ასოცირების შესახებ შეთანხმება

„ასოცირების შესახებ შეთანხმება“ მხარეთა პარტნიორობაზე, მათ საჭიროებებსა და ურთიერთდახმარების შესაძლებლობებზე დამყარებული ორმხრივი ურთიერთობის დოკუმენტია. შეთანხმებაში დეტალურადაა გაწერილი ქვეყნის ევროპული სტანდარტით განვითარების ერთიანი გეგმა, რომლის განხორციელების შემდეგ, საქართველო ევროკავშირის სტანდარტების მქონე, მასთან თავსებადი ქვეყანა იქნება.

დოკუმენტში საუბარია იმ სავალდებულო რეფორმებზე, რომელიც ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის მომტანია (ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, კორუფციასა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა), შეთანხმების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი – ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცეა (DCFTA), რომლის შედეგად, საქართველოში წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების სექტორისათვის ევროკავშირის ბაზარი გაიხსნა.

ასოცირების შესახებ შეთანხმების მომზადებაზე საქართველომ და ევროკავშირმა მუშაობა 2010 წლის ივლისში დაიწყეს. 2011 წელს, მოსალაპარაკებელ საკითხებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) ნაწილიც დაემატა. ასოცირების შესახებ შეთანხმება მხარეთა პარტნიორობაზე, მათ საჭიროებებსა და ურთიერთდახმარების შესაძლებლობებზე დამყარებული ორმხრივი ურთიერთობის დოკუმენტია. ეს შეთანხმება, საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ეს გახლავთ დემოკრატიისა და კონკურენტუნარიანი ეკონომიკის განვითარების დეტალურად გაწერილი ერთიანი გეგმა, რომლის განხორციელების შემდგომ საქართველო დემოკრატიითა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკით ევროკავშირის წევრი ქვეყნების მსგავსი ქვეყანა გახდება.

ასოცირების შესახებ შეთანხმება არის საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების სამოქმედო გეგმა, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს მოიცავს. ის აგრეთვე, მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტს (Deep and Comprehensive Free Trade Area – DCFTA) და ითვალისწინებს ევროკავშირთან დაახლოების მნიშვნელოვან კონკრეტულ მექანიზმებს.

„საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება“ ჩაანაცვლებს 1996 წელს ხელმოწერილ „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას“ (Partnership and Cooperation Agreement – PCA) და შექმნის საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ახალ სამართლებრივ ჩარჩოს. PCA-სთან შედარებით, „ასოცირების შესახებ შეთანხმება“ ითვალისწინებს თანამშრომლობის უფრო გაღრმავებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები „ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე“ ოფიციალურად დაიწყო 2010 წლის ივლისში (ხოლო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტზე – 2011 წლის დეკემბერში). მოლაპარაკებების პროცესში გაიმართა 15 პლენარული სესია შეთანხმების პოლიტიკურ ნაწილზე, 6 რაუნდი – ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობის სივრცეზე და 100-მდე ვიდეო-კონფერენცია დარგობრივი თანამშრომლობის საკითხებსა და DCFTA-ზე. მოლაპარაკებები დასრულდა 2013 წლის ივლისში. მოლაპარაკებების პროცესში ჩართული იყო საქართველოს ყველა შესაბამისი სამინისტრო და უწყება. შეთანხმების პარაფირება (მოლაპარაკებული ტექსტის დადასტურება მხარეთა დელეგაციების ხელმძღვანელების მიერ, შეთანხმების თითოეულ გვერდზე ინიციალების დასმით) მოხდა 2013 წლის 29 ნოემბერს, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ვილნიუსის სამიტის ფარგლებში. საქართველოს მსგავსად, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა ევროკავშირის აღმოსავლური პარტნიორობის კიდევ ორმა ქვეყანამ: მოლდოვამ და უკრაინამ. ევროკავშირს ასოცირების შესახებ შეთანხმება სხვა ქვეყანებთანაც აქვს, თუმცა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ ქვეყანასთან – მოლდოვასაქართველო და უკრაინა – ხელმოწერილი შეთანხმება გან-საკუთრებულია, ვინაიდან იგი პოლიტიკური და დარგობრივი თანამშრომლობის საკითხებთან ერთად მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ნაწილსაც.

