საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი გაიხსნა

დღეს,  სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“ - ში ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის  ფორუმი საქართველოს  საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გახსნა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწემ, სახალხო დიპლომატიის საკითხებში ელჩმა თაჯან ილდემიმ და სპეციალური სტუმრის სტატუსით მოწვეულმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ჩართულობის ცენტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ლეა გაბრიელმა.

 

„ნატო - საქართველოს თანამშრომლობა, შავი ზღვის რეგიონში არსებული ჰიბრიდული გამოწვევები, ანტიდასავლური პროპაგანდა და მასთან ბრძოლის პროცესში ინფორმაციისა და განათლების როლის მნიშვნელობა - ეს გახლავთ ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც ორი დღის განმავლობაში ისაუბრებენ სამთავრობო სტრუქტურების, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან მოწვეული ექსპერტები“ - განაცხადა თამარა წულეისკირმა სახალხო დიპლომატიის ფორუმის გახსნაზე.

 

30-31 ოქტომბერს,  თბილისში, უკვე მეოთხედ ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი იმართება. ფორუმი სახალხო დიპლომატიასა და კომუნიკაციაზე მსჯელობის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს.

 

წლევანდელი ფორუმი მასპინძლობს მაღალი დონის ექსპერტებს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან, ესენია: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, ფინეთი.

 

ფორუმში, ასევე მონაწილეობენ სამთავრობო სტრუქტურების, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, კვლევითი და ანალიტიკური ინსტიტუტების წარმომადგენლები, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან მოწვეული ექსპერტები.

 

ფორუმით სრულდება საქართველოში მიმდინარე ნატოს დღეები, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, წელს უკვე მეთორმეტედ აღინიშნა.

 

ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ “საინფორმაციო ცენტრის ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ” ორგანიზებით, საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის, ნატო-ს სახალხო დიპლომატიის განყოფილებისა და საქართველოში პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით იმართება.

 

30-10-2019