საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ნატოს კვირეული
2017
ნატოს დღეები 2017

საქართველოში ნატოს დღეები წელს მეათედ აღინიშნა.

ნატოს დღეები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში 2 აპრილს გაიხსნა, სადაც ყველა დაინტერესებული პირი მრავალფეროვან გასართობ-შემეცნებით ღონისძიებებში ჩაერთო. დღის განმავლობაში წარმოდგენილი იყო გამოფენა სამხედრო თემაზე, ფოტოკუთხე, სადაც სტუმრებმა მათთვის სასურველ ფონზე გადაიღეს ფოტოები, თეატრალური წარმოდგენა ნატოს თემაზე, ტექნოლოგიების კუთხე, აზოტის შოუ, სლოგანების და პოსტერების კონკურსში გამარჯვებულების დაჯილდოვება და სხვ. ღონისძიების ფარგლებში, ასევე, გაიმართა გათამაშებები.

ნატოს დღეები 11 აპრილამდე გაგრძელდა. მის ფარგლებში გაიმართა ბევრი სხვა ღობისძიება, მათ შორის ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი, სემინარი მასწავლებლებისთვის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან, ნატოს თასი ფეხბურთში, საქართველოს მასშტაბით კედელზე ხატვის კონკურსი „შეNს ქალAქს დაუTOვე“,  ერთი დღე ჯარში, საჯარო ლექციები და სხვა საინტერესო ღონისძიებები.

ნატოს დღეების მიზანია საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება ალიანსისა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ.

ნატოს დღეები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ევროპულ  და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით განხორციელდა.

ფოტო
2016
ნატოს დღეები 2016

2016 წლის ნატოს დღეები 4 აპრილს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამოცდამეშვიდე დაბადების დღეზე გაიხსნა. 4 აპრილიდან 24 აპრილის ჩათვლით საქართველოს 3000-ზე მეტი მოქალაქე საერთო ჯამში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის  80-მდე ღონისძიებაში ჩაერთო და მათ ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ უახლესი ინფორმაცია მიეწოდათ.

 

უკვე ტრადიციად ქცეული ღონისძიებების ციკლი ამ წელს განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. 2016 წლის ნატოს დღეები ნატო- საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით გაიხსნა, რომელიც ტრადიციულად ბრიუსელში იმართება, წელს კი საქართველოში პირველად ჩატარდა. ფორუმის მონაწილეებმა სახალხო დიპლომატიისა და კომუნიკაციის სფეროში არსებული უახლესი ტენდენციები და რეგიონში გააქტიურებულ ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდები განიხილეს. 

ნატოს დღეების ფარგლებში თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა ტიპის ღონისძიება ჩატარდა, მათ შორის, სემინარი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი პედაგოგებისთვის, გაიხსნა საინფორმაციო ცენტრის ახალქალაქის რეგიონული ოფისი, ასევე, ნატოსა და ევროკავშირის აუდიტორიები უნივერსიტეტებში, სტუდენტებმა მოისმინეს სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის ფილიპ სეიბისა და სხვა საინტერესო მომხსენებლების ლექციები, მედიის წარმომადგენლები ჩაერთვნენ პროექტში "ერთი დღე ჯარში", სადაც მონაწილეებმა ჯარისკაცის ფორმა მოირგეს და გაიგეს, თუ რას ნიშნავს ემსახურებოდე საქართველოს და სხვ.

 

სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლის მოსწავლეები კი ჩაერთვნენ სპორტულ აქტივობებში, ინტელექტუალურ თამაშებში, კონკურსებში, დებატებში და სხვ. იაქტიურეს საინფორმაციო ცენტრის მოხალისეებმაც, რომლებმაც დაასუფთავეს ტყე-პარკები და მოაწყვეს საინფორმაციო აქციები მშობლიურ ქალაქებში. 2016 წლის ნატოს დღეები „ნატოს თასით“ დაიხურა.

 

ნატოს დღეები საქართველოში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპატარის, პრემიერ-მინისტრის აპატარის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, თავდაცვის სამინისტროს, მერიის, ნატოს სამეკავშირეო ოფისის და რუმინეთისა და ბრიტანეთის საელჩოების მხარდაჭერით უკვე მეცხრედ ჩატარდა.

ფოტო
2015
ნატოს დღეები 2015

2015 წელს საქართველოში ნატოს დღეები 25 ოქტომბერს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დაარსების 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ოფიციალური ცერემონიით გაიხსნა და 8 ნოემბრის ჩათვლით სხვადასხვა მრავალფეროვანი ღონისძიებით გაგრძელდა.

