როგორ იწრთობოდა პროპაგანდა

დავით ძიძიშვილი
ოქტომბერი 1, 2022

პაპი გრეგორი XV ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მის მიერ 1622 წელს შექმნილი Congregatio de Propaganda Fide, რაც ქართულად რწმენის გავრცელების კონგრეგაციას ნიშნავს, საფუძველს ჩაუყრიდა 21-ე საუკუნის სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე მეტად გამოყენებად ტერმინს – „პროპაგანდა“. სიტყვა სიტყვით რომ ვთარგმნოთ, „პროპაგანდა“ ლათინური წარმომავლობის სიტყვაა და რაიმე ამბის, ინფორმაციისა თუ სწავლების სათანადო, შესაბამის გავრცელებას ნიშნავს. ჰოდა ასე, ქრისტეს სიტყვის გავრცელების მიზნით შექმნილი ჯგუფი, თავისდა უნებურად გახდა „ნათლიმამა“ სიტყვისა, რომელიც დღეს უკვე ისეთ პროცესს აღწერს, რომელშიც რთულია გაიგო, სად არის ღვთის და სად – ეშმაკის სიტყვა.

მიუხედავად იმისა, რომ თავად ტერმინი „პროპაგანდა“ მე-16 საუკუნემდე იშვიათად თუ შეგხვდებათ, ამბავი იმისა, თუ როგორ ავრცელებენ ინფორმაციას საზოგადოების ცალკეულ ჯგუფებზე ზეგავლენის მოსახდენად, ჯერ კიდევ ხამურაბის კანონების დროინდელია. დიახ, სწორედ ხამურაბის კანონების პოპულარიზაციისათვის უკვე არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც უხსნიდნენ სხვა ადამიანებს, რომ კანონი იმისათვისაა, რათა გაათანაბროს ყველა ადამიანი და ერთნაირად მოეკითხოთ დანაშაულისათვის.

ინფორმაცია რომ მძლავრი იარაღი იყო, ამას ჩინელი მხედართმთავარი და მსოფლიოში, ალბათ ყველაზე ცნობილი სამხედრო თეორეტიკოსი სუნ-ძიც კარგად აცნობიერებდა და მის მიერ შემუშავებულ ტრაქტატში, „საბრძოლო ხელოვნება“, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საინფორმაციო ზეგავლენის უპირატესობების აღწერას.

პროპაგანდა, მისი პირველადი დანიშნულებით არც საქართველოსათვის ყოფილა უცხო ხილი. ინფორმაციას და მისი საშუალებით საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას ხშირად მიმართავდნენ ქართველი მეფეები, საზოგადო მოღვაწეები და პირველი ქართველი ბიზნესმენებიც კი. ასე მაგალითად, ცნობილია ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ეწეოდა ქართული ღვინის „პროპაგანდას“ ცნობილი ქართველი მემამულე ივანე მუხრანბატონი, რომელმაც პირველმა შეძლო ქართული 8000-წლოვანი ღვინო ევროპისათვის პარიზის გამოფენაზე წარედგინა. როგორც ამბობენ, მუხრანბატონს ასეთი სტრატეგია შეურჩევია – მისი „დაკვეთით“, წარმოსადეგი ფრანგი ახალგაზრდები, რომელთაც მარტივად შეამჩნევდით არისტოკრატიულ წარმომავლობას, პარიზის ყველაზე ცნობილ რესტორნებში შედიოდნენ და შეკვეთის მიცემისას, მუხრანულ ღვინოს ითხოვდნენ. მას შემდეგ, რაც ადგილობრივი სომელიე ეტყოდა, რომ ასეთი ღვინო მენიუში არ აქვთ და მის შესახებ არც კი სმენოდათ, ახალგაზრდები ჯერ ღვინის ქებას იწყებდნენ, შემდეგ კი ტოვებდნენ რესტორანს და ამბობდნენ, რომ იქ დასხდებოდნენ, სადაც ეს ღვინო იყო. როგორც ჩანს, ხრიკმა გაჭრა და მალე მუხრანულ ღვინოზე მოთხოვნა გაიზარდა.

