შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება და ნატო
ნათია გვენეტაძე
მარტი 1, 2024
![Artboard 8](https://infocenter.gov.ge/wp-content/uploads/2024/03/artboard-8.png)
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის შედეგად ევროატლანტიკური უსაფრთხოების გარემო ფუნდამენტურად შეიცვალა. დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების არეალს დღეს სწორად შავი ზღვის რეგიონი წარმოადგენს.
თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, ისტორიულად შავი ზღვის რეგიონი ყოველთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური ცენტრი და ენერგორესურსების სატრანზიტო დერეფანი იყო. 21-ე საუკუნეში კი ის ძლიერი ქვეყნების ძალაუფლებისთვის ბრძოლის ასპარეზადაც გადაიქცა და მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა.
აღნიშნული რეგიონი ექვს სანაპირო ქვეყანას აერთიანებს, რომელშიც დაახლოებით 300 მლნ. ადამიანი ცხოვრობს. ამ ქვეყნებიდან სამი ნატო-ს მოკავშირეა (თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი), ორი ევროკავშირის წევრი (ბულგარეთი, რუმინეთი), ორი ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა (საქართველო და უკრაინა) და რუსეთი, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მიერ პირდაპირ საფრთხედ აღიქმება, ვინაიდან ამ ქვეყანას ოკუპირებული და ანექსირებული აქვს ალიანსის ორი ასპირანტი ქვეყნის ტერიტორია. აღსანიშნავია, რომ ამ რეგიონის ქვეყნებმა ავღანეთში ნატო-ს მისიის მხარდასაჭერად მაღალი პოლიტიკური მზადყოფნა გამოხატეს. შესაბამისად, ბოლო წლების განმავლობაში ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების – საქართველოს, უკრაინის, თურქეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის – კონტრიბუცია გადასროლილი ევროპული ძალების ერთ მესამედს შეადგენდა.
შავი ზღვის რეგიონი კასპიის, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვის აუზებს აკავშირებს, ხოლო ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ცენტრალურ აზიაში გასასვლელად ხელსაყრელ სატრანსპორტო დერეფანს წარმოადგენს. ამ რეგიონს მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სატრანზიტო პოტენციალი აქვს და შეუძლია, ევროპა ცენტრალური აზიის ენერგორესურსებთან და აზიის ბაზრებთან დააკავშიროს. ასევე შავ ზღვაზე მსოფლიოს ნავთობით დატვირთული ტანკერებისა და სხვა საზღვაო-სატრანსპორტო საშუალებების საკვანძო კომუნიკაციები და მარშრუტები გადის. ზღვის ფსკერზე გაზისა და ნავთობის მილსადენები და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებია გაყვანილი, ხოლო მის ზედაპირზე ყოველდღიურად ასობით გემი დაცურავს. სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით, რეგიონი სამხედრო კონფლიქტების, მზარდი მილიტარიზაციისა და თანამედროვე სამხედრო სისტემების გამოყენების პლაცდარმია.
კრემლი რეგიონში დასავლეთის ზეგავლენის ზრდას და ნატო-ს მიერ წევრი და ასპირანტი ქვეყნების მხარდაჭერას პირდაპირ საფრთხედ აღიქვამს. 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურა და ძალთა ბალანსი რუსეთის სასარგებლოდ შეცვალა. რუსეთმა შავ ზღვაზე სამხედრო უპირატესობა მოიპოვა, დაიწყო რეგიონის მზარდი მილიტარიზაცია, შეიარაღებული ძალების მოდერნიზება და ინტენსიური ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების ჩატარება. გარდა ამისა, რუსეთის მიერ აქტიურმა კიბერ თავდასხმებმა, საინფორმაციო ომის აგრესიულმა წარმოებამ და ენერგო-ეკონომიკური პროექტების პოლიტიზირებამ რეგიონის სტაბილურობა კიდევ უფრო მოწყვლადი გახადა, რამაც დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია. 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ დაწყებულმა სრულმასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ შავი ზღვის რეგიონში ახალი გეოპოლიტიკური რეალობა შექმნა.
