ფინეთი ნატოში

თორნიკე ფარულავა
აგვისტო 1, 2023

2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის წინააღდეგ რუსეთის მიერ დაწყებულ სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიაზე საუბრისას, ხშირად აღინიშნება, რომ ამ მოვლენამ შეცვალა ბევრი რამ და ევროპა აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც მანამდე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ ომის შედეგები ჩვენ გარემოზე კიდევ მრავალმხრივ ზეგავლენას მოახდენს, და ამ ცვლილებების დიდი ნაწილი მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ გახდება თვალსაჩინო, ტრანსფორმაციის პროცესი ზოგიერთი მიმართულებით უკვე დაიწყო და შედეგებიც კი დადგა.

2023 წლის 4 აპრილს, ბრიუსელში ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ფინეთის დროშის აღმართვის ცერემონია და ფინეთი 12 ქვეყნის მიერ დაარსებული ორგანიზაციის, ოცდამეთერთმეტე წევრი გახდა. ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნინისტომ ხაზი გაუსვა, რომ “სამხედრო მიუმხრობლობის ერა დასრულდა, დაიწყო ახალი ერა“.

ნატოში გაწევრიანებით ფინეთმა კარდინალურად შეცვალა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, რომელიც 70 წელზე მეტს ითვლიდა და ფინეთის საზოგადოებაში თუ პოლიტიკურ წრეებში მხარდაჭერით სარგებლობდა. ამ ქვეყნამ, სამხედრო მიუმხრობლობის პოლიტიკა აირჩია მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, რომლის დროსაც მას ჯერ საბჭოთა კავშირთან მოუწია სამხედრო კონფრონტაცია და აგრესიის მოგერიება, ხოლო მოგვიანებით კი ნაცისტურ რეჟიმთან დაპირისპირება. მეორე მსოფლიო ომის შედეგად ფინეთმა მისი ტერიტორიის დაახლოებით 12 პროცენტი დაკარგა და მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის გადასახლება მოუწია. ყოველივე ამის გათვალისწინებით, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი გამოცდილების მქონე ქვეყანა უსაფრთხოების არქიტექტურასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს მარტივად ვერ მიიღებდა და მხოლოდ აუცილებელი გარემოებების დადგომის შემთხვევაში შეცვლიდა კარგად დამკვიდრებულ მიდგომას.

როგორც ხშირად აღნიშნავენ, უკრაინის წინააღმდეგ განხორცილებული რუსეთის სამხედრო აგრესია ბევრად ცდება ორი ქვეყნის დაპირსპირების მასშტაბს და იგი სამართლის ნორმებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა. სწორედ სამართლის ნორმებზე დამყარებული წესრიგის რღვევამ აიძულა ფინეთი გადაეხედა მისი საგარეო პოლიტიკა. უკანასკნელ პერიოდში ევრო-ატლანტიკურ სივრცეში განვითარებულმა მოვლენებმა ცალსახა გახადა, რომ ყველაზე ეფექტური უსაფრთხოების გარანტორი, თანამედროვე სამყაროში, სწორედ კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაცია შეიძლება იყოს. შეკავებისა და თავდაცვის ერთობლივი დაგეგმვის ინსტრუმენტი არის, ის ერთადერთი რეალური გზა, რომელმაც შიძლება თავიდან აგვაცილოს სამხედრო კონფლიქტი. ამის ყველაზე უტყუარი მტკიცებულება არის ნატო-ს არსებობის 70 წლიანი ისტორია, როდესაც არც ერთ მის წევრს თავს არ დასხმიან, გარდა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმისა, და ნატო-ს არც ერთ წევრ ქვეყანას სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის საფრთხე არ დაგდგომია. ამ ალიანსის წარმატებულობაზე მეტყველებს ასევე მისი წევრების რაოდენობის მუდმივი ზრდა და ევროპაში ახალგაზრდა დემოკრატიების მუდმივი სწრაფვა შეუერთდნენ ალიანსს. ცივი ომის დასრულების შემდეგ ნატო-ს გაფართოების რამდენიმე რაუნდმა, ცალსახად გვაჩვენა, რომ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, სტაბილური ეკონომიკური და დემოკრატიული განვითრების ყველაზე ეფექტური გზა პირველ ეტაპზე ნატო-ში, ხოლო შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანებაა.

