საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე გააკეთა სტრატეგიული არჩევანი – ევროკავშირთან გაერთიანება, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ევროკავშირი და საქართველო

საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე გააკეთა სტრატეგიული არჩევანი და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქვეყნის განვითარების უპირობო მიმართულებად დაისახა. ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა მეოთხედ საუკუნეზე მეტს ითვლის და დღეს, ჩვენ უფრო ახლოს ვართ ევროკავშირთან, ვიდრე ოდესმე.

საქართველო ეტაპობრივად და თანმიმდევრულად უახლოვდება ევროკავშირს საერთო ევროპული ფასეულობებისა და პრინციპების დაცვით, საუკეთესო ევროპული სტანდარტებისა და ნორმების დანერგვით ყველა დარგში. დღეს, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განსაკუთრებული დინამიურობით გამოირჩევა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის როგორც პოლიტიკური, ასევე დიდი პრაქტიკული მნიშვნელობის მატარებელია. ბოლო წლების მანძილზე, საქართველოს მთავრობის ძალისხმევის, განხორციელებული მდგრადი რეფორმებისა და ევროკავშირთან ინტენსიური და წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, მიღწეულ იქნა ისტორიული მნიშვნელობის შედეგები.

ასოცირების შესახებ შეთანხმება

„ასოცირების შესახებ შეთანხმება“ მხარეთა პარტნიორობაზე, მათ საჭიროებებსა და ურთიერთდახმარების შესაძლებლობებზე დამყარებული ორმხრივი ურთიერთობის დოკუმენტია. შეთანხმებაში დეტალურადაა გაწერილი ქვეყნის ევროპული სტანდარტით განვითარების ერთიანი გეგმა, რომლის განხორციელების შემდეგ, საქართველო ევროკავშირის სტანდარტების მქონე, მასთან თავსებადი ქვეყანა იქნება.

დოკუმენტში საუბარია იმ სავალდებულო რეფორმებზე, რომელიც ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის მომტანია (ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, კორუფციასა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა), შეთანხმების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი – ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცეა (DCFTA), რომლის შედეგად, საქართველოში წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების სექტორისათვის ევროკავშირის ბაზარი გაიხსნა.

თანამშრომლობის ისტორია

საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა 1992 წელს დაიწყო, როდესაც ევროგაერთიანებამ საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. თავდაპირველად პარტნიორობა ძირითადად ჰუმანიტარული და ტექნიკური დახმარების კუთხით წარიმართა, თუმცა მოგვიანებით თანამშრომლობა გაღრმავდა და დღეს საქართველო ევროკავშირის ასოცირებული ქვეყანაა, რომელსაც ევროკავშირის ბაზარზე აქვს შეუზღუდავი წყვდომა და რომლის მოქალაქეებიც ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ.

მნიშვნელოვანი თარიღები

2023 წლის 14 დეკემბერს, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

2022 წლის 23 ივნისს, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გახსნასთან დაკავშირებით – რაც იმავდროულად გულისხმობს ქვეყნისათვის პოტენციური კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ამ გადაწყვეტილებით, საქართველო-ევროკაშირის ურთიერთობები სრულიად ახალ და ხარისხობრივად უფრო მაღალ საფეხურზე გადავიდა.

2021 წლის 9-11 თებერვალს ქართულმა მხარემ ევროკავშირთან 2021-2027 წლების ფინანსური დახმარების საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყო.

2021 წლის 9 თებერვალს ევროკომისიამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში გამოაქვეყნეს ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ 2020 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ, რომელიც დეტალურად ასახავს ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს მთელი რიგი მიმართულებებით.

2021 წლის 16 მარტს გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 შეხვედრა.

2021 წლის 4 აგვისტოს ევროკომისიამ უვიზო რეჟიმის შეჩერების მე-4 ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ უვიზო რეჟიმს დადებითი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული სარგებელი მოაქვს, როგორც პარტნიორი, ისე ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის.

2020 წლის 16 სექტემბერს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭი ეყარა ევროპარლამენტის ანგარიშს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ, რომელსაც მხარი დაუჭირა 552 დეპუტატმა.

2020 წლის 13 ოქტომბერს ვიდეო-კონფერენციის ფორმატში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მაღალი რანგის ოფიციალურ პირთა შეხვედრა გაიმართა.

