საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
DCFTA-ის პირდაპირი ეფექტები ევროკავშირის ქვეყნებში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდაში გამოვლინდა

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ამოქმედებინდან 2 წელზე მეტი გავიდა. საინტერესოა შევაფასოთ თუ რა შედეგი მოგვცა და რა გავლენა იქონია აღნიშნულმა შეთანხმებამ იმ ექსპორტიორებზე, რომლებთაც 2014 წლამდე გაჰქონდათ თავიანთი პროდუქტი ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით.
DCFTA-ის ეფექტების შეფასება უფრო რეალური იქნება იმ პროდუქტების მაგალითზე, რომლებიც არ სარგებლობდა GSP+ით, თუმცა შეტანილია DCFTA-ით განსაზღვრულ პროდუტების ჩამონათვალში. ამ მხრივ, შეფასება შეგვიძლია ღვინის მაგალითზე, რადგან ღვინოზე GSP-ის შეღავათიანი ტარიფი მართალია ვრცელდებოდა, თუმცა მასზე დაწესებული იყო ლიმიტი (1მლნ ბოთლი წელიწადში) და ამის შემდეგ ჩვეულებრივი საიმპორტო ტარიფი მოქმედებდა. პირდაპირი ფინანსური ეფექტები გამოვლინდა ღვინის ექსპორტიორი კომპანიის გაყიდვების ზრდაში, რადგან ნულოვანი ტარიფის ამოქმედების შედეგად გაიზარდა მოთხოვნა ქართულ ღვინოზე. ქართული ღვინის ექსპორტის ზრდა ფიქსირდება ყველა მიმართულებით: ევროკავშირის ქვეყნების, პოსტსაბჭოთა ქვეყნებისა და ჩინეთის ბაზრებზე. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცით, 2016 წლის მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 113.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 16%-ით მეტია 2015 წლის მაჩვენებელზე. ხოლო, ღვინის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 2016 წელს წინა წელთან შედარებით 17%-ით გაიზარდა. ევროკავშირში ძირითადი საექსპორტო ბაზრებია პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები.
Mgeorgia-ს მფლობელობაში არსებული ღვინის ექსპორტიორი კომპანიების, “შატო მუხრანისა”, და “ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიის” ექსპორტის მენეჯერმა გიორგი თეიმურაზიშვილმა eugeorgia.info-სთან საუბარში ხაზი გაუსვა ევროკავშირის ქვეყნებთან ვაჭრობის ზრდის ტენდენციას, რაც, მისი თქმით, DCFTA-ის ხელშეკრულების ამოქმედების პირდაპირი ეფექტია:
 
“ჩვენ გვაქვს დადებითი გაყიდვების დინამიკა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართულებით, რაც დროში ემთხვევა ზუსტად DCFTA-ს ამოქმედებას. ყველაზე დიდი პრობლემა რაც ქართულ ღვინოს ჰქონდა და აქვს კიდევ არის დაბალი ცნობადობა, თუმცა, ტენდენცია ამ მხრივაც საკმაოდ პოზიტიურია და ეს აისახება ჩვენს გაყიდვებშიც. რაც შეეხება ტექნიკურ ბარიერებს, არსებობდა იმპორტის გადასახადი, ჩვეულებრივად იბეგრებოდა ქართული ღვინო ევროკავშირის ქვეყნებში შესვლისას, რაც მოიხსნა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ”- აღნიშნა გიორგი თეიმურაზიშვილმა.
 
გიორგი თეიმურაზიშვილის თქმით, გაყიდვებში უდიდესი წილი კვლავ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს უჭირავს, თუმცა, კომპანიის პოლიტიკაა ბაზრების დივერსიფიცირება და 2014 წლამდეც და ახლა კიდევ უფრო მეტად, მათთვის სწორედ ევროკავშირის ბაზარი არის საინტერესო. კომპანია ევროკავშირში ექსპორტს ახორციელებს ძირითადად პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ასევე დიდი ბრიტანეთის, ჰოლანდიის და გერმანიის ბაზრებზე:
 
“გაყიდვების დიდი ნაწილი ამჟამად მოდის ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებზე, რომელიც ითვლება ქართული ღვინის ტრადიციულ ბაზრად. ამავდროულად არის მზარდი ტენდენცია აზიის ბარზრებზეც როგორციაა ჩინეთი და იაპონია და ასევე ევროპის ბაზრები. ევროკავშირის ბაზრების წილი ჩვენ გაყიდვებში არ არის დიდი, თუმცა შეინიშნება მზარდი ტენდენცია”- აღნიშნა გიორგი თეიმურაზიშვილმა.
 
