საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე მახინჯაურის პირველ საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა

26.11.19 - დაბა მახინჯაური

საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის  დაბა მახინჯაურში,  რეგიონალურმა წარმომადგენელმა    აჭარაში,  ირმა გაბინაშვილმა  მახინჯაურის პირველი საჯარო სკოლის ადმინისტრაციასთან,  პედაგოგებსა და ადგილობრივ მოსახლეობასთან  საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

 

მომხსენებელმა მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ევროკავშირსა და ნატოსთან თანამშრომლობის შედეგად მიღებული სარგებელის, ახალი შესაძლებლობებისა და ევროკავშირთან  ინტეგრაციის პროცესში გატარებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ.  მსმენელები დაინტერესდნენ,  ევროკავშირის პროექტების განხორციელების ფარგლებში რა კონკრეტულ სარგებელს მიიღებს  საქართველოს თითოეული მოქალაქე, მათ შორის, ახალგაზრდები და რამდენად ხელმისაწვდომია ინფორმაცია ამ პროგრამების შესახებ მოსახლეობისთვის.

 

ასევე, საუბარი შეეხო საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდას  და მათგან მომდინარე საფრთხეებს. შეხვედრის მონაწილეებმა  ისაუბრეს აგრეთვე  იმ სტერეოტიპებზე, რომლებიც  საინფორმაციო საშუალებებით, განსაკუთრებით კი- სოციალური ქსელებით ვრცელდება.

 

შეხვედრაზე    საუბარი შეეხო  აგრეთვე   უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობას და სიკეთეებს ასევე, ამ პროცესში გამოვლენილ დარღვევებსა და და მათ პრევენციას.      შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.

 

პროექტი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

26-11-2019