ფინეთის გაწევრიანება საინტერესო იყო თავად ნატო-ს გაფართოების პროცესის და ღია კარის პოლიტიკის რეალიზაციის კუთხითაც. განაცხადის გაკეთებიდან ერთ წელზე ნაკლები დრო დასჭირდა ამ ქვეყანას გაწევრიანებისთვის. ეს იყო ნატო-ს თანამედროვე ისტორიაში ყველაზე სწრაფი ინტეგრაციის პროცესი. ზემოაღნიშნულს ჰქონდა ობიექტური მიზეზები – ფინეთს (და შვედეთს) ნატო-ს პარტნიორ (არა წევრ) ქვეყნებს შორის ყველაზე ახლო ურთიერთობა ჰქონდა ალიანსთან სხვა და სხვა მიმართულებით. გარდა მაღალ დონეზე მუდმივი პოლიტიკური დიალოგისა, ფინეთის სამხედრო და ზოგადად უსაფრთხოების სისტემა სრულად ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად იყო მოწყობილი. ფინეთის სამხედრო თავსებადობის დონე ალიანსთან იყო უპროცენტოდ მაღალი, რაც გამოწვეული იყო ფინეთის შეიარაღებული ძალების მუდმივი მოდერნიზაციით და ასევე ნატო-ს ოპერაციებში ფინეთის ქმედითი ჩართულობით ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან. ფინეთი აქტიურად იყო ჩართული ნატო-ს სამხედრო სწავლებებშიც და ხშირ შემთხვევაში მის ტერიტორიაზეც მასპინძლობდა ნატო-ს მსხვილმასშტაბიან სწავლებებს. მაგრამ ფინეთსა და ნატო-ს შორის თავსებადობის უმაღლეს დონეს და ნდობის მაღალ ხარისხს ყველაზე კარგად წარმოაჩენს ამ ქვეყნის ჩართულობა ნატო-ს სამხედრო წვრთნებში, რომლებიც მეხუთე მუხლის სცენარით ხორციელდებოდა. მეხუთე მუხლის, ანუ კოლექტიური თავდაცვის სცენარით განხორცილებულ სწავლებებს, ნატო უკიდურესად სენსიტიურად ეკიდება და არა წევრი ქვეყნების ჩართულობა ამ წვრთნებში მხოლოდ იშვიათი გამონაკლისის პრინციპით ხდება. ასეთი გამონაკლისი იყო სწორედ ფინეთი. შესაბამისად, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ როგორც კი პილიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ფინეთი ალიანსის წევრი უნდა გამხდარიყო, სამხედრო-ტექნიკურ განზომილებაში ეს გადაწყვეტილება უაღრესად სწრაფად განხორციელდა.

კიდევ ერთი საგულისხმო გარემოება, რომელიც თან ახლავს ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას არის ნატო-რუსეთის საზღვრის ზრდა. ფართოდ გავრცელებული პროპაგანდისტული ნარატივებით, ნატო-ს მიახლოება რუსეთის საზღვრებთან წამოადგენდა ამ უკანასკნელისთვის “ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევას“. ფინეთის გაწევრიანებით, ნატო-რუსეთის საზღვარი გაორმაგდა და გაიზარდა 1300 კილომეტრით. შესაბამისად ზემოთ ნახსენები ნარატივი პრაქტიკულად არა რელევანტური გახდა არსებულ ვითარებაში. ამ გარემოებამ შესაძლოა დადებითი გავლენა იქონია ალიანსის სამომავლო გაფართოების შემთხვევებში.

შეიძლება ითქვას, რომ ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებით დასრულდა გასულ საუკუნეში ჩამოყალიბებული მიდგომა ბუფერული ზონების შესახებ. აღნიშნულმა მიდგომამ ამოწურა საკუთარი თავი და თანამედროვე რეალობაში არაეფექტური აღმოჩნდა. მეორეს მხრივ კი, ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ კოლექტიურ თავდაცვას და ტრანს-ატლანტიკურ კავშირს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში ამ დროისთვის ალტერნატივა არ გააჩნია.

ბლოგის ავტორი: თორნიკე ფარულავა

პუბლიკაციის შინაარსი სრული მოცულობით წარმოადგენს ავტორის პირად მოსაზრებებს.