პროპაგანდამ, როგორც ნეგატიური დამოკიდებულების აღმნიშვნელმა ტერმინმა, თავის დამკვიდრება მე-20 საუკუნის პირველი ნახევრიდან დაიწყო. პროპაგანდისტული ბრძოლა ევროპის კონტინენტზე ჯერ პირველი, შემდეგ კი მეორე მსოფლიო ომის დროს გაჩაღდა და მას შემდეგ, ალბათ არც შეჩერებულა. წარმოუდგენელია, რამდენად დიდი ძალისა და შთაბეჭდილების მომხდენი იქნებოდა 20-იან წლებში დახატული პროპაგანდისტული პოსტერი, რომელიც გამარჯვებისთვის ბრძოლისაკენ მოგვიწოდებდა.

პროპაგანდის აღზევების პერიოდად მაინც მეორე მსოფლიო ომი შეგვიძლია მივიჩნიოთ, როცა ნაციზმის ხელში ინფორმაცია ტოტალური კონტროლის იარაღად გადაიქცა და საბოლოოდ დამკვიდრდა აღქმა, რომ პროპაგანდა ბოროტების, სიცრუის, სიბნელისა და უკეთურების გავრცელებაა.

თუმცა, ამავე პერიოდში იწყება ახალი გზების ძიება პროპაგანდის დასამარცხებლად. თავიდან კონტრპროპაგანდით – რაც იდეაში პროპაგანდის მეთოდების გამოყენებით საწინააღმდეგო აზრის ტირაჟირებას ნიშნავდა, შემდეგ კი, უფრო ეფექტიანი ბრძოლის, ფსიქოლოგიური და საინფორმაციო ოპერაციების მექანიზმების განვითარებით.

21-ე საუკუნე და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური განვითარება პროპაგანდის ხელახლა დაბადების ეპოქად იქცა. როგორც ფრედერიკ ბეგბედერი თავის რომანში, „99 ფრანკი“, ამბობს, არასოდეს ყოფილა ადამიანის ტვინი ასე დამოკიდებული ინფორმაციაზე. სწორედ ეს დამოკიდებულება გახდა პროპაგანდის ხელახლა დაბადების საფუძველი და ბოროტების გამავრცელებლებს შესაძლებლობა მისცა შემომძვრალიყვნენ ყველგან და ყველაფერში, გამოეყენებინათ ადამიანის გონებაში შეღწევის ყველა შესაძლებლობა და ხერხი.

„ომი გულისა და გონებისათვის“ – ვიეტნამის ომის დროს გაჩენილმა ფრაზამ, ამ საუკუნეში განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა და დღეისათვის, რუსულ პროპაგანდას სწორედ ჩვენს გულებსა და გონებაში მოპოვებული მცირე გამარჯვებები აცოცხლებს.

თანამედროვე პროპაგანდის მიზანი აღარ არის დაგვარწმუნოს კონკრეტული აზრის სისწორეში, კონკრეტული პოზიციის მართებულობაში. დღეს, პროპაგანდის ყველაზე დიდი მოკავშირე – შიშია. სწორედ შიშის გაჩენის, მისი მუდმივი გამოკვების შემთხვევაში ვივიწყებთ მიზანს და მისთვის გადასადგმელ ნაბიჯებს. სწორედ შიში გვიშლის ხელს ავირჩიოთ, რა არის უკეთესი, გვაფერხებს და არ გვაძლევს ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობას, რადგან თუკი გეშინიათ, რომ ნაბიჯის გადადგმისას დაეცემით, მაშინ არასოდეს დაუშვებთ, რომ ეს ნაბიჯი გადადგათ. სწორედ ამიტომ გვაშინებს რუსული პროპაგანდა. გვაშინებს ყველგან და ყოველთვის. გვაშინებს იმით, რომ „ქართველობას გვართმევენ“, იმით, რომ „ევროპა გარყვნილია“, იმით, რომ „ჩვენ პატარა ერი ვართ და მუდამ ვიღაცას სურს გაგვანადგუროს“, იმით, რომ მარტო არაფერი შეგვიძლია და მხოლოდ იმიტომ ვარსებობთ, რომ რუსეთი გვიფარავდა.