შავი ზღვის რეგიონში 2014 წლიდან განვითარებული მოვლენების საპასუხოდ ნატო-მ ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად რუსეთი დაასახელა და აღმოსავლეთ ფლანგზე მისი „შეკავების პოლიტიკა“ გაააქტიურა. ამის შედეგად, შავ ზღვის რეგიონში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო წარმომადგენლობა გაიზარდა.
2016 წლის ივლისში ვარშავის სამიტზე მოკავშირეთა ლიდერები ალიანსის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგზე სამხედრო კომპონენტის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. ამის შედეგად შავი ზღვის რეგიონში სამხედრო კომპონენტი Tailored Forward Presence (TFP), ხოლო ესტონეთში, ლატვიაში, ლიეტუვასა და პოლონეთში – Enhanced Forward Presence-EFP შეიქმნა. რის საფუძველზეც ოთხი მრავალეროვნული ბატალიონის ზომის საბრძოლო ჯგუფი ჩამოყალიბდა და რუსეთის საფრთხის შესაკავებლად ისინი ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში იქნა გადასროლილი. TFP-ის ფარგლებში ნატო-ს ჩართულობა საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო კომპონენტით განისაზღვრა, მათი სახმელეთო მიმართულების შტაბ-ბინა რუმინეთში (ქ. კრაიოვა) მდებარეობს და ბრიგადის ფორმატის მრავალეროვნულ ძალებს აერთიანებს.
2017 წელს ბუქარესტში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე გერმანელი დეპუტატის, ულა შმიდტის ინიციატივა – „სტაბილურობა და უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში“- მიიღეს. დოკუმენტში ხაზგასმულია რუსეთის შეკავების აუცილებლობა, შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურის განმტკიცება და ამ მიმართულებით საქართველოსა და უკრაინის განსაკუთრებული როლი. ამის შედეგად ნატო-ს გენერალურმა მდივანმა შავ ზღვაზე სამხედრო ალიანსის ხომალდების რიცხვის გაზრდა დააანონსა. წლების განმავლობაში ნატო-ს ორი მუდმივმოქმედი საზღვაო შენაერთიდან (SNGM) ერთ-ერთი შავ ზღვასა და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში პატრულირებაზეა პასუხისმგებელი.
რუსეთის აგრესიული პოლიტიკის პარალელურად, ნატო-ს მიერ ასპირანტი ქვეყნების პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა გაიზარდა. ამ მხრივ აღსანიშნავია, საქართველოსა და უკრაინისთვის 2020 წელს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, „მხარდაჭერის ახალი პაკეტის“ შეთავაზება და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება.
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში უკანანო შეჭრის შედეგად, ნატო-მ ბალტიის ზღვისა და შავი ზღვის რეგიონებში სამხედრო ყოფნა კიდევ უფრო გააძლიერა და ალიანსის მაღალი მზადყოფნის ძალები 300 000-მდე გაზარდა. ასევე, მოკავშირეებმა განაახლეს რეგიონში არსებული საბრძოლო ჯგუფები და ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში დამატებით 4 მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ, რაც მთლიანობაში ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე ნატო-ს 8 მრავალეროვნულ საბრძოლო ჯგუფს შეადგენს. 2022 წლის ნატო-ს მადრიდის სამიტზე, მოკავშირეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ბატალიონის ზომის მრავალეროვნულ საბრძოლო ჯგუფებს, საჭიროების შესაბამისად, ბრიგადის დონემდე გაზრდიდნენ.
უკრაინაში რუსეთის უკანანო სამხედრო შეჭრამ არა მხოლოდ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარემო შეცვალა, არამედ მთლიანად ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის გადახედვა გამოიწვია. ალიანსის გაფართოებასთან ერთად, შავი ზღვის რეგიონი გადაიქცა ევროატლანტიკური უსაფრთხოების პროცესების ეპიცენტრად.
ბლოგის ავტორი: ნათია გვენეტაძე
პუბლიკაციის შინაარსი სრული მოცულობით წარმოადგენს ავტორის პირად მოსაზრებებს.