საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
რა არის ევროკავშირი?

ევროკავშირი 28 დემოკრატიული სახელმწიფოს უნიკალური პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფლების უზრუნველყოფას მისი 500 მილიონზე მეტი მოქალაქისთვის, უფრო სამართლიან და უსაფრთხო სამყაროში.

ევროპული სამეზობლო პოლიტიკა

2003 წლის მარტში ევროკავშირმა წარმოადგინა დოკუმენტი ,,გაფართოებული ევროპა – მეზობლობა: ახალი   ჩარჩო აღმოსავლეთით და სამხრეთით მდებარე ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობისათვის,” რომელიც ევროკავშირის საბჭომ მოიწონა და მიიჩნია სასურველ პლატფორმად პოლიტიკური მიმართულების განსაზღვრისათვის ახალ მეზობლებთან ურთიერთობაში. საბჭომ სთხოვა ევროკომისიას, წარმოედგინა წინადადებები სამოქმედო გეგმების შესამუშავებლად უკრაინისათვის, მოლდოვისათვის და სამხრეთი ხმელთაშუაზღვისპირეთის იმ პარტნიორი ქვეყნებისათვის, რომლებთანაც ევროკავშირს ასოცირების შეთანხმებები აქვს. 2004 წლის 14 ივნისს ევროკავშირის საბჭომ მოიწონა ევროკომისიის მიერ შემუშავებული ,,ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სტრატეგია,” რომლის საფუძველზე მოხდა სამხრეთი კავკასიის სამი ქვეყნის ჩართვა ,,ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში.”  

 

ევროპული სამეზობლო პოლიტიკა (ENP) გახლავთ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა მისი საზღვრების სამხრეთით და აღმოსავლეთით მდებარე მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში და იგი აღნიშნულ ქვეყნებთან თანამშრომლობის ძირითად მექანიზმს წარმოადგენს. ევროპული სამეზობლო პოლიტიკის მიზანია მეზობელ ქვეყნებს გაუნაწილოს ევროკავშირის სტაბილურობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა. ერთ-ერთი საბაზისო პრინციპი კი გახლავთ სურვილი, დაეხმაროს მეზობელ ქვეყაებს შიდა რეფორმების განხორციელებაში. ევროპული სამეზობლო პოლიტიკა მოწოდებულია ევროკავშირსა და მის მეზობელ ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთდაახლოების პროცესის მხარდაჭერისაკენ, რაც დემოკრატიის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის გავრცელებით, ერთიანი და თავისუფალი ევროპის იდეის განხორციელებას ემსახურება.

 

ევროპულ სამეზობლო პოლიტიკაში 16 ქვეყანა: ალჟირი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ეგვიპტე, იორდანია, ისრაელი, ლიბანი, ლიბია, მოლდოვა, მაროკო, პალესტინა, საქართველო, სირია, სომხეთი, ტუნისი და უკრაინა არიან ჩართულნი. აღნიშნული ქვეყნებიდან ოთხი ქვეყანა - ალჟირი, ბელარუსი, ლიბია და სირია ნაწილობრივ მონაწილეობენ სამეზობლო პოლიტიკის ცალკეულ საკითხებში, ხოლო დანარჩენი 12 ქვეყანა სრულად არის ჩართული სამეზობლო პოლიტიკის განხორციელებაში.

ევროკომისიის მიერ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელება მის მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობით მომზადებული, ქვეყნის ან რეგიონის მიმართ შემუშავებული სტრატეგიული სამოქმედო გეგმების საფუძველზე ხორციელდება. აღნიშნულ სამოქმედო გეგმებში ევროკომისია განსაზღვრავს იმ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარამეტრებს, რომლის საფუძველზეც მიმდინარეობს მოცემული ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის შეფასება.

 

სამოქმედო გეგმა სამეზობლო ინიციატივის ყველა ქვეყანასთან ურთიერთობაში საერთო პრინციპებს ეყრდნობა, თუმცა მისი შინაარსი განსხვავდება კონკრეტულ ქვეყანასთან თანამშრომლობის არსებული დონის, ქვეყნის საჭიროებებისა და საერთო ინტერესების შესაბამისად. სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესის მონიტორინგს ევროკავშირის სპეციალური კომისია და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური (European External Action Service) ახორციელებს, ხოლო, წელიწადში ერთხელ, ევროკავშირი აქვეყნებს სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშს.

