საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ონის მუნიციპალიტეტში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

22.10.19- ონის მუნიციპალიტეტი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ნატოს დღეები 2019 ის ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტების მერიაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და საკრებულოს წევრებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ონის მუნიციალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე და მერის მოადგილე, ეკატერინე მაისურაძე.

 

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელი თამარ გოგოლაძე და საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე უძღვებოდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, ამ მხრივ არსებულ პროპაგანდასა და მისი ამოცნობის გზებზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებზე, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე.

 

ნატოს დღეები საქართველოში მეთორმეტედ იმართება. ნატოს დღეების მიზანია საქართველოს მოქალაქეების გაცნობიერებული მხარდაჭერის ხელშეწყობა და ინფორმირებულობის გაზრდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმების, პერსპექტივების და გამოწვევების შესახებ.

 

მიმდინარე წელს, ნატოს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით არაერთი ღონისძიება გაიმართება. კერძოდ, ქვეყნის 10 რეგიონში, ნატოს დღეების ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, პედაგოგებთან, საჯარო მოხელეებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლების მოსახლეობასთან, მედიასთან, და ა.შ.

 

ნატოს დღეები საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით იმართება.

22-10-2019