საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროპის დღეები
2017
ევროპის დღეები 2017

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა მაისი ევროპის თვედ აქცია. ყოველწლიურ ღონისძიებათა ციკლი „ევროპის დღეები“  7-დან 25 მაისის ჩათვლით უკვე მეხუთედ აღინიშნა, რომელსაც წელს ფონად 28 მარტიდან ევროკავშირთან გახსნილი ახალი შესაძლებლობა - ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლა გასდევდა.

შევეგებოთ ახალ შესაძლებლობებს - ეს ევროპის დღეების სლოგანია, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა 7 მაისს, რიყის პარკში, ევროპის დღეების საზეიმო გახსნაზე განსხვავებული ფორმატით აღნიშნა. როგორ ვიმოგზაუროთ ევროკავშირში? - ამ კითხვაზე საინფორმაციო ცენტრის კარავში მთელი დღის განმავლობაში მოისმენდით პასუხს, უვიზოდ მოგზაურობის სიმულაციურ დადგმაში მონაწილეობის შემდეგ. გრაფიკული კარი, რომელიც საბოლოო დანიშნულების ადგილს წარმოადგენდა, სტუმრებს მათთვის სასურველ ევროპულ ქალაქში ეპატიჟებოდა.

ევროპის დღეების მხიარული და ფერადი განწყობა 25 მაისამდე გაგრძელდა. წლევანდელი ევროპის დღეები მოქალაქეთა ჩართულობის ზრდითა და მასშტაბური აქტივობებით გამოირჩეოდა, ღონისძიებათა ციკლს განსაკუთრებული მონდომებით კი რეგიონები შეუერთდნენ.  ევროპის დღეების ფარგლებში დედაქალაქსა და საქართველოს 30-მდე მუნიციპალიტეტში 80-ზე მეტი ღონისძიება გაიმართა, შედეგად კი 7800-ზე მეტ მოქალაქეს მივაწვდინეთ ხმა.  

ახალგაზრდები, მასწავლებლები, ფერმერები, რეგიონებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა და საჯარო მოხელეები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები - ყველა ერთი მიზნით ჩაერთო ევროპის დღეებში, რომ გაეგოთ მეტი ევროკავშირზე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და იმ სარგებელზე, რასაც ევროკავშირი ჩვენს ქვეყანას სთავაზობს.

ევროპის დღეები საქართველოში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით განხორციელდა.  

ფოტო
2016
ევროპის დღეები 2016

2016 წელი, 8 მაისი, საინფორმაციო ცენტრის კუთხე უკვე მზად არის და ევროპული სოფლის სტუმრებს ელოდება: ბროშურები, წიგნები, ბუკლეტები ევროკავშირის და საქართველოს თანამშრომლობისა შესახებ, დროშები და ბუშტები ბავშვებისთვის. ასევე,მხატვარი და მემოგრამი, რომლითაც ნებისმიერი მსურველი უამრავ სახალისო ფოტოს გადაიღებს და სამახსოვრო სურათიც დარჩება - წარწერით ევროკავშირთან ერთად! - ეს ევროპის დღეების დასაწყისია.

 

მრავალფეროვანი და დასამახსოვრებელი გახსნის შემდეგ 2016 წლის  ევროპის დღეებმა სტარტი თბილისიდან აიღო, მოგვიანებით მას საქართველოს 8 რეგიონმა აუწყო ფეხი. პროექტი „მასწავლებელი, მეგზური ევროპისკენ“, რომელმაც ევროინტეგრაციის თემაზე მომუშავე 100 პედაგოგს უმასპინძლა. თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, სადაც ევროკავშირის შესახებ ლიტერატურა იყო გამოფენილი. კულინარიული შოუ „შეფ-მზარეული ელჩები“, რომლის მეშვეობითაც ევროპული სახელმწიფოების მრავალფეროვნებას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი. საქართველოს და ევროკავშირის თამანშროლობის მარკის პრეზენტაცია, რომელიც მოხმარებაში სულ რაღაც 2 თვეში ჩაეშვება, ასევე, „ევროპული კაფეების ტური“, რომლის ფარგლებშიც სლოვაკი და ქართველი ექსპერტები საქართველოს 7 რეგიონს ესტუმრნენ  და ფრანების აქცია რიყის პარკში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად - ეს ევროპის დღეების ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების მცირე ჩამონათვალია.

 

მაისის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში 105 ღონისძიება გაიმართა. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლები, პარტნიორერბთან და ექსპერტებთან ერთად სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის მქონე 5000-ზე მეტ მოქალაქეს პირისპირ შეხვდნენ. მასწავლებლები, მოსწავლეები, სტუდენტები, ფერმერები,  სასულიერო პირები თუ საჯარო მოხელეები - სხვადასხვა, მათთვის საინტერესო ფორმით იღებდნენ ინფორმაციას იმ შესაძლებლობების და სიკეთეების შესახებ, რომელიც ევროინტეგრაციას ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისათვის მოაქვს. ევროპის დღეები საქართველოში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპატარის, პრემიერ-მინისტრის აპარატის, საქართველოს პარლამენტის, თბილისის მერიის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, საქართველოში  ესტონეთის საელჩოს, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD), კავშირი „21 საუკუნის“  და არასამთავრობო ორგანიზაცია გლობსეკის მხარდაჭერით განხორციელდა.

