თანამშრომლობის ისტორია

პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება (PARTNERSHIP AND COOPERATION AGREEMENT – PCA)

საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა 1992 წელს დაიწყო, როდესაც ევროგაერთიანებამ საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. თავდაპირველად პარტნიორობა ძირითადად ჰუმანიტარული და ტექნიკური დახმარების კუთხით წარიმართა, თუმცა მოგვიანებით თანამშრომლობა გაღრმავდა და დღეს საქართველო ევროკავშირის ასოცირებული ქვეყანაა, რომელსაც ევროკავშირის ბაზარზე აქვს შეუზღუდავი წყვდომა და რომლის მოქალაქეებიც ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ.

1992 წელს, ევროგაერთიანებამ საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა და მასთან თანამშრომლობა დაიწყო ძირითადად ჰუმანიტარული და ტექნიკური დახმარების კუთხით. 1996 წლის 22 აპრილს, ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა, ევროკომისიისა და საქართველოს პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას , რომელიც 1999 წელს შევიდა ძალაში. შეთანხმება დაიდო 10 წლის ვადით, ვადის ამოწურვის შემდეგ კი, ავტომატურად გაგრძელდებოდა ყოველ წელს, თუ რომელიმე მხარე საწინააღმდეგო პოზიციას არ დააფიქსირებდა. შეთანხმება მოიცავდა მრავალ სფეროს, სადაც მხარეები იღებდნენ ვალდებულებას, ერთობლივად ემუშავათ გარკვეული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მიზნების მისაღწევად. მართალია, შეთანხმება არ განსაზღვრავდა კრიტერიუმებს თანამშრომლობის შუალედური ან საბოლოო მიზნებისთვის (მაგალითად, ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებელ კრიტერიუმებს), მაგრამ იგი ითვალისწინებდა ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებისა და ჰარმონიზაციის უწყვეტ პროცესს.

შეთანხმების 43-ე მუხლის თანახმად, საქართველომ ვალდებულება აიღო, ეტაპობრივად მიეახლოებინა თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ამავე მუხლში ჩამოთვლილია სფეროები, რომლებიც უნდა მოეცვა საკანონმდებლო ჰარმონიზაციას, ესენია: ინვესტიციები, საბაჟო სამართალი, სამეწარმეო სამართალი, საბანკო სამართალი, კომპანიათა ანგარიშები და გადასახადები, ინტელექტუალური საკუთრება, დასაქმებულთა დაცვა სამუშაო ადგილებზე, ფინანსური მომსახურება, კონკურენციის წესები, სახელმწიფო შესყიდვები, გარემოს დაცვა, მომხმარებელთა უფლებების დაცვა, არაპირდაპირი დაბეგვრა, ტექნიკური წესები და სტანდარტები, ბირთვული კანონმდებლობა, ტრანსპორტი და სხვა. ამასთან, შეთანხმების 44-ე მუხლი საგანგებოდ საუბრობს კანონმდებლობის დაახლოებაზე კონკურენციის სფეროში.

აღსანიშნავია, რომ 1997 წლის 2 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც, 1998 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს პარლამენტში მიღებული ყველა კანონი და სხვა ნორმატიული აქტი უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის მიერ დადგენილ სტანდარტებსა და ნორმებს.

2000 წლიდან შეიქმნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშემწყობი სამთავრობო კომისია, რომელსაც სხვა ფუნქციებთან ერთად, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების ხელშეწყობა ევალებოდა. კომისიის მიერ შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების მონაწილეობით შემუშავდა საქართველოს კანონმდებლობის ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის სტრატეგია, რომელიც დამტკიცდა საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 14 ივნისის #613 განკარგულებით.

შემდგომ ეტაპს წარმოადგენდა საქართველოს კანონმდებლობის ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის ეროვნული პროგრამის შემუშავება. პროგრამაზე მუშაობა 2001-2003 წლებში მიმდინარეობდა. 2004 წლის 8 მაისის განკარგულებით, საქართველოს მთავრობამ მოიწონა საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის ეროვნული პროგრამა და მთავრობის წევრებს დაევალათ ეროვნული პროგრამის შესასრულებლად ინდივიდუალური (სექტორული) სამოქმედო გეგმების შემუშავება.

პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების განხორციელებისა და მონიტორინგის მიზნით ჩამოყალიბდა შემდეგი ერთობლივი ინსტიტუტები:

  • თანამშრომლობის საბჭო – იკრიბებოდა წელიწადში ერთხელ. მის ფუნქციას პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების განხორციელებაზე ზედამხედველობა წარმოადგენდა. ის, ერთი მხრივ, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების, ხოლო მეორე მხრივ, ევროკავშირის საბჭოსა და ევროკომისიის წევრებისგან შედგებოდა. თანამშრომლობის საბჭოზე მხარეები განიხილავდნენ პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში წამოჭრილ საკითხებს. აგრეთვე, ორმხრივი თუ საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში წამოჭრილ ნებისმიერ სხვა საკითხებს, რომლებიც საერთო ინტერესის საგანს წარმოადგენდა და პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მიზნებს ემსახურებოდა.
  • თანამშრომლობის კომიტეტი – იკრიბებოდა წელიწადში ერთხელ მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების დონეზე. ის ამზადებდა თანამშრომლო ბის საბჭოს სხდომებს და უზრუნველყოფდა, რომ შეხვედრებს შორის უწყვეტი პროცესი ყოფილიყო. თანამშრომლობის კომიტეტი შემდეგ ქვეკომიტეტებს მოიცავდა:
    • ტრანსპორტის, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის;
    • დასაქმებისა და სოციალური საკითხების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ტრენინგის, განათლებისა და ახალგაზრდობის, კულტურის, საინფორმაციო, საზოგადოების და აუდიოვიზუალური პოლიტიკისა და მეცნიერების და ტექნოლოგიების;
    • ვაჭრობის, ეკონომიკისა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი სა-კითხების;
    • სამართლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების.
  • საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტი შედგებოდა საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის წევრებისგან. ეს იყო პლატფორმა პოლიტიკური დიალოგისთვის ევროკავშირისა და საქართველოს პარლამენტარებს შორის.

ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამა – TACIS
1991 წელს, საბჭოთა კავშირის ყოფილი წევრი ქვეყნების დასახმარებლად ევროკავშირმა წამოიწყო ტექნიკური დახმარების პროგრამა დამოუკიდებელი ქვეყნების თანამეგობრობისთვის – TACIS (Technical Assistance to the Commonwealth of Independent States), რომლის მიზანი ახლად დამოუკიდებელობამოპოვებული ქვეყნების საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლისა და დემოკრატიის განმტკიცების ხელშეწყობა იყო.

აღნიშნული პროგრამა იმ ძირითად ინსტრუმენტს წარმოადგენდა, რომლის სა-შუალებითაც ევროკავშირი პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების განხორციელებას უზრუნველყოფდა. მოგვიანებით, ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთობა უფრო ფორმალური და პოლიტიკურად აქტიური გახდა. TACIS-ის დაწყებისას, ტექნიკური დახმარება ცალკე ხორციელდებოდა, მოგვიანებით კი, ეს პროგრამა პარტნიორ ქვეყნებთან, საქართველოს ჩათვლით, რთული და სწრაფად მზარდი ურთიერთობის ნაწილი გახდა.

მრავალი პროგრამის განხორციელების შედეგად, TACIS-მა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და საბაზრო ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. 1992-2006 წლებში, ევროკომისიამ მთლიანობაში, TACIS-ის ფარგლებში საქართველოში ასობით პროექტის განსახორციელებლად 131 მილიონამდე დახმარება გამოყო. 2007 წელს TACIS-ის პროგრამა ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტმა (ENPI) ჩაანაცვლა.

