საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროინტეგრაციის საკითხებზე ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეხვედრა გაიმართა

12.11.19 - ქვემო სვანეთი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით საკრებულოს წევრებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ და მოწვეულმა ექსპერტმა გიორგი ჩიტაძემ  ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ასოცირების ხელშეკრულება, საქართველოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA), საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობები და ამ მიმართულებით არსებული მიღწევები და გამოწვევები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. მონაწილეები დაინტერესდნენ რა პროდუქტი გადის ევროკავშირში საქართველოდან და რა პერსპექტივები აქვთ რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს საკუთარი პროდუქციის ექსპორტისთვის.

 

შეხვედრაზე,  ასევე, ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაციისთვის მიმდინარე პროექტის შედეგებსა და მნიშვნელობაზე.

 

პროექტი “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა   რეგიონებში” საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ  საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

 

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ ანტიდასავლური  პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ   საქართველოს   მოსახლეობის   სწორად   ინფორმირებულობისა   და   ქვეყნის ევროპული   და   ევრო-ატლანტიკური   ინტეგრაციის   პროცესების შესახებ ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო.

12-11-2019