მაშინ კი, როცა არ გვეშინია და არ ვიჯერებთ ამ მოკლეფეხება ტყუილებს, ომით გვაშინებს, გვაშინებს რაკეტებით, აი, იმ რაკეტებით, მსოფლიოში ანალოგი რომ არ აქვთ და სირიაში გასროლილი მათი ორი მესამედი რომ მიზანს ვერ მოარტყეს, ხოლო რაც მოარტყეს, იმათი ნახევარი რომ არ აფეთქებულა. კიდევ იმით გვაშინებს, რომ ჩაუძირავი კრეისერი ჰყავთ. არც მას აქვს ანალოგი. ასე ოსტატურად კრეისერი რომ წყალქვეშა ნავად გადაქცეულიყოს, მაგის ანალოგი მართლაც არ არსებობს ამ პლანეტაზე. ჰოდა როცა არც ამის გვეშინია, მერე ვთავისუფლდებით და აღმოვაჩენთ, რომ ქართველობის წართმევა სწორედ ის არის, ეკლესიებს რომ დაგიკეტავენ და შიგნით საწყობებს გახსნიან და არა ის, რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღსადგენად ევროკავშირი და ევროპული ფონდები მილიონებს ხარჯავენ. კიდევ ის, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსს რომ უუქმებ და არა ის, ქართული ენა და ლიტერატურა რომ საერთაშორისო წიგნის ბაზრობების საპატიო სტუმარია. ის არის ქართველობის წართმევა, ყველა გამოჩენილ ქართველ მეცნიერზე რომ საბჭოთა მეცნიერიაო, ამბობ და არა ის, ახალგაზრდა ქართველ მეცნიერს „ერასმუსი“ რომ განათლების უფასოდ მიღების საშუალებას აძლევს და შემდეგ, მის სტატიებს ყველაზე ცნობილ გამოცემებში ბეჭდავს. სიამაყით სავსე ქვეყანა რომ ვაზიარებთ შემდეგ ამ სტატიას სოციალურ ქსელებში, არც ეს არის ქართველობის წართმევა, მაგრამ აი ის კი ნამდვილად, როცა გადაუმოწმებლად ვავრცელებთ პროპაგანდისტების მიერ გავრცელებულ ანტიდასავლურ ნარატივებს, რადგან ქართული და დასავლური ღირებულებები რომ ერთია, ამას ჩვენი ისტორია, კულტურა და ცნობიერება ყოველთვის ამტკიცებდა და ახლაც ამტკიცებს და ამაზე ალბათ ცალკე ბლოგის დაწერაც შეიძლება, მაგრამ შიშით მებრძოლი პროპაგანდა სწორედ ამის დავიწყებას ცდილობს. სწორედ პროპაგანდის გამარჯვების შემთხვევაში წაგვართმევენ ქართველობას და გადაგვაქცევენ წარუმატებელ ქვეყნად, რომელიც ვერასოდეს გახდა ის სახელმწიფო, რომელზეც ვაჟა-ფშაველა, ილია ჭავჭავაძე და მერაბ მამარდაშვილი წერდნენ და საუბრობდნენ. სახელმწიფო, რომელშიც ვეფხისტყაოსნის გმირები მითიური პერსონაჟები კი არ არიან, არამედ ქართული მულტიკულტურულობის მატარებელი გმირები, რომლებიც მრავალფეროვნების გაერთიანებით მიღებული სინერგიით, პრაქტიკაში ახორციელებენ ყველა იმ ღირებულებას, რაც ასე ძვირფასი და მნიშვნელოვანია ძლიერი სახელმწიფოს შესაქმნელად.
არ შეგვეშინდეს და პროპაგანდა ყოველთვის დამარცხდება.

ბლოგის ავტორი: დავით ძიძიშვილი

პუბლიკაციის შინაარსი სრული მოცულობით წარმოადგენს ავტორის პირად მოსაზრებებს.