ევროპული სამეზობლო პოლიტიკა (EUROPEAN NEIGHBORHOOD POLICY/ENP)
2003 წლიდან ევროკავშირმა განავითარა ევროპული სამეზობლო პოლიტიკა (ENP), რომლის მიზანიცაა გაფართოებული ევროკავშირის აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოში ახალი გამყოფი ხაზების თავიდან არიდება და იქ კეთილდღეობის, მშვიდობიანი განვითარებისა და უსაფრთხოების განმტკიცების ხელშეწყობა. ENP-ის ფარგლებში ევროკავშირის ურთიერთობა მის სამეზობლოსთან ეფუძნება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის ღირებულებებს და მიმართულია მხარეებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული დაახლოების პროცესის ხელშეწყობისკენ. აღსანიშNავია, რომ ევროპული სამეზობლო პოლიტიკა საქართველოზე, სომხეთსა და აზერბაიჯანზე 2004 წლის ივნისიდან გავრცელდა და მიზნად ისახავდა პროგრესის მიღწევას ისეთ სფეროებში, როგორიცაა:

  • სტანდარტებისა და წესების ჰარმონიზაცია;
  • ევროკავშირის „სამეზობლო პოლიტიკაში“ მონაწილე ქვეყნებისათვის პრე-ფერენციული სავაჭრო რეჟიმების მინიჭება, ევროკავშირის ბაზარზე შეღწევის გაიოლების მიზნით;
  • ადამიანური რესურსის თავისუფალი გადაადგილებისა და კანონიერი მიგრაციის საფუძვლების შექმნა;
  • თანამშრომლობის გაძლიერება უსაფრთხოების საკითხებში, კერძოდ, ტერო-რიზმის, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების, ნარკოტიკების ტრანზიტის, ტრეფიკინგის, ფულის გათეთრებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში;
  • ევროკავშირის უფრო აქტიური მონაწილეობა კონფლიქტის დარეგულირების და კრიზისულ სიტუაციათა მართვის საკითხებში;
  • მეტი ძალისხმევის მიმართვა ადამიანის უფლებათა დაცვისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისაკენ;
  • ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში მონაწილე ქვეყანათა ინტეგრაცია ევროპულ სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და სატელეკომუნიკაციო ქსელებში, ასევე, სამეცნიერო კვლევათა ევროპულ სივრცეში (European Research Area);
  • ინვესტიციების ხელშეწყობისა და მათი დაცვის ახალი ინსტრუმენტების შექმნა;
  • ევროკავშირის „სამეზობლო პოლიტიკაში“ მონაწილე ქვეყნების მოთხოვნილებებზე უკეთ ორიენტირებული დახმარების უზრუნველყოფა;
  • დაფინანსების ახალი წყაროების მოძიება ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) სესხების ხელმისაწვდომობის ჩათვლით.

2006 წლის ნოემბერში, საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის დასრულდა საქართველო-ევროკავშირის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შეთანხმება, რომელიც თანამშრომლობის სტრატეგიული მიზნებისა და შესაბამისი პოლიტიკური და ეკონომიკური პრიორიტეტების განხორციელებას უწყობდა ხელს. სამოქმედო გეგმა 2006 წლის 14 ნოემბერს მიიღეს. ევროპულმა სამეზობლო პოლიტიკამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მხრივ და ხელი შეუწყო ქვეყანაში ეკონომიკური რეფორმების გატარებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბების პროცესს.

ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტი (EUROPEAN NEIGHBORHOOD POLICY INSTRUMENT/ENPI)
ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტი (ENPI) იყო ის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც გულისხმობდა სამეზობლო პოლიტიკის კონკრეტული ფინანსური აქტივობებით მხარდაჭერას და 2007 წლის პირველი იანვრიდან მოქმედებდა. ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტმა ჩაანაცვლა თანამშრომლობის ისეთი პროგრამები, როგორიცაა: TACIS (აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის) და MEDA (ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებისთვის). ამ თვალსაზრით, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტი უზრუნველყოფდა ამ პროგრამებში არსებული სტრატეგიული ხაზის გაგრძელებას. მის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საერთო ღირებულებების გაზიარება, სტაბილურობისა და კეთილდღეობის არეალის შექმნა, ინტენსიური თანამშრომლობა და უფრო ღრმა ეკონომიკური და რეგიონული ინტეგრირება თანამშრომლობის სფეროების მთელი სპექტრის გათვალისწინებით.

