კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობა და მისი პრაქტიკული სარგებელი

დავით ბუჯიაშვილი
იანვარი 22, 2024

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების 30 წლიანი ისტორიის მანძილზე ყოფილა თარიღები, როდესაც საქართველო, თანმიმდევრულად, ერთი ეტაპიდან გადადიოდა ხარისხობრივად უფრო მაღალ და უფრო მნიშვნელოვან საფეხურზე, თუმცა 2023 წლის 14 დეკემბერი უკვე შევიდა ისტორიაში, როგორც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში აქამდე ყველა სხვა თარიღთან შედარებით ბევრად უფრო მაღალი მნიშვნელობის მქონე ისტორიული თარიღი, როდესაც ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ ერთხმად მიიღო ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული გადაწყვეტილება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

14 დეკემბერს, ევროპულმა საბჭომ გადაწყვეტილება დღის მიწურულს მიიღო და შესაბამისად, არსებობდა გარკვეული მოლოდინი, რომ გადაწყვეტილების მიღება შესაძლოა მეორე დღეს გადადებულიყო, თუმცა საქართველოს დროით დაახლოებით 21:30 საათზე (ბრიუსელის დროით 18:30), ევროპული საბჭოს პრეზიდენტის გამოქვეყნებულმა „Tweet“-მა პირველი სასიხარულო ინფორმაცია ამცნო საქართველოს მოქალაქეებს: “#EUCO granted candidate Status to Georgia!”, ხოლო დასკვნით ნაწილში ეწერა – “A clear hope for their people and for our continent”. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ეს ჩანაწერი იუწყებოდა, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საქართველოს მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი და ეს არის დიდი იმედის მომცემი, როგორც ქართველი ხალხისთვის, ასევე, სრულიად ევროპული კონტინენტისთვის.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის „Tweet“-ის გამოქვეყნებისთანავე, სოციალურ ქსელში გამოჩნდა საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის სიმბოლიკის ფონზე გაზიარებული „პოსტები“ – მოქალაქეები გულწრფელად ულოცავდნენ ერთმანეთს – თითქოსდა ყველა ჩვენგანში გაჩნდა ახალი იმედი და იმის განცდა, რომ დაიწყო ახალი ეტაპი ჩვენს ცხოვრებაში და საქართველო, როგორც ჭეშმარიტად ევროპული სახელმწიფო, უძველესი ისტორიის, კულტურისა და ქრისტიანული ცივილიზაციის მატარებელი ქვეყანა დამსახურებულად იკავებს იმ ადგილს, რომლის ნაწილიც იყო საუკუნეების განმავლობაში და საითკენაც ყოველთვის მიისწრაფოდა. 15 დეკემბერს, აღნიშნული გადაწყვეტილების საზეიმო აღნიშვნა უკვე სახალხო ზეიმში გადაიზარდა, რომლის პოზიტიური მუხტი ფაქტობრივად ქვეყნის ყველა რეგიონს და განსაკუთრებით დიდი ქალაქს მოედო.

საქართველო-ევროკავშირის ისტორია ითვლის არაერთ მნიშვნელოვან თარიღს, როგორებიცაა 1996 წელს პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც წარმოადგენდა ევროკავშირთან თანამშრომლობის პირველ სამართლებრივ ბაზას; 1999 წელს ევროპის საბჭოში გაწევრიანება, რაც უმრავლესობისათვის ასოცირდება იმ დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ემოციურ გამოსვლასთან „მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ ევროპელი“, ასევე 2004 წელს ევროპულ სამეზობლო პოლიტიკაში გაწევრიანება, რაც საქართველოს ევროკავშირის მეზობელ სახელმწიფოდ აღიარებას მოიაზრებდა, ხოლო 2009 წელს საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობაში ჩართვამ, ქვეყანას მისცა საშუალება, რომ 2014 წელს ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებისათვის, გახსნოდა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, ხოლო 2017 წელს ამოქმედებულიყო უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან (შენგენის სივრცესთან).

