საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
რა არის ევროკავშირი?

ევროკავშირი 28 დემოკრატიული სახელმწიფოს უნიკალური პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფლების უზრუნველყოფას მისი 500 მილიონზე მეტი მოქალაქისთვის, უფრო სამართლიან და უსაფრთხო სამყაროში.

ევროკავშირის გაფართოება

 

მას შემდეგ, რაც 1951 წელს  ჟან მონეს იდეის საფუძველზე, ევროპის ექვსმა ქვეყანამ  -  საფრანგეთმა, დასავლეთ გერმანიამ, ბელგიამ, ლუქსემბურგმა, იტალიამ და ნიდერლანდებმა   ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანებას მოაწერეს ხელი, გაერთიანებამ გაფართოების 7  ტალღა გაიარა. ეს პროცესი მეტად საინტერესო იყო, რადგან ცივი ომისა და საბჭოთა კავშირის დაშლის ფონზე მიმდინარეობდა.

 

პირველი გაფართოება - დიდი ბრიტანეთი, დანია, ირლანდია

 

1960-74 წლებში დასავლეთ ევროპაში ეკონომიკური აღმავლობის პერიოდი იყო. თითქმის ორჯერ გაიზარდა მომხმარებლის მსყიდველუნარიანობა. ამ წარმატებამ, თავის მხრივ, დააინტერესა დიდი ბრიტანეთიც, რომელმაც მოისურვა, შეერთებოდა ეკონომიკურ გაერთიანებებს. პირველი განაცხადი გაერთიანებებში შესვლაზე პრემიერ-მინისტრმა, მაკმილანმა შეიტანა 1961 წელს, თუმცა საფრანგეთის პრეზიდენტმა, შარლ დე გოლმა ვეტო დაადო ბრიტანეთის მიღებას ევროპულ გაერთიანებებში. დე გოლი მიიჩნევდა, რომ ბრიტანეთი არ იქცეოდა როგორც ჭეშმარიტი ევროპელი, და ეს მთელი რიგი პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით. დიდი ბრიტანეთის მეორე მცდელობის შემდგომ მას ირლანდია და დანიაც შეუერთდნენ და უკვე 1973 წელს აღნიშნული სამი ქვეყანა ევროგაერთიანების წევრები გახდნენ. ამავე წელს ევროგაერთიანებას უნდა შეერთებოდა ნორვეგიაც - ერთადერთი ქვეყანა, რომელიც რეფერენდუმის გამართვის შემდეგ არ შეუერთდა კავშირს. აღსანიშნავია, რომ ნორვეგია დღესაც არ არის ევროკავშირის წევრი, თუმცა არის შენგენის ზონის წევრი.

 

მეორე და მესამე გაფართოებები - საბერძნეთი, ესპანეთი და პორტუგალია

 

1980-იანი წლების დასაწყისში დაიწყო ევროპის ეკონომიკური გაერთიანების მორიგი გაფართოება. საბერძნეთმა, რომელთანაც  1969-1974 წლებში ურთიერთობა გაყინული იყო, მოახერხა ქვეყანაში დემოკრატიის აღდგენა  და წევრობაზე პირველი ოფიციალური განაცხადიც შეიტანა. ევროკომისიამ, თავდაპირველად, უარი განაცხადა საბერძნეთის მიღებაზე, რადგან ქვეყანა ეკონომიკურ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებდა. მიუხედავად ამისა, მინისტრთა საბჭო და ევროპული საბჭო მომხრენი იყვნენ, პოლიტიკური მოსაზრებით მიეღოთ საბერ ძნეთი ევროგაერთიანებაში, რათა არ მომხდარიყო აღორძინებული დემოკრატიის დაკარგვა და იქ კომუნიზმის გავრცელება. ამასთან, საბერძნეთის შესვლა გაერთიანებაში დაემთხვა ესპანეთისა და პორტუგალიის მისწრაფებებსაც, მოეხდინათ უფრო მჭიდრო ინტეგრაცია ევროპულ გაერთიანებასთან. ისევე როგორც საბერძნეთი, ესპანეთიც და პორტუგალიაც სამხედრო დიქტატურისგან ახლად გათავისუფლებულ ქვეყნებს წარმოადგენდნენ. საბერძნეთი ევროგაერთიანებას 1981 წელს, პორტუგალია და ესპანეთი კი 1986 წელს შეურთდნენ.

 

 

მეოთხე გაფართოება - შვედეთი, ავსტრია, ფინეთი

 

1995 წელს ევროკავშირში მორიგი გაფართოება მოხდა. ევროპის  თავისუფალი ვაჭრობის არეალის სამი ქვეყანა - შვედეთი, ავსტრია და ფინეთი ევროკავშირის მეცამეტე, მეთოთხმეტე და მეთხუთმეტე წევრები გახდნენ. ეს გაფართოება ყველაზე უმტკივნეულო იყო ევროკავშირისთვის, რადგან მის რიგებს ის მაღალგანვითარებული ქვეყნები შეუერთდნენ, რომლებსაც შესწევდათ ძალა, უფრო მეტი თანხა გაეღოთ საერთო ევროპული ბიუჯეტისთვის, ვიდრე მიეღოთ. თავის მხრივ, ევროგაერთიანების ახალმა წევრებმა განიმტკიცეს უსაფ რთხოების გარანტიები და ასევე, უზრუნველყვეს ეკონომიკური განვითარების მაღალი ტემპი. რაც შეეხება ნორვეგიას, რომელიც თავიდან განიხილებოდა წევრობის კანდიდატად, მეორედ თქვა უარი კავშირში გაწევრიანებაზე. აქვე აღსანიშნავია, რომ ნორვეგია, კავშირში გაწევრიანებაზე უარის თქმის მიუხედავად, მაინც რჩება ყველაზე განვითარებულ ქვეყნად ევროპის კონტინენტზე.

 

მეხუთე გაფართოება

 

ევროკავშირის მეხუთე გაფართოების მიზანი იყო საბჭოთა მმართველო ბისგან გათავისუფლებული აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების განვითარება და დასავლეთევროპული ცხოვრების დონისთვის მიღწევა ევროკავშირში მიღების საშუალებით. ამ მიზნით, 2004 წელს ევროკავშირს შეუერთდა 10 ქვეყანა: ლიტვა, ლატვია ესტონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, პოლონეთი, მალტა და კვიპროსი. ევროკავშირის წევრთა რაოდენობა გაიზარდა 25-მდე. ამ დროისთვის ევროკავშირში კუნძულ კვიპროსის მხოლოდ ბერძნული ნაწილია შესული, რადგან რეფერენდუმზე კვიპროსის ბერძნულმა მოსახლეობამ უარი თქვა კვიპროსის თურქულ ნაწილთან შეერთებაზე.

 

მეექვსე და მეშვიდე გაფართოებები

 

2008 წლისთვის კიდევ ორი ქვეყანა რუმინეთი და ბულგარეთი შეუერთდა ევროკავშირს, 2013 წელს, დღეისათვის ბოლო გაფართოების შედეგად კი ხორვატია. ამ პროცესების შედეგად ევროკავშირი დღეს 28 სრულუფლებიანი, დამოუკიდებელი სახელმწიფოსგან შედგება, რომელთა საერთო მიზანს კეთილდღეობისა და ეკონომიკური წინსვლის სურვილი წარმოადგენს და მასში 508 მილი ონი მოქალაქე ცხოვრობს.