საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ბათუმში შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

03.12.2019 ბათუმი

3 დეკემბერს,  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,  სგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ რეგიონალურმა წარმომადგენელმა  აჭარაში ირმა გაბინაშვილმა მონაწილეობა მიიღო  ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში გამართულ  ღონისძიებაში  „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“.

 

ღონისძიებაში ჩართულ  აჭარის  რეგიონის აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად,  საინფორმაციო  ცენტრის წარმომადგენელმა   ისაუბრა  ევროკავშირის მიერ    ადამიანის უფლებების დაცვისა და თანასწორობის პრინციპების მხარდაჭერაზე,   საზოგადოების ყველა სფეროში   შშმ პირთა უფლებებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობაზე  და  ასევე,   მათი საჭიროებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ქვეყნის  პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების ყველა ასპექტში.

 

ირმა გაბინაშვილმა, აუდიტორიას   შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ჩართულობით საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ   განხორციელებულ  სხვადასხვა პროექტზეც ესაუბრა, მათ შორის,   სამეცნიერო კონფერენციაზე  “ევროკავშირის მიდგომები შშმპ პირთა საკითხებისადმი“, რომელიც ცენტრის  აჭარის ბიურომ,    ა(ა)იპ  „შ.შ.მ პირთა უფლებებისათვის“  ორგანიზაციასთან  თანამშრომლობით,  გასულ წელს,  ბათუმის სახელმწიფო  უნივერსიტეტში მოაწყო.   საუბრის დასასრულს,  ცენტრის წარმომადგენელმა  საჯარო ბიბლიოთეკას  სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის ბრაილის შრიფტით  მომზადებული   საინფორმაციო გამოცემა  „ათი მითი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესახებ“  გადასცა და სამომავლოდ,  ამ მიმართულებით  ერთობლივი  საქმიანობის გააქტიურებაზეც ისაუბრა.

შეხვედრაზე  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის მხარდამჭერი პროგრამები და ინიციატივები გააცნეს საზოგადოებას აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ ბადრი ნაკაშიძემ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ, ქალაქ ბათუმის მერის მოადგილემ ლელა სურმანიძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ილია ვერძაძემ,  ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა, ინგა გოგიბერიძემ.

ა(ა)იპ შ.შ.მ პირთა უფლებებისათვის დამფუძნებელმა,   თამაზ მჟავანაძემ  საზოგადოებას  მისი პირადი გამოცდილება  გააცნო შეზღუდული შესაძლებლობების პირობებში  და ისაუბრა  როგორც ცხოვრებისეულ მნიშვნელოვან მიღწევებზე, ასევე - ურთულეს გამოწვევებზე;   აღნიშნა, რომ   ასეთი საჯარო შეხვედრების და ლექციების  მიზანი, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენაა.  სწორედ ამიტომ, დიდი მნიშვენელობა აქვს საზოგადოების თითოეული წევრის ცნობიერების ამაღლებას და სოლიდარობას განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა მიმართ.

03-12-2019