შეთანხმება ევროკავშირსა და მის კანონმდებლობასთან დაახლოების იმდენად მაღალ დონეს მოიცავს, რომ მისი ეფექტიანი განხორციელება ფაქტობრივად, შეუქცევადს ხდის ქვეყნის ევროპეიზაციის პროცესს. „ასოცირების შესახებ შეთანხმება“ მიზნად ისახავს ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებასა და ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას. შეთანხმებაში აღიარებულია საქართველოს ევროპული მისწრაფებები და ევროპული არჩევანი, აღნიშნულია, რომ ის საერთო ღირებულებები, რომლებსაც ეფუძნება ევროკავშირი – დემოკრატია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვა და კანონის უზენაესობა ასევე, წარმოადგენს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ქვაკუთხედს. ასოცირების შესახებ ხელშეკრულება აღიარებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.

შეთანხმებაში გამოხატულია სრული პატივისცემა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის პრინციპების მიმართ. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კონფლიქტის შემდგომი რეაბილიტაციისა და შერიგებისადმი მიმართული ძალისხმევის ერთობლივ ხელშეწყობას. კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება იქნება როგორც მხარეთა შორის, ასევე სხვა შესაბამის საერთაშორისო აქტორებთან პოლიტიკური დიალოგის ერთ-ერთი მთავარი თემა (ასოცირების შესახებ შეთანხმების თავდაპირველი პროექტი არ ითვალისწინებდა ცალკე მუხლს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე და ეს მუხლი გაჩნდა საქართველოს მხრიდან მომლაპარაკებელი დელეგაციის ძალისხმევის შედეგად).

ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთნაირად სავალდებულოა ხელისმომწერი ორივე მხარისთვის – საქართველოსა და ევროკავშირისათვის. ესაა შეთანხმება ორ თანასწორ მხარეს შორის. ასოცირების შეთანხმება, როგორც საერთაშორისო შეთანხმება, სტატუსით უფრო მაღლა დგას, ვიდრე ეროვნული კანონმდებლობა, მაგრამ უფრო დაბლა, ვიდრე ქვეყნის კონსტიტუცია. ამდენად, ასოცირების შეთანხმებისა და ნაციონალური კანონმდებლობის იურიდიული კონფლიქტის შემთხვევაში, უნდა შეიცვალოს კანონმდებლობა, ხოლო კონსტიტუციასთან შეუსაბამობის შემთხვევაში – შეთანხმება.

შეთანხმების ზოგად ნაწილში მხარეები თანხმდებიან ზოგად დემოკრატიულ პრინციპებზე ადამიანის უფლებებზე და თავისუფლებებზე ისე, როგორც ეს განსაზღვრულია გაეროს ადამიანის უფლებათა დეკლარაციით (1948 წ.), ევროპული კონვენციით (1950 წ.), ჰელსინკის დასკვნითი აქტითა (1975 წ.) და პარიზის ქარტიით (1990 წ.); იხელმძღვანელონ ამ დოკუმენტებით როგორც შიდა, ისე საგარეო ურთიერთობებში; დაიცვან მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის პრინციპები. შეთანხმება მხარეებს ავალებს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის, მდგრადი განვითარებისა და ეფექტიანი მულტილატერალიზმის ერთგულებას. კანონის უზენაესობის, კარგი მმართველობის, კორუფციასა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გზით, მხარეები ზრუნავენ რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისათვის, ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად.

შეთანხმებამ დაადგინა ის კონკრეტულ სფეროები, სადაც საქართველო ევროკავშირის ხელშეწყობით კონკრეტულ რეფორმებს ატარებს:

  • საერთო ევროპული ფასეულობების განმტკიცება და დაცვა – დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის, კარგი მმართველობის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ერთგულება და გავრცელება; საერთაშორისო სამართლის პრინციპების, მათ შორის – სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა; კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ხელშეწყობა.
  • საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა – პოლიტიკური დიალოგისა და თა-ნამშრომლობის გაღრმავება შესაბამის სფეროებში მათ შორის, შიდასახელმწიფოებრივი რეფორმა, საერთაშორისო მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობა, რეგიონული სტაბილურობა და სხვა.
  • მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება – სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გაზრდა, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა და სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფა; მიგრაციის მართვა, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა; ფულის გათეთრების, ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა; უკანონო ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის პრევენცია და მის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა; პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენცია; საზღვრის მართვის საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავება, პერსონალურ მონაცემთა დაცვა და სხვა.
  • დარგობრივი პოლიტიკის ყველა სფეროს მოდერნიზება და ევროპული სტანდარტების დანერგვა – თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ტრანსპორტი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, კვლევა და ტექნოლოგიები, დასაქმება და სოციალური პოლიტიკა, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, სამოქალაქო საზოგადოება, რეგიონული განვითარება და სხვა.
  • ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები – ითვალისწინებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (Deep and Comprehensive Free Trade Area – DCFTA) ჩამოყალიბებას. ასოცირების შესახებ შეთანხმებაში ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხების განხორციელება ქმნის ევროკავშირის შიდა ბაზარზე საქართველოს ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაციის რეალურ მექანიზმს.

