს.  ნატოს დღეებში აქტიური  ჩართულობისთვის, ღონისძიების ყველა მონაწილეს  სერტიფიკატები და საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული თემატური ლიტერატურა გადაეცათ.

 

ნატოს დღეები საქართველოში მეთორმეტედ იმართება და მისი მიზანია საქართველოს მოქალაქეების გაცნობიერებული მხარდაჭერის ხელშეწყობა და ინფორმირებულობის გაზრდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმების, პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ. ნატოს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით 70-მდე ღონისძიება გაიმართება. წლევანდელი ნატოს დღეები აჭარაში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ნატოს გენ ერალური მდივნის მოადგილის როუზ გიოტმიოლერის დასავლეთ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან შეხვედრით გაიხსნა და 30-31ოქტომბერს ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით დასრულდება.

18-10-2019