2007-2013 წლებში, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის ფარგლებში გამოყოფილმა ფინანსურმა დახმარებამ 11 მილიარდი ევრო შეადგინა, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ევროკავშირის დახმარება მისი სამეზობლოსათვის. 2007 წელს, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის ფარგლებში საქართველოსთვის 24 მილიონი ევრო გამოიყო, რაც სამოქმედო გეგმის პრიორიტეტული სფეროების რეფორმირებას მოხმარდა. სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის ფარგლებში, 2007-2010 წლების საერთო ბიუჯეტმა 120 მლნ. ევრო შეადგინა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის კონფლიქტებთან დაკავშირებული პაკეტიდან, ევროკომისიამ საქართველოსთვის დამატებით გამოყო 500 მლნ. ევრო, რომლის ძირითადი ნაწილი იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერას მოხმარდა.

ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტი 2014-2020 წლებისთვის (ENI – EUROPEAN NEIGHBORHOOD INSTRUMENT)
2011 წლის დეკემბერში, ევროკომისიამ წინადადებით მიმართა ევროპულ პარლამენტს 2014-2020 წლებისთვის ახალი საგარეო დახმარების ინსტრუმენტების, მათ შორის, ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის დამტკიცების თაობაზე. 2011 წლის 25 მაისის ერთობლივი კომუნიკეს თანახმად, ახალი ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტი (ENI – European Neighborhood Instrument) ევროკავშირის საზღვრებიდან აღმოსავლეთით და სამხრეთით მდებარე 16 პარტნიორ ქვეყანას აღმოუჩენდა დახმარებას, 2014 წლიდან 2020 წლამდე პერიოდში. აღნიშნული ინსტრუმენტი საქართველოში 2015 წლიდან ამოქმედდა.

აღსანიშნავია, რომ ENPI-გან განსხვავებით, ENI არ მოიცავს რუსეთთან თანამშრომლობას.
ENI-ის საერთო ბიუჯეტი 2014-2020 წლებში შეადგენს 15 მილიარდ ევროს, სამეზობლო პოლიტიკის 16 ქვეყნის მხარდასაჭერად, შემდეგი მიმართულებით:

1. ორმხრივი პროგრამები, რომლებიც ცალკეული პარტნიორი ქვეყნისთვის მხარდაჭერას ითვალისწინებს;
2. მრავალმხრივი პროგრამები, რომლებიც ყველა ან რამდენიმე პარტნიორი ქვეყნის წინაშე არსებულ საერთო გამოწვევებს პასუხობს და ასევე, მოიცავს რეგიონულ და ქვერეგიონულ თანამშრომლობას ორ ან მეტ პარტნიორ ქვეყანას შორის;
3. საზღვრისპირა თანამშრომლობა (CBC).

პარტნიორი ქვეყნების წახალისების მიზნით, ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტი დიფერენცირების მეთოდს და „მეტი მეტისთვის“ პრინციპს იყენებს: რეგულაციის თანახმად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ ქვეყნებს, რომლებიც რეალურად მონაწილეობენ კანონის უზენაესობაზე დაყრდნობით, ძლიერი და მდგრადი დემოკრატიის მშენებლობაში და ფინანსური დახმარების გამოყოფის კრიტერიუმები დიფერენცირების პრინციპს დაეფუძნება. ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტი უნდა ასახავდეს ქვეყნის ამბიციის დონეს ევროკავშირთან პარტნიორობის თვალსაზრისით, მის პროგრესს ღრმა და მდგრადი დემოკრატიის მშენებლობასა და რეფორმების განხორციელების მხრივ შეთანხმებული მიზნების შესრულებაში.

ENI-ის მთავარი მიზნებია: ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა ხელშეწყობა; ევროკავშირის შიდა ბაზარზე პროგრესული ეკონომიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა; ნდობის აღდგენა უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით და კონფლიქტების აღკვეთა და მოგვარება; ხალხთა შორის კონტაქტების ზრდა; დარგობრივი თანამშრომლობა (მაგ. ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების სფეროებში) და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარება.

ENI-ის რეგულაცია უზრუნველყოფს უფრო გაზრდილ კავშირებს ევროკავშირის შიდა ინსტრუმენტებსა და პოლიტიკასთან, რათა გაძლიერდეს ევროკავშირის პოლიტიკით განსაზღვრული დახმარება, რაც ევროკავშირის ბიუჯეტის შიდა და გარე ინსტრუმენტების შესაბამისობას უზრუნველყოფს. შედეგად, პარტნიორ ქვეყნებსა და მათ მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის წარმატებულ შიდა პროგრამებში, ისეთ სფეროებში, როგორიცაა: სტუდენტების მობილობა, ახალგაზრდული პროგრამები ან სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა.

