რა რეფორმები გაატარა თავდაცვის სფეროში საქართველომ ნატოში გაწევრიანების მიზნით?
ნათია გვენეტაძე
დეკემბერი 1, 2023
ნატო-საქართველოს თანამშრომლობას საფუძველი საბჭოთა კავშირის დაშლიდან მოყოლებული ჩაეყარა. მოსკოვის მხრიდან მუდმივი ზეწოლის მიუხედავად, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს საგარეო პოლიტიკა თანმიმდევრულია და ურყევად მიიწევს აღნიშნული სტრატეგიული მიზნის მისაღწევად. საქართველომ ჯერ კიდევ 2002 წელს პრაღაში გამართულ სამიტზე ალიანსში გაწევრიანების სურვილი დააფიქსირა, რის შემდეგაც ინტეგრაციის გამოწვევებით და შესაძლებლობებით სავსე პროცესი დაიწყო.
საქართველო ნატო-ში გაწევრიანებას ეროვნული უსაფრთხოების ქვაკუთხედად მიიჩნევს, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის თანახმად, ალიანსში გაწევრიანება ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მყარ გარანტიებს შექმნის და რეგიონული სტაბილურობის განმტკიცებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და შეძლო, უსაფრთხოების მიმღები სახელმწიფოდან უსაფრთხოების პროვაიდერ სახელმწიფოდ გარდაქმნა.
თავის მხრივ, ალიანსმა საქართველოს მიერ ტრანსფორმაციის წარმატებული პროცესისა და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში შეტანილი მასშტაბური წვლილის საპასუხოდ, პოლიტიკური მხარდაჭერა და პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინა. 2008 წელს ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე, მოკავშირეებმა განაცხადეს და შემდგომი სამიტების გადაწყვეტილებებსა და ნატო-ს სტრატეგიულ კონცეფციაში არაერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. 2011 წლიდან საქართველო ოფიციალურად ნატო-ს ასპირანტი სახელმწიფოდ არის მოხსენიებული, ხოლო 2014 წელს უელსის სამიტზე ქვეყანა ნატო-ს ერთ-ერთ ყველაზე თავსებად სახელმწიფოდ აღიარეს და „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის“ (EOP) სტატუსი მიანიჭეს. დღეს საქართველო ნატო-ს სანდო და საიმედო პარტნიორია და ალიანსში გაწევრიანების ყველა პრაქტიკული მექანიზმი აქვს.
ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, განსაკუთრებით აღსანიშნავია ალიანსის მხარდაჭერით საქართველოს მიერ დემოკრატიის, თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით არაერთი რეფორმის განახორციელება. ქვეყანამ თავდაცვის სფეროში ინსტიტუციური რეფორმების გატარება წლების წინ დაიწყო და დღესაც მათი განხორციელება პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
საქართველომ დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად, სამოქალაქო კონტროლი დაამყარა შეიარაღებულ ძალებზე და 2004 წლიდან თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო პირი ხელმძღვანელობს. თავდაცვის მართვის ეფექტური სისტემის შესაქმნელად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, კერძოდ, თავდაცვის სამინისტროს და გენერალური შტაბის ფუნქცია-მოვალეობები გაიმიჯნა და სამხედრო – სამოქალაქო პერსონალის მართვის, რესურსების მართვის, განათლებისა და პროფესიული განვითარების სისტემები ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად ჩამოყალიბდა და დაინერგა.
ნატო-ს მოთხოვნების შესაბამისად, ქვეყნამ თავდაცვის სექტორის ინსტიტუციური განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა. ინსტიტუციური რეფორმები მიზნად ისახავს თავდაცვის სექტორში ერთიანი დაგეგმვის, მართვისა და გადაწყვეტილების მიღების ეფექტიანი მექანიზმების დანერგვას, უწყებათაშორისი კოორდინაციის ხელშეწყობას, ანტიკორუფციული გარემოს შექმნას, მენეჯმენტისა და შიდა კონტროლის სისტემების გაუმჯობესებას და ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის დანერგვას.
საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების ეტაპობრივი განვითარება და რეფორმების შეუქცევადობა ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფის აუცილებელი წინაპირობაა. შესაბამისად, რეფორმირების პროცესი ემსახურება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, ნატო-სთან თავსებადობის ამაღლებას და ალიანსში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას. თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისთვის, საქართველო ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 2%-ით განსაზღვრავს თავდაცვით ხარჯებზე და შეიარაღების შესყიდვაზე საერთო თავდაცვის ბიუჯეტის არანაკლებ 20%-ის გამოყოფს.
ნატო-სთან მჭიდრო თანამშრომლობით და მოკავშირეების აქტიური დახმარებით, საქართველომ თანამედროვე და ნატო-სთან თავსებადი სამხედრო განათლებისა და წვრთნების სისტემა დანერგა და მისი განვითარება დღესაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. სამხედრო განათლების რეფორმირების შედეგად, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჩამოყალიბდა და განვითარდა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, შეიქმნა სერჟანტთა აკადემია და საერთო საჯარისო მომზადების ცენტრი, რომელიც აერთიანებს სამხედრო საკარიერო სკოლებს. აღნიშნულ საგანმანათლებლო და საწვრთნელ ინსტიტუტებში სასწავლო პროგრამების ხარისხის ასამაღლებლად და თანამედროვე სწავლების მეთოდების დასანერგად, ნატო-ს განათლების განვითარების პროგრამის (DEEP) ფარგლებში ინტენსიურად ხორციელდება ქართველი ინსტრუქტორების გადამზადება და გამოცდილების გაზიარება სასწავლო კურსების და სწავლებების საშუალებით.
განსაკუთრებით მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს საჩხერის სამთო მომზადების სკოლას, რომელმაც 2010 წელს ნატო-ს პარტნიორობა მშვიდობისათვის წვრთნისა და განათლების ცენტრის სტატუსი მიიღო. სკოლა ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს ზამთრის და ზაფხულის სამთო მომზადების საბაზისო და შუალედურ კურსებსა და მაღალი მთის ლიდერის კურსს სთავაზობს.
პროფესიული განვითარების თვალსაზრისით ასევე აღსანიშნავია ალიანსის მხარდაჭერა. საქართველოს სახელმწიფო უწყებების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი ნატო-ს ინდივიდუალური პარტნიორობისა და თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად 200-მდე ღონისძიებაში მონაწილეობს. ამასთან, 2009 წლიდან საქართველოში ნატო-ს ეგიდით პროფესიული განვითარების პროგრამა (PDP) დაიწყო, რომელიც ქვეყანას თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმების წარმატებით გატარებაში ეხმარება და სხვადასხვა კურსის, ტრენინგის, სამუშაო შეხვედრისა და სტაჟირების უზრუნველყოფით, უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლების პროფესიულ განვითარებას უწყობს ხელს.
საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუციური განვითარების მხარდასაჭერად, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში მნიშვნელოვან ინიციატივად თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) განვითარება განისაზღვრა. სკოლა უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებს 2016 წლიდან სწავლებისა და განვითარების ნატო-ს ხარისხის მართვის სისტემის შესაბამისი პროფესიული განვითარების სხვადასხვა პროგრამას სთავაზობს და დღემდე ჯამში 7000-ზე მეტი პირი გადაამზადა. სკოლის მიერ შემუშავებული რეგიონული და საერთაშორისო სასწავლო პროგრამების საშუალებით, საქართველო დაგროვილ გამოცდილებას და ცოდნას ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებსაც უზიარებს. 2021 წლის ნოემბერში ნატო-ს აკრედიტაციის ექსპერტთა ვიზიტის შედეგად, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას ნატო-ს ინსტიტუციური აკრედიტაცია მიენიჭა, რის შედეგაც საქართველო გახდა პირველი პარტნიორი ქვეყანა რეგიონში ნატო-ს მიერ აკრედიტებული სასწავლო დაწესებულებით.
საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისა და საერთაშორისო მისიებში ეფექტურად მონაწილეობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო წვრთნებში აქტიური ჩართულობა. უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების დასაძლევად, სამხედრო შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად და ნატო-სთან თავსებადობის გასაზრდელად, საქართველო ინტენსიურად მონაწილეობს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში დაგეგმილ სამხედრო სწავლებებში.
