საქართველო და ნატო
საინფორმაციო ცენტრი
საქართველოს ნატოს სამხედრო კომიტეტი ეწვია

საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ნატოს სამხედრო კომიტეტი ეწვია. ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლების ვიზიტს კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი პეტრ პაველი ხელმძღვანელობს. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს დელეგაცია საქართველოში უკვე მეორედ ჩამოდის. სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში ალიანსის მხრიდან მკაფიო გზავნილია, რომ მხარს უჭერს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას და მის მისწრაფებას ალიანსში გაწევრიანების გზაზე. ვიზიტი ნატო-საქართველოს ინტენსიური და წარმატებული თანამშრომლობის ნათელი დადასტურებაა. ის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა მხარეებმა სამხედრო საკითხებსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციის პროგრესზე იმსჯელონ და ადგილზე, უშუალოდ გაეცნონ ნატო-საქართველოს შორის არსებულ უმაღლესი დონის ურთიერთობებს.

 

გაიმართა სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელისა და კომიტეტის წარმომადგენლების შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ვიზიტი ნატოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC). სტუმრები ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის გადასროლისწინა სწავლების საჩვენებელ წვრთნას დაესწრნენ.

 

„ნატო საქართველოს გვერდით დგას და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს უკან წაიღოს ორი ქართული რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება და პატივი სცეს საქართველოს სუვერენულ საზღვრებს,“ - განაცხადა გენერალმა პეტრ პაველმა ჟურნალისტებთან და საქართველო ალიანსისთვის ღირებულ და სანდო პარტნიორად შეაფასა: „ნატოსთვის ღირებულია პარტნიორობა ყველა სახელმწიფოსთან, რომლებიც დემოკრატიული ღირებულებების განვითარებას და თანამშრომლობას ამჯობინებენ კონფრონტაციას. საქართველო კი, სწორედ ასეთი ღირებული პარტნიორია ნატოსთვის. ჩვენს შორის პარტნიორობა საერთაშორისო მისიებში კიდევ უფრო განმტკიცდა. ალიანსმა და საქართველომ ორივემ გაიღეს მსხვერპლი ამ ოპერაციებში. საქართველომ ნატოს მხარდამხარ ბრძოლისას ოცდაათზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. ოპერაციებში ერთობლივმა მოქმედებებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა საქართველოს, როგორც პარტნიორის საიმედოობა“.

 

ვიზიტის მეორე დღეს ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა ოფიციალურად გაიხსნება. სესიაზე რეგიონულ კონტექსტში საქართველოს უსაფრთხოების გარემოს, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოს აქტიური ჩართულობის, ოკუპირებული ტერიტორიების, თავდაცვის რეფორმები და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ოპტიმიზაციისა და ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილება.

 

დაგეგმილია ნატოს პირველი სამხედრო პირის, გენერალ პეტრ პაველის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან. ორდღიანი ვიზიტის დასასრულს, კომიტეტის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია მოინახულონ.


სამხედრო კომიტეტი ნატოს უმაღლესი და მუდმივმოქმედი სამხედრო ორგანოა. მისი ძირითადი ფუნქციაა ალიანსის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს - ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოსა და ბირთვული დაგეგმარების ჯგუფს სამხედრო რეკომენდაციები წარუდგინოს.

 

ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტამდე, გასულ წელს საქართველოში რამდენიმე მაღალი დონის ღონისძიება ჩატარდა, მათ შორის, სექტემბერში ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი და ნატო-საქართველოს რიგით მეორე წარმატებული სწავლება ოქტომბერში. ახლახანს კი, თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც მინისტრებმა რეგიონალური უსაფრთხოების სიტუაციასა და შავი ზღვის აუზში გაზრდილი ძალისხმევის შესახებ იმსჯელეს. გარდა ამისა, 2017 წლის მაისში საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლებს.

03-03-2017