საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ამბროლაურში შეხვედრა გაიმართა

21.10.19 - ამბროლაური

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში, ნატოს დღეები 2019 ის ფარგლებში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერიისა და საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლების, ადგილობრივი მედიასაშულებების, ახალგაზრდებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელი თამარ გოგოლაძე და საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე უძღვებოდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო  საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, ამ მხრივ არსებულ პროპაგანდასა და მისი ამოცნობის გზებს, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებს, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს.

ნატოს დღეები საქართველოში მეთორმეტედ იმართება. ნატოს დღეების მიზანია საქართველოს მოქალაქეების გაცნობიერებული მხარდაჭერის ხელშეწყობა და ინფორმირებულობის გაზრდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმების, პერსპექტივების და გამოწვევების შესახებ. საქართველოს ნატოში გაწევრების შესახებ საზოგადოებასთან დიალოგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიმდინარე ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე.

 

მიმდინარე წელს, ნატოს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით არაერთი ღონისძიება გაიმართება. კერძოდ, ქვეყნის 10 რეგიონში, ნატოს დღეების ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, პედაგოგებთან, საჯარო მოხელეებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლების მოსახლეობასთან, მედიასთან, და ა.შ.

 

ნატოს დღეები საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში პოლონეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.

21-10-2019