გზამკვლევი ევროკავშირის / შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლისთვის

2017 წლის 28 მარტიდან ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები ვიზის გარეშე მოგზაურობენ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში. უვიზოდ მოგზაურობა შესაძლებელია შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ და 4 არაწევრ ქვეყანას, ასევე შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას.

2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს, ვიზის გარეშე ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოგზაურობენ.

უვიზოდ მოგზაურობა შესაძლებელია შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას. უვიზო მიმოსვლა ასევე შესაძლებელია შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანასთან:

ევროკავშირის წევრი შენგენის სივრცის ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი.

ევროკავშირის არაწევრი შენგენის სივრცის ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია;

ევროკავშირის წევრი შენგენის კანდიდატი ქვეყნები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია;

გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის წევრი ირლანდია – ამ ქვეყანაში ვიზის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ შესაბამის საკონსულო სამსახურს.

უვიზოდ მოგზაურობის ხანგრძლივობა:

  • ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე შეუძლიათ გაემგზავრონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში.
  • უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ ეხება გრძელვადიან ვიზიტებს, მაგალითად, უმაღლესი განათლების მიღების ან დასაქმების მიზნით!
  • მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში. 180 დღიდან 90 დაშვებული დღის გამოყენება შეიძლება გადაბმულად ან დღეების გადანაწილებით.
  • 90-დღიან პერიოდში შესაძლებელია მრავალჯერადი შესვლა ევროკავშირის/ შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე, მაგრამ საჭიროა, დარწმუნდეთ, რომ თქვენი ვიზიტის ხანგრძლივობა არ აღემატება ჯამში 90 დღეს უკანასკნელი 180 დღის განმავლობაში.

უვიზო მიმოსვლის პირობებით გათვალისწინებული 90 დღის განმავლობაში მოკლევადიანი ვიზიტის მიზანი შესაძლებელია იყოს სხვადასხვა:

  • ტურისტული მოგზაურობა;
  • ოჯახის წევრების / ნათესავების / ახლობლების მონახულება;
  • საქმიანი შეხვედრების, მოლაპარაკებების გამართვა;
  • საერთაშორისო სემინარებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა თუ გამოფენებში მონაწილეობა;
  • მოკლევადიან სასწავლო კურსებსა და ტრენინგებში, გაცვლით სასწავლო/სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობა;
  • კულტურულ, სამეცნიერო და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა;
  • სამედიცინო სერვისებით სარგებლობა – მოკლევადიანი სამკურნალო კურსი/ ოპერაცია.

რა დოკუმენტებია საჭირო უვიზოდ მოგზაურობისათვის:

  • უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გაცემული საქართველოს მოქალაქის ბი-ომეტრიული პასპორტი, რომელსაც უნდა ჰქონდეს მინიმუმ, 3 თვის მოქმედების ვადა ევროკავშირის/შენგენის ქვეყნის ტერიტორიიდან გასვლის დაგეგმილი დღისთვის.

რა მოგეთხოვებათ ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისას სასაზღვრო კონტროლის დროს:

  • ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყანაში მოგზაურობისას, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლის მოთხოვნის საფუძველზე, ვალდებული ხართ დაასაბუთოთ მგზავრობის კონკრეტული მიზანი (მაგ.: საქმიანი ვიზიტი, ტურისტული მოგზაურობა, ახლობლების ან ნათესავების მონახულება, სასწავლო კურსი 90 დღემდე ვადით).

მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს უფლება აქვს მოითხოვოს შემდეგი საბუთები:

  • დასაბრუნებელი ბილეთი, სასტუმროს მოქმედი ჯავშანი ან ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები მასპინძლის მისამართი, სამოგზაურო დაზღვევა, მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება (მაგ.: ნაღდი ფული ან მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათი – სასტუმროს ხარჯის გარდა, ფინანსური უზრუნველყოფისთვის საჭირო თანხა)

2021 წლის 1 იანვრიდან, ძალაში შვიდა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც, შენგენის რეგულაციით გათვალისწინებული დოკუმენტაცია დამატებით საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზეც შემოწმდება.

საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე თუ მას ეკრძალება ევროკავშირის/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლა ან ვერ წარადგენს კანონით გათვალიწინებულ საბუთებს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://www.geoconsul.gov.ge/ka/schengen

გაითვალისწინეთ!

  • ევროკავშირის / შენგენის წევრ ქვეყნებში ყოფნის 90 დღის (180 დღის განმავლობაში) ვადის გასვლამდე საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს შენგენის ზონა! ამ ქვეყნებში 90 დღე გადაბმულად ყოფნის შემთხვევაში, ხელახლა გამგზავრება შესაძლებელი იქნება შენგენის ზონის დატოვებიდან 90 დღის გასვლის შემდეგ.
  • უვიზო მიმოსვლა არ ნიშნავს ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მუშაობის/ხანგრძლივი სწავლის უფლებას!
  • საქართველოს მოქალაქეს უარი ეთქმება ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყანაში შესვლაზე თუკი:
  • ვერ შეძლებს მგზავრობის მიზნობრიობის ან ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურებას;
  • საფრთხეს უქმნის ევროკავშირის/შენგენის რომელიმე წევრი ქვეყნის საზოგადოებრივ წესრიგსა და ჯანმრთელობას ან შიდა უსაფრთხოებას;
  • ნასამართლევია ევროკავშირის/შენგენის წევრ ნებისმიერ ქვეყანაში სისხლის სამართლის ისეთი დანაშაულისთვის, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წელზე მეტი ვადით;
  • არსებობს დანაშაულებრივ საქმიანობაში მისი მონაწილეობის ან ასეთი განზრახვის შესახებ უტყუარი მტკიცებულებები;
  • აკრძალული აქვს ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესვლა ან არსებობს გადაწყვეტილება მისი გაძევების შესახებ.
  • საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი არიან, დაიცვან ადგილსამყოფელ ქვეყანაში შესვლისა და ყოფნის წესები, აგრეთვე, იმ ქვეყანაში მოქმედი სხვა კანონმდებლობა:
  • 90-დღიანი ვადის გადაცილების შემთხვევაში, ევროკავშირის/შენგენის ტე-რიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად. ასეთი პირი გაძევებული იქნება ქვეყნიდან და აეკრძალება ევროკავშირის / შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლამდე ვადით. ამასთან, შესაძლოა, დაეკისროს ჯარიმა 3 000 ევრომდე ოდენობით.
  • ნებადართული ყოფნის პერიოდში სხვა სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, რის შემდეგაც გაძევებული იქნება ქვეყნიდან და აეკრძალება ევროკავშირის / შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლამდე ვადით;
  • ევროკავშირის / შენგენის წევრ ქვეყნებში მუშაობა სამუშაო ნებართვის გარეშე ითვლება არალეგალურად, რასაც, შესაძლოა, მოჰყვეს ქვეყნიდან გაძევება და ქვეყანაში შესვლის აკრძალვა.