2020 წლის 19 ოქტომბერს ვიდეო-კონფერენციის ფორმატში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ახალი დღის წესრიგის (2021-2027) პირველადი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

2020 წლის 15 დეკემბერს ონლაინ ფორმატში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეექვსე სხდომა.

2019 წლის 5 მარტს, ქ. ბრიუსელში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეხუთე სხდომა.

2018 წლის 5 თებერვალს, ქ. ბრიუსელში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეოთხე სხდომა.

2018 წლის 15 ოქტომბერს, ქ. ლუქსემბურგში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტერიალის მეცხრე შეხვედრა.

2018 წლის 21 ნოემბერს, ქ. ბრიუსელში გაიმართა უმაღლესი დონის პირველი შეხვედრა საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის წევრების მონაწილეობით.

2018 წლის 10-12 დეკემბერს, ქ. თბილისში გაიმართა ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-10 ყოველწლიური ასამბლეა.

2017 წლის 28 მარტს, საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალაში ოფიციალურად შევიდა ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე უვიზოდ მოგზაურობა. ამიერიდან, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ფლობს ბიომეტრიულ პასპორტს, შეუძლია იმოგზაუროს ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე უვიზოდ ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში მაქსიმუმ 90 დღე.

2017 წლის 1 ივლისიდან, საქართველო ოფიციალურად გახდა ენეგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრი (2016 წლის 14 ოქტომბერს ხელი მოეწერა ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს მიერთების შესახებ ოქმს, რომელიც ძალაში შევიდა 2017 წლის 1 ივლისს).

2017 წლის 5-6 ოქტომბერს საქართველოს ეწვია “პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის” (PSC) მაღალი დონის დელეგაცია.

2017 წლის 11 ოქტომბერს, ქ. თბილისში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის პირველი შეხვედრა.

2017 წლის 20 ნოემბერს, საქართველომ და ევროკავშირმა ასოცირების განახლებული დღის წესრიგი 2017-2020 წლებისათვის დაამტკიცეს. ახალი დოკუმენტი 2014–2016 წლების ასოცირების დღის წესრიგის გათვალისწინებით შემუშავდა და მასში მოცემულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმებული ის პრიორიტეტები, რომლებიც ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) შემდგომი განხორციელების პროცესში უნდა შესრულდეს. ახალი დღის წესრიგი უფრო მეტად ამბიციურია და საქართველოს აძლევს საშუალებას, რომ 2020 წლამდე მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროკავშირის სტანდარტებს და ნორმებს.

2017 წლის 24 ნოემბერს, ქ. ბრიუსელში გაიმართა ,,აღმოსავლეთ პარტნიორის’’ მეხუთე სამიტი, სადაც მხარეებმა მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია.

2016 წლის პირველ ივლისს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება სრულად შევიდა ძალაში.

2015 წლის 21-22 მაისს, ქ. რიგაში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მეოთხე სამიტი. სამიტზე მიღებულ იქნა ერთობლივი დეკლარაცია.

2015 წლის 2 ივნისს, ქ. თბილისში საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის პირველი სხდომა.

2015 წლის 16 ნოემბერს, ქ. ბრიუსელში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეორე შეხვედრა.

2015 წლის 18 დეკემბერს, ევროკომისიამ საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) იმპლემენტაციის შესახებ რიგით მეოთხე, საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. ევროკომისიის შეფასებით, საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის ოთხივე ბლოკით განსაზღვრული ყველა მოთხოვნა შეასრულა და ვიზა ლიბერალიზაციის ტექნიკური პროცესი წარმატებით დაასრულა.

2015 წლის დეკემბერში, დასრულდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცესი.

2014 წლის 20 თებერვალს ოფიციალურად გაიხსნა მოლაპარაკებები საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე.

2014 წლის 26 ივნისს საქართველომ და ევროკავშირმა შეიმუშავეს ასოცირების დღის წესრიგი, რომლის მიზანია ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობა და წარმოადგენს ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების პრიორიტეტული საკითხების სამწლიან (2014-2016) გეგმას.

2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) ჩათვლით.

2014 წლის 9 სექტემბერს ქ. ბაქოში შედგა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის მეოთხე შეხვედრა, რომელიც მოიცავდა სექტორული დიალოგის შეხვედრას ენერგეტიკის საკითხებზე.

2014 წლის 17 ნოემბერს, ქ. ბრიუსელში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველი სხდომა. საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით ამოქმედდა ახალი ინსტიტუციური ჩარჩო – ასოცირების საბჭო, ასოცირების კომიტეტები და დარგობრივი ქვეკომიტეტები, რომელსაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს.

