საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
"საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა, იზიარებს ევროპულ ღირებულებებს", - გიორგი კვირიკაშვილი

"საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა, იზიარებს ევროპულ ღირებულებებს. ჩვენ გვესმის, თუ რას ნიშნავს ევროპული იდეების ერთგულება და ჩვენ მზად ვართ, შევიტანოთ ჩვენი წვლილი ევროპაში სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საერთო საქმეში. აი, ასეთ ევროპას ვხედავთ ჩვენ, რომლის დასაცავად ძალ-ღონეს არ დავიშურებთ: თავისუფალი, ტოლერანტული და მოქალაქეებზე ორიენტირებული ევროპა; თავდაჯერებული და, ამავდროულად, თავმდაბალი ევროპა; ევროპა კედლებისა და

ბარიერების გარეშე; ევროპა, რომელიც ზრუნავს თავის უსაფრთხოებაზე, რათა ხელი შეუწყოს სხვათა მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიება განაცხადა.

 

ღონისძიებას ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი  იოჰანეს ჰანიც დაესწრო, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის კუთხით მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. ევროკომისარის თქმით, საქართველომ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გაწია ევროინტეგრაციის გზაზე და მიაღწია წარმატებას ვიზალიბერალიზაციის პროცესში.

 

"საქართველოს მოქალაქეებს მიეცათ შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობის უფლება. კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს ამ მიღწევას, რომელიც არის მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგი. ევროკომისია მხარში ედგა საქართველოს ამ პროცესში. ისინი ერთად მართავდნენ ამ გემს ევროპარლამენტისა და საბჭოს დინებაში. ამ პროცესში ქარიშხალი ნაკლებად იყო, თუმცა საკმარისად იყო მღელვარება. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ წარმატებით შევიყვანეთ ჩვენი გემი წყნარ ნავთსაყუდელში,"-განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

 

ევროკომისარის განმარტებით, დაგეგმილია ასოცირების დღის წესრიგის განახლება, რომლის მიხედვით წარიმართება მომავალი თანამშრომლობა.  სიტყვით გამოსვლისას იოჰანეს ჰანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თბილისში ევროპული სკოლის დაარსების მნიშვნელობას. მისი თქმით, სკოლა 2018 წლის შემოდგომაზე გაიხსნება.

 

ევროპის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღების შესახებ ვრცლად იხილეთ:

06-05-2017