ფოტო
2015
ევროპის დღეები 2015

2015 წლის ევროპის დღეები ოფიციალურად 4 მაისს თბილისის საკრებულოში გაიხსნა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, ლატვიის რესპუბლიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ვალდის ზატლერსმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა იანოშ ჰერმანმა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მიმართეს. ღონისძიების ფარგლებში ევროკავშირის თემაზე შექმნილი ილუსტრირებული ბროშურის: „ევროპული გზა-ეს ჩემი არჩევანია" პრეზენტაცია შედგა. ევროპის კვირეულის გახსნის ცერემონიაზე, ამავე წიგნში შესული ილუსტრაციების გამოფენა მოეწყო. ღონისძიებას  მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური წრეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ევროპის კვირეულის ფარგლებში დედაქალაქსა და რეგიონებში გაიმართა სხვადასხვა ტიპის ღონისძიება, მოეწყო ახალგაზრდა რეჟისორთა მიერ შექმნილი ეტიუდების წარმოდგენა: „იქ, სადაც შენი სახლია". ხუთი მინიატურისგან შემდგარი სპექტაკლის იდეა ქართული და ევროპული ღირებულებების ერთობა და საზოგადოების აღნიშნული თემით დაინტერესება გახლდათ.

10 მაისს ალექსანდრესა და 9 აპრილის პარკებში ღია ცის ქვეშ ევროპის დღე აღინიშნა, სადაც მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. წარმოდგენილი იყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამზარეულო, ტრადიციული სამოსი და კულტურა. გაიმართა კონცერტები ქართველი და ევროპელი შემსრულებლების მონაწილეობით.

2015 წლის ევროპის კვირეული ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს აპარატის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის დელეგაციის მხარდაჭერით - ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა.

ფოტო
2014
ევროპის დღეები 2014

2014 წელს ევროპის დღეები 5 მაისს - 14 მაისამდე მიმდინარეობდა. ევროპის დღეები კონფერენციით: „ჩვენი ევროპული არჩევანი" გაიხსნა, რომელიც ევროკავშირის თემაზე წინასწარ გამოცხადებული ესეების კონკურსისა და თბილისის სამხატვრო აკადემიაში გამოცხადებული კონკურსის დასკვნით ფაზას წარმოადგენდა. კონფერენცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა და პოლონეთის ელჩმა საქართველოში, ანდრჟეი ჩიეშკოვსკიმ გახსნეს. ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ კონკურსებში გამარჯვებული სტუდენტები.

 

,,ევროპის დღეები დაიწყო ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის წინ რამდენიმე კვირით ადრე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებულად მასშტაბურად ვატარებთ წელს ევროპის დღეებს. ზოგადად, მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებში ცნობადობის ამაღლების, ინფორმირებულობის გაზრდის თვალსაზრისით ასეთი ტიპის ღონისძიებების ჩატარება და მოხარული ვარ, რომ ჩვენთან ერთად საზოგადოების შეძლებისდაგვარად ფართო სპექტრია წარმოდგენილი."- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ევროპის კვირეული ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით გაიმართა, რომლის მიზანიც საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხებზე საზოგადოების ცნობადობის ამაღლება გახლდათ.

 

კვირეულის ფარგლებში შედგა შეხვედრები სტუდენტებთან, აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან, ფერმერებთან, პრობაციონერებთან - გაიმართა სპორტული ტურნირები, გამოფენები და სხვა საინტერესო ღონისძიებები როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში.

ფოტო
2013
ევროპის დღეები 2013

2013 წელს ევროპის კვირეული 7-11 მაისს გაიმართა. კვირეული  ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში გაიხსნა, სადაც ეს­სე­ბის, ფო­ტო­ე­ბი­სა და ნა­ხა­ტე­ბის კონ­კურ­ს­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი ავტორების ნაშ­რო­მე­ბი გა­მო­ფი­ნეს, გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბი კი და­ა­ჯილ­დო­ვეს. ღო­ნის­ძი­ე­ბას, სახელმწიფო მინისტრი ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვი­ლი, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მინისტრის მო­ად­გი­ლე და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და ევ­რო­კავ­ში­რის დელეგაციის ხელმძღვანელი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ფი­ლიპ დი­მიტ­რო­ვი და­ეს­წ­რ­ნენ.

 

ევროპის კვირეულის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა ღონისძიება როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში: გაიმართა შეხვედრები სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან, დაჯილდოვდნენ სხვაფასხვა კონკურსში გამარჯვებულები, მოეწყო სპორტული ღონისძიებები და გამწვანების აქციები. ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა.

 

ევროპის კვირეული ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით განხორციელდა.

 

ფოტო