2014 წლის 21 მაისს, ქ. ბრიუსელში ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების კუთხით, გაიმართა შეხვედრა ევროკომისიის კოლეგიასა და საქართველოს მთავრობას შორის.

2013 წლის 12-13 თებერვალს თბილისში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის მეორე შეხვედრა, რომელიც პირველად მოიცავდა სექტორული დიალოგის შეხვედრასაც ტრანსპორტის დარგში; იმავე წლის 27-28 ივნისს თბილისშივე ჩატარდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პირველი მინისტერიალი კულტურის დარგში, ხოლო 2013 წლის 28-29 ნოემბერს, ქ. ვილნიუსში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მესამე სამიტი, რომლის ფარგლებში, 29 ნოემბერს მოხდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების პარაფირება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტის ჩათვლით. „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება“ ამბიციური და ინოვაციური, ე.წ. „ახალი თაობის” შეთანხმებაა, რამდენადაც, მანამდე გაფორმებული მსგავსი შეთანხმებებისგან განსხვავებით, მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტს (Deep and Comprehensive Free Trade Area – DCFTA) და ითვალისწინებს ევროკავშირთან დაახლოვების მნიშვნელოვან კონკრეტულ მექანიზმებს. ვილნიუსის სამიტზევე მიღებულ იქნა ერთობლივი დეკლარაცია და ხელი მოეწერა „ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე კრიზისის მართვის ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ ჩარჩო შეთანხმებას“.

2013 წლის 12 დეკემბერს ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ოქმს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ჩარჩო ხელშეკრულების თაობაზე ევროკავშირის პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის ძირითადი პრინციპების შესახებ.

2012 წლის 28 თებერვალს ოფიციალურად გაიხსნა მოლაპარაკებები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე (DCFTA), რომელიც „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ ნაწილია.

2011 წლის 1 მარტს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ძალაში შევიდა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისა და რეადმისიის შესახებ შეთანხმებები, ხოლო საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგი უვიზო მიმოსვლის შესახებ გაიხსნა 2012 წლის 4 ივნისს. 2013 წლის 25 თებერვალს საქართველოს ოფიციალურად გადმოეცა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა.

2011 წლის 3 მაისს ქ. ბრიუსელში გაიმართა საგანგებო სხდომა, რომელზეც ოფიციალურად დაფუძნდა „ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა”. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა წარმოადგენს აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის საპარლამენტო განზომილებას, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპელ პარტნიორებს შორის წარიმართება მრავალმხრივი საპარლამენტო დიალოგი საერთო ინტერესის სფეროებში, როგორიცაა: მშვიდობა, სტაბილურობა, საკანონმდებლო ჰარმონიზაცია, ვაჭრობა, ენერგეტიკა, ხალხთა ურთიერთობა და სხვა.

2011 წლის 14 ივლისს ხელი მოეწერა და 2012 წლის 1 აპრილს ძალაში შევიდა საქართველო-ევროკავშირის შეთანხმებას სოფლის მეურნეობისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთდაცვის შესახებ.

2010 წლის 17 ივნისს ქ. ბრიუსელში ხელი მოეწერა“საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ“ შეთანხმებას, ხოლო 2010 წლის 22 ნოემბერს, ქ. ბრიუსელში, ხელი მოეწერა „ევროკავშირსა და საქართველოს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ” შეთანხმებას. ორივე შეთანხმება ძალაში შევიდა 2011 წლის 1 მარტს.

2010 წლის 15 ივლისს მოლაპარაკებები დაიწყო საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ასოცირების შეთანხმებაზე“, (AA) რომლის ნაწილიცაა “ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება” (DCFTA).

2010 წლის 2 დეკემბერს ქ. ბრიუსელში ხელი მოეწერა „საქართველოს და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანი საავიაციო სივრცის შესახებ“ შეთანხმებას.

2009 წლიდან საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში შეიქმნა თანამშრომლობის ახალი ფორმატი – ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე დიალოგი (HRD). შეხვედრები აღნიშნული ფორმატის ფარგლებში იმართება ყოველწლიურად.

2009 წელს საქართველო ჩაერთო „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ინიციატივაში, რომელსაც ფორმალურად საფუძველი 2009 წლის 7 მაისს პრაღის სამიტზე ჩაეყარა. საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ინიციატივის, როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი ურთიერთობის ფორმატში. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი.