მიუხედავად საქართველოსთვის თითოეული ზემოაღნიშნული მოვლენის მნიშვნელობისა, არც ერთი მათგანი არ მოიაზრებდა საქართველოს ევროკავშირში წევრობას. 2014 წელს, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში უდავოდ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას წარმოადგენს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ასოცირების შეთანხმების მოლაპარაკებების დროს, ქართული მხარე ცალსახად ითხოვდა, რომ შეთანხმების ტექსტში ჩადებულიყო ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებული ფორმულირება – რომ საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა ერთ დღეს გახდება ევროკავშირის წევრი, თუმცა 10 წლის წინ იყო სრულიად განსხვავებული გეოპოლიტიკური მოცემულობა და იმ დროს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ყველანაირად თავს იკავებდნენ ისეთი ჩანაწერის ჩადებისგან, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში წევრობასთან იქნებოდა დაკავშირებული. ამასთან, ის ფაქტი, რომ ასოცირებული ტრიოს დანარჩენ 2 ქვეყანასთან (უკრაინა, მოლდოვა) შედარებით, საქართველოს არ გააჩნია სახმელეთო საზღვარი ევროკავშირთან, არაერთხელ გამხდარა არასწორი ინტერპრეტაციების საფუძველი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სულ რაღაც 2 წლის წინ უმრავლესობისათვის ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ საქართველოს 2023 წელს მიენიჭებოდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რაც უპირველეს ყოვლისა იმას მოიაზრებს, რომ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება უკვე შეუქცევადი პროცესია და საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. 14 დეკემბრის გადაწყვეტილების ისტორიული მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ის რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში შეუძლებელი იყო, დღეს უკვე რეალობაა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავარი გზავნილი საქართველოს მოქალაქეებისადმი არის ის, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის გახსნილია და უკვე ჩვენზეა დამოკიდებული თუ რამდენად სწრაფად განვახორციელებთ რეფორმებს და გავხდებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

ასევე საყურადღებოა, რომ ევროკავშირის წამყვანი წევრი ქვეყნების მხრიდან კეთდება მინიშნება ევროკავშირის შემდგომი გაფართოების თარიღთან დაკავშირებით. როგორც გერმანიის, როგორც წამყვანი ევროკავშირის წევრი ქვეყნის მხრიდან, ასევე ევროკავშირის ინსტიტუტებიდან არაერთხელ დასახელდა 2030 წელი, როგორც შემდეგი გაფართოების სავარაუდო თარიღი, რაც წარმოადგენს მკაფიო გზავნილს, როგორც ბალკანეთის რეგიონის სახელმწიფოებისათვის, ასევე საქართველოსთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვის, რომ შემდეგი შესაძლებლობის ფანჯარა გაიღება 2030 წლისათვის და კანდიდატმა სახელმწიფოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ მზად იყვნენ და არ გაუშვან ხელიდან ევროპულ ოჯახში გაწევრიანების ისტორიული შანსი.

პოლიტიკურ მდგენელთან ერთად ამ გადაწყვეტილებას გააჩნია უმნიშვნელოვანესი პრაქტიკული სარგებელი, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებას, მოქალაქეთა კეთილდღეობასა და მეტ სტაბილურობას მოიაზრებს. კანდიდატის სტატუსის მინიჭებით იზრდება საქართველოს იმიჯი, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი სახელმწიფოსი, რაც პირველ რიგში პოზიტიური გზავნილია ინვესტორებისთვის, რომ დაიწყონ საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების დაბანდება, რისთვისაც საქართველოში არის რეგიონში ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, მათ შორის დაბალი გადასახადები და მოქნილი სერვისები. ასევე, ქვეყანა ლიდერია რეგიონში ბიზნესის წარმოების სიმარტივის მხრივ და გააჩნია კორუფციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი რეგიონში.

როგორც ბალკანეთის რეგიონის, ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების მაგალითზე ნათელია, რომ ყველაზე მეტი ინვესტიცია ქვეყანაში იდება მაშინ, როდესაც ქვეყანას კანდიდატის სტატუსი ენიჭება ან მოლაპარაკებები ეხსნება ევროკავშირთან, რადგან ამ მომენტში ჯერ კიდევ არაა გაზრდილი ფასი უძრავ ქონებაზე და ჯერ კიდევ არაა სრულად შესული ძალაში შესაბამისი ევროკავშირის რეგულაციები და დირექტივები, რის შედეგადაც ინვესტირება უფრო მარტივია. ინვესტიციები თავისთავად მოიაზრებს ეროვნული მეწარმეობის განვითარებას, მეტი ქართველის დასაქმებას, მეტ შემოსავალს ბიუჯეტში და ადგილზე წარმოებული პროდუქციის დაბალ ფასს მოსახლეობისთვის. ასევე, ეს პროცესი აუცილებლად აისახება საქართველო ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე და ეროვნული ექსპორტის ზრდაზე ევროკავშირის ერთიან ბაზარზე.

