საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ბოლნისში ნატოს დღეების ფარგლებში პედაგოგებისთვის სემინარი გაიმართა

26.10.19 - ბოლნისი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის ბიურომ,  „ნატოს დღეების“ ფარგლებში, ქალაქ ბოლნისში, საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლებისათვის ტრენინგ-სემინარი გამართა.

 

მოწვეულმა ექსპერტმა, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წარმომადგენელმა, დავით ძიძიშვილმა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონალურმა წარმომადგენელმა ქვემო ქართლში, თემურ სუყაშვილმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის  მექანიზმებსა და ნატოს შესახებ გავრცელებულ მითებზე ისაუბრეს. დისკუსიის რეჟიმში მასწავლებლებმა ჩამოთვალეს საზოგადოებასა და თემში გავრცელებული მითები. შეხვედრის დასასრულს სემინარში მონაწილე პედაგოგებს  სერტიფიკატები გადაეცათ.

 

ნატოს დღეები საქართველოში მეთორმეტედ იმართება. ნატოს დღეების მიზანია საქართველოს მოქალაქეების გაცნობიერებული მხარდაჭერის ხელშეწყობა და ინფორმირებულობის გაზრდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმების, პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ. საქართველოს ნატოში გაწევრების შესახებ საზოგადოებასთან დიალოგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიმდინარე ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე.

 

3-31 ოქტომბერს, საქართველოში უკვე ტრადიციად ქცეული „ნატოს დღეები’’ მიმდინარეობს. წლევანდელი ნატოს დღეები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის როუზ გიოტმიოლერის დასავლეთ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან შეხვედრით გაიხსნა და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით სრულდება.

 

მიმდინარე წელს, ნატოს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით  არაერთი ღონისძიება გაიმართება. კერძოდ, ქვეყნის 10 რეგიონში, ნატოს დღეების ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, პედაგოგებთან, საჯარო მოხელეებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლების მოსახლეობასთან, მედიასთან, და ა.შ.

 

ნატოს დღეები საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით იმართება.

26-10-2019