2009 წლის 30 ნოემბერს, ქ. ბრიუსელში ხელი მოეწერა „პარტნიორობა მობილურობისათვის“ ერთობლივ დეკლარაციას, ხოლო აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა ოფიციალურად 2010 წლის 16 თებერვალს დაიწყო.

2008 წლის 22 ოქტომბერს, ქ. ბრიუსელში, ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით გაიმართა დონორთა კონფერენცია რომელზეც საქართველოსთვის გამოყოფილმა დახმარებამ 2008-2010 წლებისთვის 4.5 მილიარდი დოლარი შეადგინა.

2004 წლის 17 თებერვალს საქართველოს მთავრობაში შეიქმნა ევროპული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა.

2004 წლის 14 ივნისს ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველო ჩაერთო ევროპულ სამეზობლო პოლიტიკაში, ხოლო 2006 წლის 14 ნოემბერს მიღებული იქნა საქართველო–ევროკავშირის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა. აღსანიშნავია, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის პასუხად, 2008 წლის 1 სექტემბერს გაიმართა ევროპული საბჭოს საგანგებო სხდომა; 2008 წლის 15 სექტემბრის ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით შეიქმნა ევროკავშირის მონიტორინგის მისია (EUMM), რომელიც საქართველოში მოვლენილ იქნა 2008 წლის 1 ოქტომბრიდან; 2008 წლის 25 სექტემბრის ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით შეიქმნა საქართველოში კრიზისისთვის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი, რომელიც 2011 წლამდე ეკავა პიერ მორელის.

2003 წლის 7 ივლისს, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დაინიშნა (EU Special Representative for the South Caucasus). ეს თანამდებობა 2003 წლიდან 2006 წლამდე ეკავა ჰეიკი ტალვიტის, ხოლო 2006 წლიდან 2011 წლამდე პიტერ სემნების. 2011 წლის 25 აგვისტოს ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით გაერთიანდა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და საქართველოში კრიზისისთვის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობები. ამ პოზიციაზე დაინიშნა ფილიპ ლეფორი, რომლის მანდატი 2014 წლის 31 იანვარს ამოიწურა. 2014 წლის 8 ივლისს აღნიშნულ თანამდებობაზე ჰერბერტ ზალბერი დაინიშნა, რომლის მოვალეობაში შედიოდა რეგიონში არსებული კონფლიქტების გადასაჭრელ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობა, ასევე რეგიონული თანამშრომლობის მხარდაჭერა. უფრო კონკრეტულად კი სპეციალური წარმომადგენელი მონაწილეობდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ დაიწყო. 2017 წლის 13 ნოემბერს კი აღნიშნული თამადებობა ტოივო კლაარმა დაიკავა, რომელიც 2020 წლის 29 თებერვლამდე გააგრძელებს ამ მიმართულებით საქმიანობას.

1996 წლის 22 აპრილს, ლუქსემბურგში, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას (PCA), რომელიც სრულად ძალაში შევიდა 1999 წელს, რის შედეგადაც შეიქმნა საქართველო–ევროკავშირის თანამშრომლობის ინსტიტუტები, რომელთა მიზანიც PCA-ს განხორციელების ხელშეწყობა და ორმხრივი ურთიერთობებისა და პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება გახლდათ. აღნიშნული ინსტიტუტებია:
• საქართველო–ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭო;
• საქართველო–ევროკავშირის თანამშრომლობის კომიტეტი;
• საქართველო–ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტი;
• საქართველო–ევროკავშირის თანამშრომლობის ქვეკომიტეტები.

1995 წლიდან საქართველო სარგებლობს ევროკავშირის სავაჭრო პრეფერენციათა განზოგადებული სისტემით (GSP, რომელიც ჯერ 2005 წელს, ხოლო მოგვიანებით 2014 წელს განახლდა (GSP+) – და რომელიც საქართველოზეც გავრცელდა.

საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა 1992 წელს დაიწყო და დღეს, საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრია.

გზამკვლევი ევროკავშირის / შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლისთვის

2017 წლის 28 მარტიდან ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები ვიზის გარეშე მოგზაურობენ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში. უვიზოდ მოგზაურობა შესაძლებელია შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ და 4 არაწევრ ქვეყანას, ასევე შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას.

ევროკავშირის პროექტები

ხშირად დასმული კითხვები