შეთანხმების V კარი ითვალისწინებს საქართველოსა და ევროკავშირის დარგობრივ თანამშრომლობას შემდეგ 23 სფეროში: 1) ტრანსპორტი; 2) ენერგეტიკა; 3) გარემოს დაცვა; 4) კლიმატთან დაკავშირებული ქმედებები; 5) სამრეწველო საწარმოების პოლიტიკა და სამთო-მოპოვებითი საქმიანობა; 6) კორპორაციული მმართველობა, კორპორაციული სამართალი, ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი; 7) ფინანსური მომსახურება; 8) საინფორმაციო საზოგადოება; 9) ტურიზმი; 10) სოფლის მეურნეობა და მისი განვითარება; 11) მეთევზეობა და საზღვაო მმართველობა; 12) კვლევის, ტექნოლოგიების განვითარება და დემონსტრირება; 13) მომხმარებელთა პოლიტიკა; 14) დასაქმება, სოციალური პოლიტიკა და თანაბარი შესაძლებლობები; 15) საზოგადოებრივი ჯანდაცვა; 16) განათლება, ტრენინგი და ახალგაზრდობა; 17) კულტურის სფეროში თანამშრომლობა; 18) აუდიო-ვიზუალური და მედია თანამშრომლობა; 19) თანამშრომლობა სპორტისა და ფიზიკური აქტივობის სფეროში; 20) თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოების სფეროში; 21) რეგიონული განვითარება, თანამშრომლობა საზღვრისპირა და რეგიონულ დონეზე; 22) სამოქალაქო თავდაცვა; 23) მონაწილეობა ევროკავშირის სააგენტოებსა და პროგრამებში.

ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების მონიტორინგის მიზნით, შეიქმნა ასოცირების საბჭო (მინისტრების დონეზე), ასოცირების კომიტეტი (მინისტრის მოადგილეების დონეზე), რომელიც ასოცირების საბჭოს ეხმარება მოვალეობებისა და ფუნქციების შესრულებაში. ასოცირების კომიტეტს ეხმარებიან სპეციალურად შექმნილი თემატური ქვეკომიტეტები. ქვეკომიტეტები იკრიბებიან საჯარო მოხელეების დონეზე და განიხილავენ კონკრეტულ სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებს. ასოცირების შესახებ შეთანხმების თაობაზე აზრთა გაცვლა-გამოცვლის მიზნით, ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის წევრებმა შექმნეს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი. საპარლამენტო ასოცირების კომიტეტს შესაძლებლობა აქვს ასოცირების საბჭოსგან მოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია შეთანხმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგი (Association Agenda) წარმოადგენს ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების პრიორიტეტული საკითხების გეგმას. ამ გეგმით ხდება ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებისთვის მომზადება და მისი ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობა. ასოცირების დღის წესრიგი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ძირითადი განმახორციელებელი ინსტრუმენტია და მოიცავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმებულ კონკრეტულ პრიორიტეტებს, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობის ყველა სფეროში.

საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ასოცირების დღის წესრიგის 2014-2016 წლების და 2017-2020 წლების პრიორიტეტების განხორციელების კუთ-ხით. ქვეყნის მიერ ამ პერიოდში გატარებული ძირეული რეფორმები, რომლებმაც უზრუნველყო ქვეყნის პროგრესი და წინსვლა ღრმა პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისკენ ევროკავშირთან აღიარებულია და პოზიტიურადაა შეფასებული ახალ დღის წესრიგში (2021-2027).

ამჟამად საქართველო ასოცირების შეთანხმების განხორციელების აქტიურ ფაზაში იმყოფება – მიმდინარეობს საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოება ევროკავშირთან, ინტენსიურად ინერგება ევროპული სტანდარტები სხვადასხვა სფეროში, ვითარდება და ღრმავდება დარგობრივი თანამშრომლობა, აქტიურად მიმდინარეობს ევროპული პრაქტიკის დამკვიდრება და ურთიერთობების ინტენსიფიკაცია ევროკავშირის სპეციალიზებულ სააგენტოებსა და პროგრამებში მონაწილეობის გზით და ა. შ. შესაბამისად, ასოცირების ახალი დღის წესრიგი ამ მისწრაფებასაც ასახავს.

