კოლექტიური თავდაცვა – უსაფრთხოების უზრუნველყოფის ყველაზე ეფექტური საშუალება
თორნიკე ფარულავა
დეკემბერი 14, 2023
ცივი ომის დასრულების და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ევროპაში ეტაპობრივად გავრცელდა და გარკვეული პოპულარობაც მოიპოვა მიდგომამ, რომ საფრთხეების კლების ფონზე, სამხედრო ალიანსები აზრს კარგავდა. ამ ტენდენციის გაგრძელება იყო ზოგიერთი ნატო-ს წევრი ქვეყნის მიერ სამხედრო ბიუჯეტების შემცირება, რომელიც განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა დასავლეთ ევროპელი მოკავშირეების შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების რაოდენობა იზრდებოდა, მთლიანობაში აღებული ნატო-ს სამხედრო ბიუჯეტი, ან იგივე რჩებოდა ან მცირდებოდა კიდეც. ვინაიდან ნატო დემოკრატიების გაერთიანებაა, გასაკვირი არც უნდა იყოს, რომ საფრთხის შეგრძნების გაქრობამ მისი წევრი ქვეყნების საზოგადობებში, პირდაპირი გავლენა მოახდინა პოლიტიკოსების გადაწყვეტილებებზე და დაწესებული GDP-ის 2 პროცენტს ეტაპობრივად ჩამოცდა ევროპელი წევრების სამხედრო ბიუჯეტები.
კეთილდღეობის და ეკონომიკური წინსვლის გარდაუვალობის შეგრძნება იმდენად ძლიერი გახდა, რომ უსაფრთხოებაზე და სამხედრო შესაძლებლობების განვითარებაზე ზრუნვა ნაკლებად მოდურად ითვლებოდა.
ზემოაღნიშნული “დემილიტარიზაციის“ ტენდენციის ფონზე, ევროპაში კიდევ უფრო მომრავლდა მიუმხრობლობის და ნეიტრალიტეტის თეორიების მხარდამჭერების რაოდენობა. ავსტრიისა და შვეიცარიის წარმატებული ნეიტრალიტეტის გამოცდილების გარდა, მნიშვნელოვან პრეცედენტებს წარმოადგენდა შვედეთის და ფინეთის მიერ გატარებული მიუმხრობლობის პოლიტიკა და სამხედრო ალიანსებისგან თავის არიდება. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ბუნებრივი იყო რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად, დამოუკიდებლობა აღდგენილი ახალგაზრდა დემოკრატიებისთვის მიუმხრობლობის პოლიტიკა, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გატარების ერთ-ერთ საშუალებად განიხილებოდა. რამდენიმე ქვეყანამ ეს გზა აირჩია კიდევაც და დღემდე ინარჩუნებს სხვა და სხვა ფორმით ნეიტრალიტეტის პოლიტიკის გატარებას.
ევროპის კონტინენტზე კონვენციური სამხედრო საფრთხის არ არსებობის თეორიაში პირველი ბზარი, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორცილებულმა სამხედო აგრესიამ შეიტანა. თუმცა სამწუხაროდ, გარკვეული სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები ვერ აღმოჩნდა საკმარისად ძლიერი ბიძგის მიმცემი, რათა უკვე ორი ათწლეულის განმავლობაში დამკვიდრებული მიდგომები შეცვლილიყო. 2014 წელს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფამ, ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიამ და აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო დაპირისპირების დაწყებამ უკვე სერიოზულად დააფიქრა ევროპული ქვეყნები, რომ სამხედრო კონფრონტაცია არც ისე წარმოუდგენელი რამ იყო ევროპის კონტინენტზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთქმული “შეშფოთება“ აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნებისათვის ბევრად ცალსახა და თვალსაჩინო იყო ვიდრე დასავლელებისთვის, რამაც საბოლოოდ იმოქმედა კიდეც საპასუხო ნაბიჯების შინაარსზე და მასშტაბზე.
მიუხედავად იმისა, რამდენად ეფექტური აღმოჩნდა კოლექტიური დასავლეთის პასუხი 2014 წელს განვითარებულ მოვლენებზე, ერთი რამ ცალსახა იყო – უზრუნველობის ორი დეკადა დასრულდა. სამხედრო ბიუჯეტების კლების ტენდენცია შეჩერდა და 2% ნიშნულთან უკან დაბრუნების გეგმები დაისახა. მიდგომა, რომ ევროპაში სამხედრო საფრთხე თეორიულადაც არ არსებობს, არასწორი აღმოჩნდა.
