საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროინტეგრაციის საკითხებზე სოფელ ცეცხლაურში შეხვედრა გაიმართა

21.10.19. - სოფელი ცეცხლაური
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში“ ფარგლებში,  ქობულეთის  მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში, პედაგოგებსა და ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.


შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რეგიონალურმა წარმომადგენელმა აჭარაში ირმა გაბინაშვილმა საქართველო-ნატოს,  საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებსა და  გამოწვევებზე,  ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გატარებულ, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ნატოს დღეების ფარგლებში  მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებში ახალგაზრდობის ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება და აუდიტორიას ნატოს დაარსების ისტორიაზე, 70 წლის მანძილზე განვლილ გზაზე და პრიორიტეტებზე ესაუბრა. მსმენელები დაინტერესდნენ,   ნატო-ს  და  ევროკავშირის პროექტების განხორციელების ფარგლებში რა კონკრეტულ სარგებელს მიიღებს  საქართველოს თითოეული მოქალაქე, მათ შორის, ახალგაზრდები და რამდენად ხელმისაწვდომია ინფორმაცია ამ პროგრამების შესახებ მოსახლეობისთვის. საუბარი შეეხო  საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდას და მათგან მომდინარე საფრთხეებს.   დაასახელდა  ის მითები, რომლებიც აქტიურად ვრცელდება  რეგიონებში და   საზოგადოებაში  გარკვეული  სკეპტიციზმის დანერგვას ემსახურება.  აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა აუდიტორიას  საინფორმაციო სახის მასალები  გადასცა და მათ შეკითხვებსაც უპასუხა.

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.

პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

21-10-2019