ზოგადად, DCFTA-ის შედეგების შეფასებისას შეგვიძლია გავაანალიზოთ ევროკავშირთან ვაჭრობის სტატისტკა. „ღია საზოგადოება-საქართველოს“ პროექტის „ცნობიერების ამაღლება და მხარდაჭერის გაზრდა ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოში“ ფარგლებში შემუშავებულ პოლიტიკის დოკუმენტში “ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება - რისკები და შესაძლებლობები საქართველოსთვის”, რომელიც 2016 წლის ივნისის თვეში გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ DCFTA-ის ამოქმედებიდან ერთი წლის თავზე რაიმე მნიშვნელოვანი გარღვევა არ მომხდარა, რაც არც იყო მოულოდნელი, რადგან ქართული პროდუქტების უმეტესობას ისედაც ფარავდა GSP+. თუმცა, ევროკავშირთან ვაჭრობა მზარდი ტენდენციით ხასიათდება, რაც მნიშვნელოვანწილად საბაჟო ბარიერების მოხსნის დამსახურებაა. 2015 წელს საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 4%-ით გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი ექსპორტი საქართველოდან დანარჩენ მსოფლიოში შემცირდა 22%-ით. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით 2016 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 3601 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 571 მლნ. აშშ დოლარი იყო (12 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 3030 მლნ. აშშ დოლარი (20 პროცენტით მეტი). როგორც ვხედავთ, არსებული მონაცემები განსხვავდება 2012 წლის “ვაჭრობის მდგრადობაზე ზემოქმედების შეფასების” საბოლოო ანგარიშში დასახელებული საპროგნოზო მაჩვენებლებისგან, რომლის მიხედვითაც, მოკლევადიან პერიოდში საქართველოდან ექსპორტის მოცულობა უნდა გაზრდილიყო 9%-ით, ხოლო იმპორტის ზრდა 4,4%-ით იყო ნავარაუდევი.
აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აღნიშნული პროგნოზი არ ითვალისწინებდა მაკროეკონომიკური ინდიკატორების ცვლილებას, რაც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორი გახდა როგორც ექსპორტის, ისე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდისათვის. ეს ფაქტორებია ეროვნეული ვალუტის კურსის რყევები და ზოგადად რეგიონში არსებული კრიზისი, ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, არსებული მდგომარეობა. თუ განვიხილავთ მხოლოდ აგრო-სასურსათო პროდუქტებით საგარეო ვაჭრობას, ექსპორტის მოცულობა 2016 წელს 220 მლნ აშშ დოლარი შეადგინა რაც წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელს 5,8%-ით აღემატება. რაც შეეხება იმპორტის მოცულობას, 2016 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 222 მლნ აშშ დოლარის ღირებულების სოფლის მეუნრეობის პროდუქტების იმპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 9%-ით ნაკლებია.
იმ პროდუქტების ექსპორტიორ კომპანიებზე, რომლებზეც ვცრელდებოდა GSP+ის შეღავათიანი  ტარიფები პირდაპირი ფინანსური ეფექტები DCFTA-ს არ გამოუვლენია. თუმცა, ამ პროდუქტებზე შეგვიძლია შევაფასოთ ხარისხობრივი მაჩვენებლები, კერძოდ ექსპორტიორები ასახელებენ DCFTA-ს იმ არაპირდაპირ შედეგებს, რითიც ქართული პროდუქტი დაუახლოვდა უცხოურ ანალოგს ხარისხითა და ფასით.
ამ მხრივ აღსანიშნავია თხილის სექტორი, როგორც ერთ-ერთი წარმატებული საექსპროტო მიმართულება. 2015 წლის მონაცემებით, თხილი ევროკავშირში ექსპორტირებულ პროდუქტებს შორის მეორე ადგილს იკავებს, მთლიან ექსპორტში 23%-იანი წილით. DCFTA-ის არაპირდაპირი ეფექტები გამოიხატება ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში, რომელმაც გაზარდა ქართული თხილის ფასი და დაუახლოვა თურქულის ფასს.
თხილის ექსპორტიორი კომპანიების, ნათსჯისა და ნათექსის მარკეტინგის მენეჯერმა თეა კუხალაშვილმა eugeorgia.info-სთან აღნიშნა, რომ გაუმჯობესება შეინიშნება როგორც ხარისხის ისე ფასის მიმართულებით:
“ყველამ გაიცნო ქართული თხილი, ქართველებმა ისწავლეს ხარისხის გარჩევა. მაგალითისთვის, თუ აქამდე გაუტეხავი თხილის ფასი მერყეობდა 5-დან 6 ლარამდე, წელს ფასები მერყეობდა 50 თეთრიდან 7 ლარამდე ხარისხის მიხედვით. ყველამ ისწავლა როგორ დაახარისხოს და როგორ მიიღოს კარგი ფასი თუ აქვს კარგი ხარისხის თხილი”- აღნიშნა თეა კუხალაშვილმა.
ორივე ქარხანა არასამთავრობო სექტორთან აქტიურად თანამშრომლობს, ტრენინგებსა და ფორუმებში იღებს მონაწილეობას და ახალი ბაზრების კვლევებსაც ახორციელებს. თეა კუხალაშვილის თქმით, DCFTA-ის დამსახურებაა ის, რომ მათ მიიღეს დაფინანსება EBRD-ისგან და REAP-ისგან, რომლის საშუალებითაც დანერგეს საერთაშორისო სტანდარტი BRC (BRC Global Standard for Food Safety), რომელიც არის ყველაზე მაღალი კვების პროდუქტების სტანდარტი საქართველოში. ევროკავშირში კლიენტი კომპანიები ითხოვენ მის დანერგვას, რადგან, თუ კომპანია არის ამ სტანდარტის მიხედვით BRC-ის სერტიფიცირებული, აუცილებელია რომ მომწოდებელიც იყოს ამ სტანდარტის მფლობელი.
 