 

ნატოს დღეებში აქტიურად ჩაერთო ქვეყნის პირველი პირი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ექსპერტები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. გაიხსნა საინფორმაციო ცენტრის ახალი მეხუთე რეგიონული ოფისი გორში, მედია-საშუალებების წარმომადგენლები შეხვდნენ ნატოში საქართველოს მისიის ახლანდელ და ყოფილ ხელმძღვანელებს, ტრადიციულად ჩატარდა სემინარი კოჯრის სერჟანტთა მომზადების სკოლის სტუდენტებისათვის, მოსწავლეები პირადად შეხვდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების ISAF-ის მისიაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს და  სხვ. შედგა შეხვედრები მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, იუნკერებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან; ასევე, ჩატარდა ახალგაზრდული დებატები, კონფერენციები, გამოფენები, ინტელექტუალური თამაშები, ექსკურსიები სხვა.

 

საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით განხორციელდა პროექტი „დაბრუნება სკოლაში" (Back to School), სადაც მაღალი თანამდებობის პირები საკუთარ სკოლებში მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდნენ და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ესაუბრნენ.

 

ნატოს დღეები საქართველოს რეგიონებშიც აღინიშნა სხვადასხვა სპორტული თუ ინტელექტუალური აქტივობით. მათ შორის, სასწავლო ვიზიტით დედაქალაქს  ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ. ნატოს დღეები 8 ნოემბერს მედიის წარმომადგნლებისთვის საფეხბურთო ტურნირით „ნატოს თასი“ დაიხურა.

ფოტო
2014
ნატოს დღეები 2014

2014 წლის 7 აპრილს, საქართველოში ნატოს დღეები დაიწყო, რომელიც  ალიანსის ბოლო სამი გაფართოებისადმი მიძღვნილი ოფიციალური ცერემონიით გაიხსნა. მის ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია "გზა ნატოსკენ: ინტეგრაციის და გაწევრიანების გამოცდილების გაზიარება" გაიმართა, რომელიც ძირითადად სამი თემატური მიმართულებით მიმდინარეობდა: ნატოს გაფართოებების შედეგად მიღებული გამოცდილება, საქართველო ნატოში გაწევრიანების გზაზე და ნატოს გაფართოების გავლენა ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურაზე.

ნატოს დღეები სხვა საინტერესო აქტივობებით გაგრძელდა: გაიმართა გამოფენა „ვემსახურები საქართველოს“ ქართული ჯარის განვითარების ისტორიის შესახებ, სასწავლო ვიზიტით თბილისს ეწვივნენ ახალგაზრდები ქვემო ქართლიდან, განხორციელდა ღია კარის დღეები პოლიციის აკადემიასა და რუმინეთის საელჩოში მოხალისეებისთვის, შედგა შეხვედრები სტუდენტებთან, მასწავლებლებთან და სხვ.

 

ნატოს დღეების ფარგლებში ჩატარდა გამწვანების აქციაც „მწვანე მომავალი“, სადაც საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით მარნეულში 150 ნერგი ხე დაირგო.

2014 წლის ნატოს დღეები 16 აპრილს დასრულდა.

ფოტო
2013
ნატოს დღეები 2013

2013 წლის 3 ივნისს ნატოს დღეები ოფიციალურად გაიხსნა. ნატოს დღეები საერთაშორისო სემინარით „საზოგადოების ინფორმირება ნატოში ინტეგრაციის პროცესის შესახებ“ დაიწყო, რომელშიც ნატოს შტაბ-ბინიდან მაღალი დონის სტუმრები და ასევე, ნატოს ასპირანტი ქვეყნების - მონტენეგრო, ბოსნია და ჰერცეგოვინა და მაკედონია- წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

ნატოს დღეები საინტერესო ღონისძიებებით გაგრძელდა: შედგა საინფორმაციო შეხვედრები სტუდენტებთან, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, ჩატარდა სპორტული აქტივობები, საზაფხულო სემინარი ჟურნალისტებისთვის, ფოტო-გამოფენა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოსა და რუმინეთის მონაწილეობის შესახებ, სხვადასხვა კონკურსი თუ დებატი როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.

 

ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეებმა სახელმწიფო მინისტრთან ერთად ფოთში სანაპირო დაცვის ბაზაც დაათვალიერეს, მოგვიანებით კი სტუმრებისთვის სახელმწიფო საზღვრის მართვის სახმელეთო და საზღვაო სფეროებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე პრეზენტაცია გაიმართა. სანაპირო დაცვის ბაზამ საინფორმაციო ცენტრის მოხალისეებსაც უმასპინძლა. 

 

ნატოს დღეებში საინფორმაციო ცენტრის მოხალისეებმა ფლეშმობიც წარმოადგინეს, რომლის მიზანი  საქართველოს დასავლური კურსისა და ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერა იყო. ღონისძიებათა ციკლი 10 ივნისს საერთაშორისო ახალგაზრდული სამიტით დასრულდა.

ფოტო