საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ამბროლაურის საჯარო ბიბლიოთეკაში ნატოს საინფორმაციო კუთხე გაიხსნა

24.10.19.- ამბროლაური

ამბროლაურის საჯარო ბიბლიოთეკაში საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ნატოს დღეები 2019-ის ფარგლებში  საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საჯარო შეხვედრა გაიმართა.

 

სკოლის მოსწავლეებსა, ამბროლაურის საჯარო და საბავშვო ბიბლიოთეკის თანამშრომლებსა და სხვა დაინტერესებული პირებთან შეხვედრაზე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ  ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის დაარსების, მიზნებისა და პრინციპების შესახებ ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე.  შეხვედრის დასასრულს ამბროლაურის საჯარო ბიბლიოთეკაში ნატოს საინფორმაციო კუთხე გაიხსნა. მონაწილეებს საინფორმაციო მასალასთან ერთად სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ.

 

ნატოს დღეები საქართველოში მეთორმეტედ იმართება. ნატოს დღეების მიზანია საქართველოს მოქალაქეების გაცნობიერებული მხარდაჭერის ხელშეწყობა და ინფორმირებულობის გაზრდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმების, პერსპექტივების და გამოწვევების შესახებ. საქართველოს ნატოში გაწევრების შესახებ საზოგადოებასთან დიალოგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიმდინარე ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე.

მიმდინარე წელს, ნატოს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით არაერთი ღონისძიება გაიმართება. კერძოდ, ქვეყნის 10 რეგიონში, ნატოს დღეების ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, პედაგოგებთან, საჯარო მოხელეებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლების მოსახლეობასთან, მედიასთან, და ა.შ.

 

ნატოს დღეები საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში პოლონეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.

24-10-2019