“სანამ BRC FS-ს დავნერგავდით გვიწევდა ყოველ კვირა 15-16 გვერდიანი კითხვარების შევსება სურსათის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რადგან ჩვენი ყველა კლიენტი კომპანია არის BRC-ის სერტიფიცირებული.  BRC FS-ის დანერგვა დაგვიფინანსა REAP-მა. ასევე დავნერგეთ ხარისხის კონტროლის პროგრამა, რომელიც EBRD-მა დაგვიფინანსა. ეს პროგრამა სპეციალურად ჩვენი ქარხნისთვის დაიწერა, რომელიც აღრიცხავს და აკონტროლებს ყველა ნაბიჯს. სწორედ ეს იყო DCFTA-ის ეფექტი ჩვენს შემთხვევაში”- განაცხადა თეა კუხალაშვილმა.
 
GEONUTS-ის გენერალური მენეჯერის შალვა დვალაძის მოსაზრებით, სწორედ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფასი სავაჭრო სივრცის შეთანხმების შედეგია ის, რომ ქართული თხილის ფასი დაუახლოვდა თურქულს და რეალურად თანხა მიიღო გლეხმა:
 
“ექსპორტზე ჩვენ კონკურენცია უნდა გაგვეწია თურქული ფასისთვის, რისთვისაც იძულებულები ვიყავით რომ ფასი ყოფილიყო გაცილებით დაბალი. ახლა ეს სხვაობა შემცირდა და ეს ფული რაც ამ სხვაობაშია აღმოჩნდა უკვე გლეხის ხელში. სიკეთეები გამოვლინდა, თუმცა, მე ვფიქრობ, ამ სიკეთეების  რეალური შედეგი მას შემდეგ გამოჩნდება, როგორც კი დარეგულირდება ფასი, რომელიც უამრავ გარე ფაქტორზეა დამოკიდებული”- განაცხადა შალვა დვალაძემ.
 
