საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ბათუმის უმაღლეს საზღვაო საინჟინრო სასწავლებელში შავი ზღვის უსაფრთოხების საკითხები განიხილეს

10.12.2019 - ბათუმი

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებლის „ანრის“ სტუდენტებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის რეგიონალური წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი შეხვდა. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სტუდენტებთან ნატო-საქართველოს პარტნიორობასა და ამ პროცესის უმნიშვნელოვანესი კომპონენტის - შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა. მომავალმა საზღვაო ინჟინრებმა იმ უპირატესობების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომლებიც ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება. საუბარი შეეხო ნატო-ს დღის წესრიგში  შავი ზღვის თემის  გააქტიურების  საკითხს და საქართველო-ნატოს  საზღვაო ძალების ერთობლივი  წვრთნებს, მათ  მიზნებს და შედეგებს, საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აუდიტორიას საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობების ისტორია და განვითარების ეტაპები გააცნო. ისაუბრა იმ გამოწვევებზეც, რომლებიც ამ პროცესში არსებობს, მათ შორის ანტი-დასავლურ პროპაგანდაზე.

ახალგაზრდებმა მოისმინეს ინფორმაცია ევროკავშირის მიერ დაფინასებული საგანმანათლებლო პროგრამა ERASMUS + მათთვის გახსნილ უამრავ შესაძლებლობაზე, გაიგეს უფრო მეტი  ქვეყნის სხვადასხვა სფეროს განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამა  ENPARD-ის შესახებ, დასახელდა ის მითებიც, რომლებიც აქტიურად ვრცელდება საზოგადოებაში სხვადასხვა საინფორმაციო არხის საშუალებით.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა რომ საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მზარდი დეზინფორმაციის პირობებში და აუცილებელია, ახალგაზრდობა იცნობდეს მასთან გამკლავების ეფექტურ გზებსა და მეთოდებს. საუბარი შეეხო აგრეთვე,  უვიზო მიმოსვლას და  ამ პროცესში არსებულ გამოწვევებს.  აღინიშნა, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შედეგად საქართველოს მოქალაქეებისთვის გახსნილი  შესაძლებლობა  არის დიდი მონაპოვარი, რომელსაც დაცვა და შენარჩუნება ჭირდება.

 

მიმდინარე წელს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიურო რეგიონის მასშტაბით მოქმედ  ყველა  უმაღლეს სასწავლებელთან მჭიდრო კომუნიკაციის რეჟიმში გადავიდა და სამომავლოდ, სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტის ილია ნიქაბაძის ინიციატივით, ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებლის „ანრის“   ბაზაზეც განახორციელებს ერთობლივ პროექტებს. 

10-12-2019