საქართველო და ნატო
საინფორმაციო ცენტრი
აშშ-ს კონგრესის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში

აშშ-ის კონგრესის დელეგაციამ საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა.

 

აშშ-ის კონგრესი მზად არის, განაგრძოს საქართველოს აქტიური მხარდაჭერა, როგორც დემოკრატიის განვითარებისა და ინსტიტუციების გაძლიერების, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, - ამის შესახებ აშშ-ის კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადეს. დელეგაციის წევრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეული პროგრესი და რეფორმები, რომლებსაც ხელისუფლება ახორციელებს. შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა ორმხრივ ურთიერთობებსა და იმ მტკიცე პარტნიორობაზე, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს აკავშირებს.

 

აშშ-ის კონგრესის დელეგაცია, ასევე ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ეწვია. აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოს შეიარაღებული ძალებში მიმდინარე რეფორმირების პროცესისა და ამერიკულ მხესთან თავდაცვის სფეროში ერთობლივად განსახორციელებელი პროექტების შესახებ პირადად მიაწოდა ინფორმაცია. კონგრესმენებმა SNGP-ის პაკეტის იმპლემენტაციაზეც მოისმინეს პრეზენტაცია.

 

აშშ-ის კონგრესმენის პიტერ როსკამის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ღრმა და მნიშვნელოვანია. „გვსურს გამოვხატოთ ჩვენი აღრფთოვანება და პოზიტიური დამოკიდებულება საქართველოსა და მისი გადაწყვეტილების მიმართ საკუთარი ერთიანობისა და მთლიანობის საკითხში, ასევე მისი გადაწყვეტილების მიმართ იყოს წარმატებული და განვითარებული ქვეყანა. ჩვენ ვართ პარტნიორები და ამ ურთიერთობებს მომავალშიც გავაგრძელებთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობა აღნიშნულ რეგიონში, რადგან მის გარშემო ავტორიტარიზმი იზრდება და ქვეყნებზე ზეწოლა ხორციელდება. ჩვენი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანია შევიტყოთ უფრო მეტი იმ ახლო კავშირების და ურთიერთობის ხასიათის შესახებ, რაც არსებობს საქართველოსა და აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს შორის. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს წინსვლას  ნატოსთან ურთიერთობის ჭრილში და ასევე საკუთარი თავდაცვისუნარიანობის განვითარების კუთხით. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას  ავღანეთის მისიაში მონაწილეობისათვის. ჩვენ ვიცით თქვენი დანაკარგების და იმ ძალიხმევის შესახებ, რასაც ავღანეთში, შეერთებულ შტატებთან ერთად აკეთებთ“.

 

კონგრესმენ დევიდ პრაისის თქმით, შეერთებული შტატები მხარს უჭერს ქართველი ჯარისკაცების წვრთნას, აღჭურვას და საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარებას. „ მოხარულები ვართ რომ ვიმყოფებით საქართველოში. ეს ჩვენი მეექსვე ვიზიტია. ჩვენ ათწლიანი ურთიერთობა და პარტნიორობა გვაკავშირებს. ვმუშაობთ საქართველოს პარლამენტთან და მის წევრებთან. ხშირი არის ვიზიტები როგორც საქართველოში ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენთვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია მეგობრობის დამყარება. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესია, რომ საკანონმდებლო ინსტიტუტი გახდეს უფრო ეფექტური, რადგან ძლიერი პარლამენტი დემოკრატიის აუცილებელი კომპონენტია. კიდევ ერთხელ გვსურს ჩვენი პატივისცემა  გამოვხატოთ ქართველი ხალხის მიმართ, ავღანეთის მისიაში მონაწილეობისთვის. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ წვრთნების მისიას. ქართველი ჯარისკაცების წვრთნა, აღჭურვა  და შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარება მნიშვნელოვანია არამარტო საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის“.

 

ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი სტუმრები საქართველოს პრემიერ-მინისტრს,  გიორგი კვირიკაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ. კონგრესმენებს სამუშაო შეხვედრები ჰქონდათ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უშიშროების, საფინანსო-საბიუჯეტო და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტებთან. კონგრესმენებმა ასევე შეხვედრა გამართეს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან.

 

წყარო

წყარო

27-02-2017