ევროკავშირი და საქართველო

საქართველო, მისი ფასეულობებით, ყოველთვის იყო ევროპული ცივილიზაციის, მისი გეოგრაფიული, კულტურული და ისტორიული სივრცის განუყოფელი ნაწილი.

საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე გააკეთა სტრატეგიული არჩევანი და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქვეყნის განვითარების უპირობო მიმართულებად დაისახა. ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა მეოთხედ საუკუნეზე მეტს ითვლის და დღეს, ჩვენ უფრო ახლოს ვართ ევროკავშირთან, ვიდრე ოდესმე.

საერთო ევროპულ სივრცეში ინტეგრაცია დღეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის უცვლელი ორიენტირია.

საქართველო ეტაპობრივად და თანმიმდევრულად უახლოვდება ევროკავშირს საერთო ევროპული ფასეულობებისა და პრინციპების დაცვით, საუკეთესო ევროპული სტანდარტებისა და ნორმების დანერგვით ყველა დარგში. დღეს, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განსაკუთრებული დინამიურობით გამოირჩევა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის როგორც პოლიტიკური, ასევე დიდი პრაქტიკული მნიშვნელობის მატარებელია. ბოლო წლების მანძილზე, საქართველოს მთავრობის ძალისხმევის, განხორციელებული მდგრადი რეფორმებისა და ევროკავშირთან ინტენსიური და წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, მიღწეულ იქნა ისტორიული მნიშვნელობის შედეგები.

უპირველეს ყოვლისა, ხაზი უნდა გაესვას „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ ხელმოწერას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის ჩათვლით, რამაც თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანა ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობები და დასაბამი დაუდო ევროკავშირთან ჩვენი პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს; საქართველო შეუერთდა ენერგეტიკულ გაერთიანებას, რაც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას უფრო გაამყარებს; საქართველოს მოქალაქეებისთვის შემოღებულ იქნა უვიზო რეჟიმი შენგენის სივრცეში, რაც მოსახლეობისთვის ყველაზე ხელშესახები შედეგია; ევროკავშირთან გვაქვს მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგი უსაფრთხოების საკითხებზე, სადაც განვიხილავთ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში არსებულ საერთო გამოწვევებს. გასულ წელს ევროკომისიასთან წამოვიწყეთ თანამშრომლობის ახალი მაღალი დონის ფორმატი, რომელსაც უძღვებიან ევროკომისიის პრეზიდენტი და საქართველოს პრემიერ მინისტრი, და ასევე მონაწილეობენ ევროკომისიისა და საქართველოს მთავრობის წევრები. პირველი შეხვედრა გაიმართა 2018 წლის 21 ნოემბერს. ეს არის თანამშრომლობის უნიკალური ფორმატი, რომელიც მხოლოდ საქართველოსთან ჩამოყალიბდა და ნათლად წარმოაჩენს საქართველოსა და ევროკავშირის მზაობას, უფრო მეტად გააღრმავონ თანამშრომლობა მთელ რიგ პრიორიტეტულ დარგებში.

ასოცირების შეთანხმების წარმატებით განხორციელებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ევროპული კუთვნილების გამყარების, ევროინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობისა და ევროპული პარტნიორების მხრიდან საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერისათვის, მათ შორის ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასოცირების შეთანხმება, პრაქტიკულად, საქართველოს მოდერნიზაციის სამოქმედო გეგმაა, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების ყველა სფეროს ეხება. ევროინტეგრაციის პრიორიტეტები სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმებთან და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხედვასთან.

წარმატებით მიმდინარე რეფორმები ემსახურება ადამიანის უფლებების დაცვის განმტკიცებას, დემოკრატიის გაღრმავებას, მეტ გამჭვირვალობას, ეფექტიან მმართველობას, უსაფრთხოებისა და რეგიონული თანამშრომლობის განმტკიცებას, მომხმარებელთა და საკუთრების უფლებების დაცვას, უკეთეს განათლებას, ჯანდაცვას და ა.შ.

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობის გამყარების მიზნით საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ძალისხმევით ქვეყნის კონსტიტუციაში შეტანილი იქნა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც მიღებული უნდა იქნეს ყველა ზომა ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

jQuery(document).ready(function($) {
$(‘a.ic-printPage’).click(function(){
window.print();
return false;
});
});