საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ღონისძიება „ერთად უკეთესია“

29.12.19 - ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს  სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“  რეგიონულმა წარმომადგენელმა აჭარაში, ირმა გაბინაშვილმა, პროექტის „ერთად უკეთესია“ შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე სკოლის „ევრო 2000“ მოსწავლეებმა წარმოადგინეს ევროკავშირის ფუნქციონირების საკითხებზე მომზადებული  პრეზენტაცია.

 

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა, ირმა გაბინაშვილმა, მსმენელებს საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ასოცირების ხელშეკრულებასა და უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებზე მიაწოდა ინფორმაცია და  ევროინტეგრაციის საკითხებზე მომზადებული შეკითხვებისა და  სახალისო ვიქტორინით, საინფორმაციო ცენტრის სპეციალური პრიზებიც  გაათამაშა.  

 

ღონისძიების დასასრულს,  ბათუმის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის  ხელმძღვანელმა  მაია ქათამაძემ კამპანიის „აირჩიე შენი მოხალისე“ ფარგლებში გამარჯვებულები დააჯილდოვა და საპატიო სიგელი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელსაც  გადასცა.  

 

პროექტი „ერთად უკეთესია“ ევროკავშირის მხარდაჭერით BEDEC-ბათუმის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრმა   განახორციელა.  პროექტის ფარგლებში,  რეგიონის მასშტაბით  ეტაპობრივად  ეწყობოდა  შეხვედრები,  სხვადასხვა ტიპის აქტივობები, მათ შორის, ახალგაზრდული ფორუმი, რომელშიც  მოსწავლეების ნაწილმა ევროინტეგრაციის საკითხებზე  მოამზადეს პრეზენტაციები.  პროექტის  მსვლელობაში  ჩართულნი იყვნენ  აჭარის რეგიონში მომუშავე საჯარო, სამოქალაქო  და კერძო  სექტორის წარმომადგენელები, დარგის სპეციალისტები და კონსულტანტები.  პროექტი აჭარის რეგიონის მოსწავლე- ახალგაზრდებში  სამოქალაქო აქტივიზმისა და ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.

29-12-2019