საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
პროფ. ბიოლას სამუშაო შეხვედრა სამთავრობო კომუნიკატორებისთვის

31.10.19 - თბილისი

ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში სახელმწიფო უწყებების სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტების თანამშრომლებისთვის ოქსფორდის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორთან, სამხრეთ კალიფორნიის სახალხო დიპლომატიის ცენტრის მკვლევართან კორნელი ბიოლასთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.


შეხვედრაზე პროფესორმა ბიოლამ ისაუბრა თემაზე: „ციფრული დიპლომატიისა და სტრატეგიული კომუნიკაციის თანხვედრა: შესაძლებლობები და გამოწვევები“ და მონაწილეებს ამ მიმართულებით თანამედროვე პრაქტიკა, უახლესი მიდგომები და თავისი გამოცდილება გაუზიარა.

 

პროფესორმა ყურადღება გაამახვილა სტრატეგიული კომუნიკაციის ძირითად საკითხებზე, სოციალურ მედიაში გზავნილების სწორად მიწოდების, მათი აქტუალობისა თუ ნარატივის შერჩევისა და მონიტორინგის ინსტრუმენტების გამოყენების მნიშვნელობაზე.

 

აქტიური დისკუსია გაიმართა დეზინფორმაციის საერთაშორისო და ადგილობრივ მაგალითებზე, მასთან გამკლავების მეთოდებსა და პრევენციაზე.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ სამთავრობო სტრუქტურების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.


ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ “საინფორმაციო ცენტრის ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ” ორგანიზებით, საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის, ნატო-ს სახალხო დიპლომატიის განყოფილებისა და საქართველოში პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.

 

2019 წლის ნატოს დღეები ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ორდღიანი ფორუმით დასრულდა.

 

02-11-2019