საქართველო არა მხოლოდ მონაწილეობს საერთაშორისო სწავლებებში, არამედ თავადაც მასპინძლობს სამხედრო წვრთნებს. ამ მხრივ, აღსანიშნავია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) მიერ განვითარებული შესაძლებლობები, რაც საქართველოს საშუალებას აძლევს სხვადასხვა მასშტაბის საერთაშორისო სწავლებებთან ერთად, 3 წელიწადში ერთხელ უმასპინძლოს ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებებს. 2016 წელს საქართველომ პირველად ჩაატარა ნატო-საქართველოს სწავლება, რომელშიც ალიანსის 11 წევრი და 2 პარტნიორი ქვეყნის 250 მონაწილე იყო ჩართული, ხოლო 2019 წელს საქართველო ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოებს შორის იყო პირველი ქვეყანა, რომელსაც ნატო-ს ერთობლივი სწავლების ჩატარების მართვის და ხელმძღვანელის როლი დაეკისრა, სადაც 24 ქვეყნის 300-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.
ეროვნულ დონეზე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, საქართველო წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაციებში და საკუთარი წვლილი შეაქვს გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში. 2015 წელს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის, ალექსანდრე ვერშბოუს განცხადებით, საქართველო რეგიონში სამაგალითო ქვეყანა და გლობალური „უსაფრთხოების ექსპორტიორია.“
1999 წლიდან მოყოლებული, საერთაშორისო მისიების შესრულებისას, ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა მაღალი საბრძოლო მომზადების დონე და ურთულესი ამოცანების შესრულების უნარი არაერთხელ დაადასტურეს, რითაც საქართველოს გლობალური უსაფრთხოების სფეროში საიმედო მოკავშირე ქვეყნის სახელი დაუმკვიდრეს. საქართველო წლების მანძილზე განეკუთვნებოდა ნატო-ს მისიების ერთ-ერთ უმსხვილეს კონტრიბუტორ სახელმწიფოს როგორც ნატო-ს წევრებს შორის ერთ სულ მოსახლეზე, ასევე ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის.
საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს თავდაცვის ძალების 25 000-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა, რამაც მიღებული გამოცდილების საფუძველზე, მაღალი საბრძოლო მზადყოფნის დონის შენარჩუნება და შესაბამისი შესაძლებლობების განვითარება განაპირობა. საერთაშორისო ოპერაციებში ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ნატო-სთან თავსებადობის ამაღლების თვალსაზრისით.
ნატო-სა და ევროკავშირის მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობით, საქართველომ დაამტკიცა, რომ ქვეყანას შესწევს უნარი, განამტკიცოს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოება და ეფექტიანად იტვირთოს კოლექტიური თავდაცვის პასუხისმგებლობა.
ნატო-ს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობის პარალელურად, საქართველოს თავდაცვის ძალების ორი ქვეითი ასეული შესაბამისი მომზადების გავლის შედეგად, ნატო-ს საპასუხო ძალებს (NRF) შეუერთდა. გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების წინააღმდეგ გამკლავების საპასუხოდ შექმნილი ძალები წარმოადგენს მაღალი მზადყოფნის, მობილობისა და მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის მქონე მრავალეროვნულ შენაერთს. NRF-ში მონაწილეობის მიღების მიზნით, თავდაცვის ძალებმა
ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის (OCC E&F) ფარგლებში შეფასების კომპლექსური ციკლი გაიარა.
ქვეყნისა და რეგიონის წინაშე არსებული რთული გამოწვევებისა და საფრთხეების გათვალისწინებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება და ეროვნული და რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებისთვის პარტნიორების მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერა.
ნატო-ში გაწევრიანების მიზნით გატარებული რეფორმები აძლიერებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, ხელს უწყობს ინსტიტუციურ განვითარებას და ამაღლებს ალიანსთან ურთიერთთავსებადობის დონეს. ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, რეფორმირებისა და მოდერნიზების პროცესი საქართველოს ეხმარება არა მხოლოდ ქვეყნის უსაფრთხოება უზრუნველყოს, არამედ რეგიონის და საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში შეიტანოს წვლილი.
ბლოგის ავტორი: ნათია გვენეტაძე
პუბლიკაციის შინაარსი სრული მოცულობით წარმოადგენს ავტორის პირად მოსაზრებებს.