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA)

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე (Deep and Comprehensive Free Trade Area) არის ასოცირების შესახებ შეთანხმების უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რომელიც საქართველოში წარმოებული პროდუქცი-ისა და მომსახურების სექტორისათვის ხსნის ევროკავშირის ბაზარს. ის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისგან (Free Trade Agreement) განსხვავებით, გულისხმობს როგორც სატარიფო, ასევე არასატარიფო ბარიერების აღმოფხვრას და არეგულირებს ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრს (მაგ: სურსათის უვნებლობა, პროდუქციის უსაფრთხოება, კონკურენციის პოლიტიკა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, საბაჟო საკითხები, სახელმწიფო შესყიდვები და სხვა). DCFTA გულისხმობს ვაჭრობის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობისა და ინსტიტუტების ეტაპობრივ დაახლოებას ევროკავშირის შესაბამის რეგულაციებსა და ადმინისტრირების მექანიზმებთან.

DCFTA-ს ამოქმედებით, საქართველოში წარმოებულ საქონელს გაეხსნა მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც ამ ეტაპზე 27 ქვეყანას და 446 მილიონ მომხმარებელს აერთიანებს. ევროკავშირის ბაზარი ასევე ნიშნავს: სტაბილურ ბაზარს, ღია თამაშის წესებს, დისტრიბუციის გამართულ ქსელს, მზარდ ფასებს სურსათზე, მზარდ მოთხოვნას ნატურალურ პროდუქტებზე.

DCFTA არეგულირებს შემდეგ სფეროებს:

  • საქონლით ვაჭრობა (ტარიფები);
  • საქონლის წარმოშობის წესები;
  • საბაჟო საკითხები და ვაჭრობის ხელშეწყობა;
  • მომსახურებით ვაჭრობა;
  • სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები;
  • ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში;
  • ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა.

საქართველო-ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩამოყალიბება ხელს უწყობს: ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნებთან თავსებადი სავაჭრო სისტემის ფორმირებას; გამჭვირვალე, სტაბილური ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას; საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობისა და შესაბამისად, უცხოური ინვესტიციების ზრდას; ქვეყნის მდგრად განვითარებასა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენებას; ახალი საწარმოებისა და საექსპორტო პროდუქციის შექმნას; ადგილობრივი წარმოების მასშტაბების ზრდის კვალობაზე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას; ქართული პროდუქციის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებასა და გაფართოებას; ქართველი ექსპორტიორებისთვის ექსპორტთან დაკავშირებული ხარჯის შემცირებას; ქართველი მომხმარებლისთვის უსაფრთხო და უვნებელი პროდუქტის მიწოდებას; ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვას; სახელმწიფო ადმინისტრირების ორგანოების განვითარებას, ევროპული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. ზოგადად, ეკონომიკური ზრდის სტიმულირებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომებისა და ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების მხრივ განხორციელებული რეფორმების შედეგად, ხელი შეეწყობა ქართული სასოფლო სამეურნეო და ინდუსტრიული პროდუქციის თავისუფალ განთავსებას ევროკავშირის ბაზარზე და ამასთან, ადგილობრივ ბაზარზე უვნებელი და უსაფრთხო პროდუქტის მიწოდებას. მოლაპარაკებების პროცესში ქართულმა მხარემ მიაღწია უპრეცედენტო შეთანხმებას ევროკავშირთან სატარიფო ლიბერალიზაციის კუთხით. შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე ქართული წარმოშობის ყველა პროდუქტი (ნივრის გარდა, რომელზეც იმოქმედებს რაოდენობრივი შეზღუდვა), გათავისუფლებულია საბაჟო ტარიფისგან ევროკავშირის ბაზარზე იმპორტისას.

საქონლით თავისუფალი (უტარიფო და ტექნიკური შეზღუდვებისგან თავისუფალი) ვაჭრობა ხელს უწყობს საქართველოში წარმოებული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის ზრდას ევროკავშირის ქვეყნებში და შესაბამისად, ეკონომიკურ ზრდას საქართველოში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობის დინამიკა პოზიტიურია და საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი ყოველწლიურად იზრდება.

jQuery(document).ready(function($) {
$(‘a.ic-printPage’).click(function(){
window.print();
return false;
});
});