კანდიდატის სტატუსის ერთ-ერთი ხელშესახები სარგებელი ევროკავშირის დამატებით ფინანსურ რესურსებთან წვდომაა, რაც ნიშნავს იმას რომ საქართველოს ეტაპობრივად გაეხსნება წვდომა ევროკავშირის დახმარების იმ ინსტრუმენტებთან და პროგრამებთან, რომლებიც გაწევრიანების პროცესში მყოფი ქვეყნებისთვისაა ხელმისაწვდომი. ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტი ევროკავშირის გაწევრიანებისწინა ინსტრუმენტია (IPA III), რომლის ბიუჯეტი 14 მილიარდ ევროს აჭარბებს და რომელიც კანდიდატი ქვეყნების განვითარებას და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

სტატუსი ასევე აძლევს შესაძლებლობას ახალგაზრდებს – სტუდენტებს, რომ ჩაერთონ ისეთ გაცვლით პროგრამებში, რომლებიც კანდიდატი ქვეყნების მოქალაქეებისთვისაა განკუთვნილი და რაც აქამდე დახურული იყო საქართველოსათვის.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საკმაოდ განვითარებულია საბანკო სექტორი, საქართველოს კომერციულ ბანკებში საკრედიტო რესურსებთან წვდომა ძალიან დიდ საპროცენტო გადასახადს უკავშირდება. სამომხმარებლო სესხის აღება საქართველოს მოქალაქეებს მინიმუმ 15%, ან ზოგ შემთხვევაში 17% და 20%-იანი ტარიფითაც უხდებათ, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და ზოგადად რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ასევე, უპრეცედენტოდ მაღალია გადასახადი საქართველოდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან საქართველოში გადმორიცხვის ტარიფები. კანდიდატის სტატუსი და მისი მიღების შემდგომ არსებული პროცესი თავისთავად მოიაზრებს უფრო ხელმისაწვდომ საფინანსო რესურსებთან წვდომას და საბანკო-საფინანსო ბაზარზე მეტ კონკურენციას, რაც თავისთავად, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში საკრედიტო რესურსებზე საპროცენტო გადასახადის კლებას გამოიწვევს.

საქართველომ უკვე დაიწყო ინტეგრაცია ევროკავშირის 2 მნიშვნელოვან ინიციატივაში. ერთ-ერთი მათგანი ევროს ერთიანი გადახდის სისტემაში (SEPA) ინტეგრაციას გულისხმობს, რაც 2024 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს და შედეგად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ამ ქვეყნებიდან საქართველოში საბანკო ტრანსფერებზე გადასახადის მინიმუმამდე შემცირებას ისახავს მიზნად. მეორე ინიციატივა საქართველოს ევროკავშირის ერთიანი როუმინგის სივრცეში ინტეგრაციას უკავშირდება, რის საფუძველზეც, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მოგზაურობისას გვექნება საშუალება, რომ მობილურით ვისაუბროთ იგივე ტარიფით, რაც საქართველოში მოქმედებს.

კანდიდატის სტატუსი მოიაზრებს ტურიზმის განვითარებასა და საქართველოს იმიჯის ზრდას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, როგორც უსაფრთხო და სტაბილური ევროკავშირის მომავალი წევრი სახელმწიფო. საქართველოს მიეცემა საშუალება, რომ კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინოს საკუთარი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა და დაანახოს ცივილიზებულ სამყაროს თუ რამდენად მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია ევროკავშირის კულტურულ მრავალფეროვნებაში.

ტურიზმის განვითარებასთან ერთად გარდაუვალია ევროკავშირთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის საავიაციო სფეროში საბიუჯეტო ავიაკომპანიების მხრიდან საქართველოთი კიდევ უფრო მეტი დაინტერესება და ეკონომიკაში მეტი ინვესტირება. ასევე, გაიზრდება ინვესტიციები ევროკავშირის საფინანსო ინსტიტუტებისგან, როგორებიცაა ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი (EBRD) და სხვა საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც ისედაც უკვე ახორციელებენ ინვესტიციებს საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში.
ეს მხოლოდ ის მცირე ჩამონათვალია, რაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით შეიძლება მიიღოს ქვეყანამ. 14 დეკემბრის ისტორიული მნიშვნელობა ჯერ კიდევ ბოლომდე არ გვაქვს გააზრებული, თუმცა ის ფაქტი რომ 30 წლის განმავლობაში ევროკავშირმა პირველად აუნთო მწვანე შუქი საქართველოს ევროკავშირში წევრობის გზაზე, ძალიან ბევრზე მეტყველებს.

ბლოგის ავტორი: დავით ბუჯიაშვილი

პუბლიკაციის შინაარსი სრული მოცულობით წარმოადგენს ავტორის პირად მოსაზრებებს.