საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
‘საზოგადოებაში დაბრუნება’ - ევროკავშირი ახალი პროექტების განხორციელებას იწყებს

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, პრობაციის ეროვნული სააგენტო, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები ოფიციალურად იწყებენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ექვსი პროექტის განხორციელებას, რომელიც ხელს უწყობს კანონთან კონფლიქტის რისკის ქვეშ მყოფი პირების საზოგადოებაში რეინტეგრაციას.

 

უკვე რამდენიმე წელია ევროკავშირი მნიშვნელოვან და მრავალფეროვან დახმარებას უწევს საქართველოს პენიტენციალურ და პრობაციის დაწესებულებებს, როგორც საბიუჯეტო მხარდაჭერის, ასევე ტექნიკური ექსპერტიზის სახით, ხოლო საერთაშორისო და სამოქალაქო ორგანიზაციებს, საგრანტო დაფინანსებას სთავაზობს.

 

ამ მიმართულებით ევროკავშირი უკვე არაერთი ორგანიზაციის დონორი გახდა, რომელთა პროექტებიც მიმართული იყო პატიმრების, ყოფილი პატიმრების, პირობით მსჯავრდებულებისა თუ კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისა თუ მოზარდების რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციისაკენ.

 

ხუთშაბათს კიდევ ექვსი პროექტი ამოქმედდა, რათა ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 11 მილიონი ლარის ოდენობის საერთო ბიუჯეტით უფრო მეტი მომსახურება გაუწიონ აღნიშნულ ადამიანებს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დახმარებით.

 

ახალი პროექტები ძირითადად გააუმჯობესებს პროფესიული განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობებს სამიზნე ჯგუფებისათვის (4 პროექტი), გაუწევს ფსიქო-სოციალურ და სამედიცინო დახმარებას (1 პროექტი), და დანაშაულის პრევენციის ინტერვენციებს განახორციელებს ბავშვებისა და არასრულწლოვანთათვის (1 პროექტი).

ყველა პროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს სოციალურად დაუცველ ჯგუფებს, სახვადასხვა რეგიონებსა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.  

პროექტებს განახორციელებენ შემდეგი ორგანიზაციები: სამოქალაქო განვითარების სააგენტო, საინფორმაციო სამედიცინო - ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“,  წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალურ და სამედიცინო  რეაბილიტაციის ცენტრს, დემოკრატიის ინსტიტუტი,  საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი,  ჰილსვერკ ავსტრია ინტერნაშიონალი.

 

პროექტები ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ჩარჩო თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც EU4Justice (“ევროკავშირი სამართლისათვის) პროგრამის სახელითაა ცნობილი. ამ პროგრამისათვის ევროკავშირმა 2015 წელს 50 მილიონი ევრო (დაახლ. 145 მილიონი ლარი) გამოჰყო. ექვსივე ინიციატივა პასუხობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნას, რომელიც ეხება “სისხლისსამართლებრივი მიმართულებით რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პოლიტიკის განხორციელების გაგრძელებას; არასაპატიმრო სასჯელების, სათემო წესრიგის გამოყენების ხელშეწყობას, პირობით მსჯავრის მეტად გამოყენებას, ადრეულ გათავისუფლებას შეწყალებით, გამოსწორებითი ზემოქმედების ალტერნატიული სახეობებისა და მედიაციის გამოყენებას.”

 

წყარო

31-01-2017