შალვა დვალაძე აღნიშნავს, რომ თხილის ხარისხს ყოველთვის ითხოვდა იმპორტიორი. სწორედ ამიტომ ექსპორტიორისავე ინტერესშია მიაწოდოს რაც შეიძლება კარგი ხარისხის თხილი, რომ შეინარჩუნოს ურთიერთობა მყიდველთან და გაზარდოს ქართული თხილის ცნობადობა. რაც შეეხება ახალი ბაზრების კვლევას დვალაძე ამბობს, რომ კომპანია ენერგიულ მარკეტინგულ აქტივობებს ახორციელებს ამ მიმართულებით:
 
“ახალი ბაზრების ძებნა ისედაც სამუშაო პროცესია. ჩვენ ფართოდ ვიყენებთ “ედვერთაიზინგს”, როგორც ინფორმაციის მიწოდების საშუალებას, რომ გავაგებინოთ ჩვენი არსებობის შესახებ, რომ გვაქვს კარგი ხარისხის პროდუქცია. ჩვენ ამაში ყოველთვის ვდებდით ინვესტიციებს და მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით”- განაცხადა შალვა დვალაძემ.
 
ასევე საინტერესოა ვიზალიბერალიზაციის ეფექტების გაანალიზებაც, რომლის ამოქმედდება 29 მარტიდან იგეგმება. ბიზნესის წარმომადგენლები ერთმნიშვნელოვნად დადებითად აფასებენ უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას, ვინაიდან ეს გაამარტივებს საქმიან შეხვედრებს სხვადასხვა ქვეყნებში და ასევე საშუალებას მისცემს ბიზნესს პერსონალი გაუშვას სხვადასხვა ტრენინგებზე გამარტივებული პროცედურებით. ასევე ექსპორტორები აღნიშნავენ, რომ ვიზალიბერალიზაცია გაამარტივებს სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობასაც. გამოფენებში მონაწილეობა სახელდება ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად ქართული პროდუქტის პოპულარიზაციის ზრდის მიმართულებით.
“როდესაც გამარტივებულია ბიზნესურთიერთობები უფრო მეტი საშუალებები ჩნდება, რომ უფრო აქტიური და ინტენსიური იყოს ურთიერთობა. ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნა ზოგადად ყველა სფეროში, მათ შორის ჩვენთანაც ამარტივებს კომუნიკაციებს, რაც საბოლოო ჯამში, აისახება პროცესზე მთლიანად“- განაცხადა გიორგი თეიმურაზიშვილმა.
 
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ DCFTA-ის პირდაპირი ეფექტები ევროკავშირში ღვინის გაყიდვების ზრდაში გამოიხატა. თუმცა, ცნობადობის ამაღლების მიზნით მნიშვნელოვანია ქართველმა ექსპორტიორებმა განახორციელონ ინვესტიციები მარკეტინგისა და ბრენდინგის მიმართულებით. “ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება - რისკები და შესაძლებლობები საქართველოსთვის” პოლიტიკის დოკუმენტში მოცემული რეკომენდაციების მიხედვით, ექსპორტის წახალისების მიმართულებით საქართველოს შეუძლია გამოიყენოს ორი მიმართულება:
  1. ინვესტიცია ჩადოს არსებულ სექტორებში ან განავითაროს ახალი, ნიშური პროდუქტები, რომელთაც აქვთ საბაზრო პოტენციალი ევროკავშირიში. ამის მაგალითია კენკროვნები, კივი, ზოგიერთი ალკოჰოლური სასმელი(ქვევრის ღვინო ან ჭაჭა), ზეთისხილი და სხვ.

  2. გამოიყენოს როგორც DCFTA-ის სტატუსი, ისე კორუფციისგან თავისუფალი, უსაფრთხო და ეფექტიანი ბიზნეს-გარემო ექსპორტზე ორიენტირებულ მრეწველობებში უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, მნიშვნელოვანია საქართველო გახდეს საექსპორტო პლატფომა ისეთი ქვეყნებისათვის, რომელთაც არ აქვთ პირდაპირი, თავისუფალი წვდომა ევროკავშირის ბაზრებზე. ასეთი ქვეყნებია მაგალითად ჩინეთი, ირანი, აზერბაიჯანი. სწორედ ამ ქვეყნებიდან ინვესტიციების მოზიდვა უნდა იყოს სახელმწიფოს მთავარი ამოცანა ექსპორტის წახალისებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის მიმართულებით.

09-02-2017