საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
ევროკავშირს ყოველწლიურად ნახევარი მილიარდი ევროს ღირებულების თაფლი იმპორტზე შეაქვს

ევროკავშირი მსოფლიოში თაფლის ყველაზე დიდი იმპორტიორია. როგორც ევროკომისიის პრეზენტაციაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი ჩინეთის შემდეგ პლანეტაზე თაფლს ყველაზე დიდი რაოდენობით აწარმოებს - 250 ათას ტონას წელიწადში - საკუთარი მოთხოვნის მხოლოდ 60%-ს აკმაყოფილებს, დანარჩენი კი - სხვა ქვეყნებიდან შეაქვს. თაფლის იმპორტის მოცულობა ევროკავშირში 2015 წელს 198 ათასი ტონა შეადგინა (498 მილიონი ევრო).

 

თაფლის დანაკლისს ევროპა, ძირითადად, ჩინეთის ხარჯზე ივსებს, რომელზეც იმპორტის 50% მოდის (98 ათასი ტონა). მეორე ადგილზე იმპორტიორ ქვეყნებს შორის მექსიკაა (26 ათასი ტონა), ხოლო მესამეზე - უკრაინა (21 ათასი ტონა). არგენტინასა და ჩილეს ევროკავშირში, დაახლოებით, 10-10 ათასი ტონა თაფლი შეაქვთ.

 

წევრ-ქვეყნებს შორის თაფლი ყველაზე დიდი მოცულობით გერმანიაში შედის (60 ათას ტონაზე მეტი), მეორე ადგილზე დიდი ბრიტანეთია (36 ათასი ტონა), მესამეზე - ბელგია (30 ათასი ტონა), მეოთხეზე კი - ესპანეთი (20 ათას ტონაზე მეტი). ამ ქვეყნებში თაფლის იმპორტი 2011 წლიდან განუხრელად იზრდება.

 

1 კგ მულტიფლორული თაფლის საშუალო საბითუმო ფასი ევროკავშირში 5,76 ევროა. ქვეყნების მიხედვით, თაფლი ყველაზე ძვირი მალტაშია (1 კგ/15 ევრო), მას მოსდევს დიდი ბრიტანეთი (10 ევრო), ირლანდია, ბელგია, ჩეხეთი (დაახლოებით, 7 ევრო), ყველაზე დაბალი კი - უნგრეთსა და პოლონეთშია (2-2 ევრო).

 

რაც შეეხება საშუალო ფასს იმპორტიორი ქვეყნების მიხედვით, 1 კგ თაფლი ჩინეთიდან საშუალოდ 1.64 ევრო ღირს,  მექსიკიდან - 3.25 ევრო, უკრაინიდან - 2.16 ევრო, არგენტინიდან - 3.24 ევრო, ხოლო ჩილედან - 3.72 ევრო. ყველაზე მაღალი ფასი - 1 კგ/16.14 ევრო დაფიქსირდა ახალზელანდიურ თაფლზე (2015 წლის მონაცემები).

 

თაფლის ყველაზე მსხვილი მწარმოებლები ევროკავშირში არიან: რუმინეთი (35 ათასი ტონა), ესპანეთი (32 ათასი ტონა) და უნგრეთი (31 ათასი ტონა).

 

იმპორტიორებს შორის პირველ ადგილზე ევროკავშირის შემდეგ მსოფლიიში აშშ -ია -  175 ათასი ტონა (546 მილიონი ევრო) და იაპონია - 36 ათასი ტონა (106 მილიონი ევრო).

 

აღსანიშნავია, რომ თაფლის წარმოების წასახალისებლად მეფუტკრეებისთვის ევროკავშირი ყოველწლიურად 33 მილიონ ევროს გამოყოფს, დაფინანსების წყალობით, 2013 -2015 წლებში სკების რაოდენობა 12%-ით გაიზარდა და 15,7 მილიონ ერთეულს მიაღწია. ევროპელ მეფუტკრეთა 98%-ს მცირე ფერმერები შეადგენენ, რომელთა მფლობელობაში 150 სკაა.

თაფლი მატყლთან ერთად პირველი ცხოველური წარმოშობის პროდუქტია, რომელიც ევროკავშირმა საქართველოდან თავის ბაზარზე დაუშვა. ქართული თაფლი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში ევროპაში საბაჟო გადასახადის გარეშე შევა.

 

 

წყარო

17-01-2017