ზემოაღნიშნულმა პროცესებმა მნიშვნელოვნად შეარყია ევროპაში მიუმხრობლობის და ნეიტრალიტეტის “მიმდევართა“ პოზიციები. განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო, რომ ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო დაპირისპირება განვითარდა იმ ფონზე, როდესაც 2010 წლიდან მოყოლებული უკრაინის “არა ბლოკური“ სტატუსი ანუ ნეიტრალიტეტი, საკანონმდებლო დონზე იყო დაფიქსირებული და უკრაინას ეკრძალებოდა სამხედრო ალიანსებში გაწევრიანება.
მოლდოვის მიერ დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე გამოცხადებული “მუდმივი ნეიტრალიტეტის“ შემდეგ, 2014 წელს უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფა უკვე მეორე შემთხვევა იყო პოსტ-საბჭოთა სივრცეზე, როდესაც ქვეყანა ნეიტრალიტეტს ირჩევდა, როგორც უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალებას და შედეგად ტერიტორიული მთლიანობის დარღევევას იღებდა. ეს გარემოება ბუნებრივ კითხვებს ბადებდა და მათზე პასუხები ცალსახად იხრებოდა ნეიტრალიტეტის არაეფექტურობის მხარეს.
თუმცა, ევრო-ატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების გარანტიების მცირერიცხოვანი არჩევანიდან, ნეიტრალიტეტის საბოლოოდ ამოშლას, კიდევ დაჭირდა რამდენიმე წელი. წყალგამყოფი აღმოჩნდა 2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი რუსული სამხედრო აგრესია. სხვა გეო-პოლიტიკურ ცვლილებებთან ერთად ამ უკანასკნელმა მოვლენამ, რადიკალურად შეცვალა ორი ნორდიკული ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა. მიუმხრობლობა და ნეიტრალიტეტი ფინეთისა და შვედეთის უსაფრთხოების არქიტექტურის საფუძველს წარმოადგენდა ათწლეულების განმავლობაში. ამ ორი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებით საბოლოოდ შეიცვალა ევროპის სამხედრო-პოლიტიკური რუკა და ბუფერული ზონებისა თუ ნეიტრალური ტერიტორიების თეორია წარსულს ჩაბარდა.
ცივი ომის დასრულების შემდეგი 30 წლიანი ისტორიის გაანალიზების საფუძველზე, უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე რეალობაში, ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების უალტერნატივო გარანტია, მხოლოდ ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლია. ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის და საბოლოდ გადარჩენისთვის, ბრძოლა საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის ყოველდღიური რეალობა გახდა თანამედროვე ისტორიაში. ხოლო ქვეყნები, მსგავსი წარსულით და მსგავსი გეო-პოლიტიკური მოცემულობით, რომლებმაც მოახერხეს და გახდნენ ნატო-ს წევრები, აგრძელებენ მშვიდობიან განვითარებას. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დაცულად გრძნობენ თავს ნატო-ს წევრი, აღმოსავლეთ ევროპული, მცირე ზომის ქვეყნების საზოგადოებები, ფაქტია რომ მათ ტერიტორიაზე სამხედრო აქტივობები არ მიმდინარეობს და არც ოკუპაციისა თუ ანექსიის გამოწვევებთან უწევთ გამკლავება.
70 წელზე მეტი გავიდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ხელმოწერიდან და მე-5 მუხლის, როგორც უსაფრთხოების ინსტრუმენტის არსებული ფორმით ჩამოყალიბებიდან. მიუხედავად ხანდაზმულობისა, კოლექტიური თავდაცვა ცალსახად რჩება ევრო-ატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ყველაზე ეფექტურ საშუალებად. სწორედ ამის დასტურია ის ფაქტიც, რომ 12 ქვეყნის მიერ დაარსებული ალიანსი, დღეს 31 წევრს ითვლის და გაფართოების პროცესი კვლავ გრძელდება.
ბლოგის ავტორი: თორნიკე ფარულავა
პუბლიკაციის შინაარსი სრული მოცულობით წარმოადგენს ავტორის პირად მოსაზრებებს.