საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
თამარა წულეისკირმა ელჩების კონფერენცია 2019-ის ფარგლებში საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაზე ისაუბრა

20.12.2019 - თბილისი 

ელჩების კონფერენცია 2019-ის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე - „კომუნიკაცია და ინფორმირებულობის გაზრდა“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა და ცენტრის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

თამარა წულეისკირმა დეტალურად ისაუბრა იმ აქტივობებსა და ძირითად პროექტებზე, რომელიც წლის მანძილზე ხორციელდება და ყურადღება გაამახვილა დეზინფორმაციის მიმართ საქართველოს მოსახლეობის მედეგობის გაძლიერებისთვის მიმართულ ღონისძიებებზე.

„ჩვენი მიზანია თვისობრივად ახალ დონეზე ავიყვანოთ კომუნიკაციის პროცესი. გეგმის ფორმატი გაფართოვდება და დაემატება შედეგები და ინდიკატორები, რაც გეგმის შესრულების ეფექტიანი მონიტორინგისა და შესაბამისი აქტივობის განხორციელების, პროგრესის შეფასების შესაძლებლობას მოგვცემს“, - განაცხადა თამარა წულეისკირმა. მისივე ინფორმაციით, მუშავდება კომუნიკაციის ახალი სტრატეგია, რომელიც ორიენტირებულია სამიზნე ჯგუფებთან კომუნიკაციის უფრო გამარტივებისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის გაუმჯობესებისკენ.

აღსანიშნავია რომ 2019 წელს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და მონაწილეობით საქართველოს მოსახლეობასთან გაიმართა 685 შეხვედრა, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.

20-12-2019