საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ხვალ, ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი გაიხსნება

30-31 ოქტომბერს,  თბილისში, უკვე მეოთხედ ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი გაიმართება. ფორუმი სახალხო დიპლომატიასა და კომუნიკაციაზე მსჯელობის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს.

 

ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა: ნატო-ს საქართველოს ურთოერთობები და თანამშრომლობის მექანიზმები, შავი ზღვის რეგიონში საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ჰიბრიდული გამოწვევები, ანტიდასავლური პროპაგანდა და მასთან ბრძოლის ეფექტიანი მეთოდები.

 

ღონისძიების მიზანია სახალხო დიპლომატიის ექპერტთა ქსელის გაფართოების ხელშეწყობა და ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება.

 

წლევანდელი ფორუმი მასპინძლობს მაღალი დონის ექსპერტებს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან, ესენია: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, ფინეთი.

 

ხვალ, 30 ოქტომბერს,  სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია“ ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის  ფორუმს საქართველოს  საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გახსნის. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე სახალხო დიპლომატიის საკითხებში ელჩი თაჯან ილდემი და სპეციალური სტუმრის სტატუსით მოწვეული გლობალური ჩართულობის ცენტრის სპეციალური წარმომადგენელი ლეა გაბრიელი. 

 

 

ფორუმში ასევე მონაწილეობენ სამთავრობო სტრუქტურების, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, კვლევითი და ანალიტიკური ინსტიტუტების წარმომადგენლები, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან მოწვეული ექსპერტები.

 

ფორუმით სრულდება საქართველოში მიმდინარე ნატოს დღეები, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, წელს უკვე მეთორმეტედ აღინიშნა.

 

ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ “საინფორმაციო ცენტრის ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ” ორგანიზებით, საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის, ნატო-ს სახალხო დიპლომატიის განყოფილებისა და საქართველოში პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით იმართება.

29-10-2019