 

ევროპული სამეზობლო პოლიტიკა ეფუძნება რიგი ღონისძიებების განხორციელებასა და მჭიდრო თანამშრომლობას შემდეგი მიმართულებებით:

 

  • ფინანსური დახმარება - ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ცალკეული ქვეყნებში შესაბამისი პროექტების დასაფინანსებლად 2007-2013 წლებში გამოიყო 12 მილიარდი ევრო;
  • ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირის ბაზარზე დაშვება;
  • ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივება;
  • სამეზობლო პოლიტიკის მონაწილე ქვეყნების ტექნიკური და საჯარო პოლიტიკის ცალკეულ სფეროებში რეფორმების მხარდაჭერა.

ევროპული სამეზობლო პოლიტიკა, ასევე, ხორციელდება მრავალმხრივი თანამშრომლობის შემდეგ ფორმატებში:

 

 

2015 წლის 18 ნოემბერს გამოქვეყნდა ევროკომისიისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივი კომუნიკაცია ევროპარლამენტის, ევროკავშირის საბჭოს, ეკონომიკური და სოციალური კომიტეტისა და რეგიონების კომიტეტის მიმართ, რომელიც ეხება ევროპული სამეზობლო პოლიტიკის (ENP) გადახედვის საკითხს.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის შემუშავებას წინ უსწრებდა ხანგრძლივი საჯარო კონსულტაციები, რის შედეგადაც ევროკავშირმა მიიღო 250 გამოხმაურება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, პარტნიორი ქვეყნების, ევროკავშირის ინსტიტუტებისგან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. დოკუმენტის თანახმად, ახალი ENP-ი ძირითადი პოლიტიკური ორიენტირი სტაბილიზაციის ხელშეწყობაა მთლიანად სამეზობლოში, რაც გულისხმობს არასტაბილურობის გამომწვევი ფაქტორების აღმოფხვრას ყველა დარგში. ამ მიზნით ENP-ი ითვალისწინებს გაძლიერებულ თანამშრომლობას მთელი რიგი პრიორიტეტული მიმართულებებით:

 

  • დემოკრატია, კარგი მმართველობა, კანონის უზენაესობა და სასამართლოს დამოუკიდებლობის, საჯარო ადმინისტრირების, კორუფციის წინააღდეგ ბრძოლის ხელშეწყობა;
  • ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა, ეკონომიკის მოდერნიზაციის, ინოვაციების წახალისების, სამუშაო ადგილების შექმნის, საჭირო პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების და ეკონომიკური, სოციალური და ტერიტორიული თანასწორობის უზრუნველყოფის გზით;
  • ევროკავშირის საერთო ბაზარში ინტეგრაცია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შექმნით. ვაჭრობისა და ინვესტიციების წახალისების მიზნით, დოკუმენტი, ასევე, ითვალისწინებს ორმხრივ ინტერესებზე დაფუძნებული, ალტერნატიული რეალისტური მექანიზმების შემუშავებას იმ პარტნიორი ქვეყნებისთვის, რომელთაც არ სურთ ეკონომიური ინტეგრაციის აღნიშნული ფართო შეთანხმების გაფორმება ევროკავშირთან;
  • ეკონომიკური მოდერნიზაცია და სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა, რომლის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კვლევების, სამეცნიერო და ინოვაციური საქმიანობების წახალისებას;
  • დასაქმების ხელშეწყობა შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და პროფესიული ცოდნის ამაღლების გზით. ამ კონტექსტში ახალი ENP-ი განსაკურებულ ყურაღებას აქცევს ახალგაზრდების დასაქმების წახალისებას;
  • ტრანსპორტი და კავშირურთიერთობების განვითარება ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელების აღმოსავლეთ პარტნიორებზე გავრცობის გზით;
  • ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კლიმატის საკითხებზე თანამშრომლობის გაძლიერება;
  • უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება, რაც გულისხმობს უსაფრთხოების სექტორის რეფორმის ხელშეწყობას პარტნიორ ქვეყნებში, ტერორიზმის, ტრანსსასაზღვრო ორგანიზებული დანაშაულის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას;
  • მიგრაცია და მობილურობა, რაც გულისხმობს პარტნიორ ქვეყნებთან გაძლიერებულ თანამშრომლობას როგორც არალეგალური და იძულებითი მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე ლეგალური გადაადგილების ხელშეწყობის მიმართულებით. ამ კონტექსტში, ევროკავშირი მზად არის წაახალისოს შრომითი მიგრაციის ახალი სქემის შემუშავება წევრ ქვეყნებთან კოორდინაციით. 

 

დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული მიზნების მისაღწევად ევროკავშირი გააძლიერებს თანამშრომლობას საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებთან, ევროპული სამეზობლო ინსტრუმენტის ფარგლებში განსაზღვრული ფინანსური სახსრების გარდა, დამატებითი რესურსების მოძიების მიზნით.