აღმოსავლეთ პარტნიორობა (EASTERN PARTNERSHIP – EAP)
აღმოსავლეთ პარტნიორობის (Eastern Partnership – EaP) ინიციატივა, როგორც ევ-როკავშირის აღმოსავლეთ მეზობელ ქვეყნებთან (აზერბაიჯანთან, ბელარუსიასთან, მოლდოვასთან, საქართველოსთან, სომხეთთან, უკრაინასთან) თანამშრომლობის ახალი ფორმატი შვედეთისა და პოლონეთის შეიმუშავებული ინიციატივა გახლდათ. 2008 წლის აგვისტოში, საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციამ გამოიწვია აღნიშნული ინიციატივის განხორციელების პროცესის დაჩქარება. შესაბამისად, 2008 წლის დეკემბერში, ევროკომისიას დაევალა ამ ინიციატივასთან დაკავშირებული წინადადებების წარდგენა.

2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, პრეზიდენტმა სარკოზიმ, როგორც ევროკავშირის იმჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის – საფრანგეთის პრეზიდენტმა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რუსეთ-საქართველოს ომის შეჩერებასა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევაში. უკვე ომის შემდგომ, ევროკავშირმა აქტიური ფინანსური დახმარება აღმოუჩინა საქართველოს და ცეცხლის არგანახლების მიზნით, საქართველოში მოავლინა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც დღემდე, ადმინისტრაციული ხაზის გასწრივ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, მონიტორინგს უწევს კონფლიქტის ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სიტუაციას და ხელს უწყობს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ცხოვრების პირობებისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებას. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ სრულად არ სრულდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება და მისიას არ აქვს დაშვება ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე, მისიის მოქმედება მნიშვნელობას არ კარგავს, რადგან ამ დრომდე, ევროკავშირის მონიტორინგის მისია ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმია, რომელიც კონფლიქტის ზონაში მოქმედებს. ევროკავშირი აქტიურად არის ჩართული კონფლიქტის დარეგულირების პროცესში, რომელიც ჟენევის დიალოგის სახელით არის ცნობილი და რომელიც ასევე, 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების ნაწილია. აქ, ჟენევის დიალოგში, ევროკავშირის წარმომადგენელი, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლებთან ერთად, თანათავმჯდომარის ფუნქციას ასრულებს. მნიშნელოვანია ისიც, რომ 2008 წლის ოქტომბერში, ბრიუსელში ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით გამართულ დონორთა კონფერენციაზე, საქართველოსთვის 2008-2010 წლებისთვის გამოყოფილმა დახმარებამ 4.5 მილიარდი დოლარი შეადგინა.

2008 წლის 3 დეკემბერს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ კომუნიკე, რომელიც 2009 წლის 19 მარტს, ევროპული საბჭოს სხდომაზე დამტკიცდა.

აღმოსავლეთ პარტნიორობა არ არის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის ალტერნატივა, არამედ ის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გზით, ხელს უწყობს პარტნიორი ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის გაღრმავებას, საერთო ფასეულობების გავრცელებას, რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებასა და ეკონომიკურ განვითარებას.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, თანამშრომლობა ორი მიმართულებით ვითარდება: ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატებში. ორმხრივი თანამშრომლობა ევროკავშირსა და თითოეულ პარტნიორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ითვალისწინებს, რაც მოიცავს: ასოცირების შესახებ შეთანხმებების (Association Agreements) გაფორმების გზით ახალი, უფრო ფართო საკონტრაქტო ურთიერთობების ჩამოყალიბებას. მრავალმხრივი თანამშრომლობის მიზანი კი, უზრუნველყოფს ახალ ფორმატს, რომელიც საერთო ინტერესთა სფეროში თანამშრომლობისა და გამოწვევებთან გამკლავების შესაძლებლობას იძლევა. ასეთი ფორმატი უსაფრთხოების, მიგრა ციის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და სხვა სფეროებში ერთობლივი პროექტების განხორცილების გზით, რეგიონში თანამშრომლობის პროცესების განვითარებას ისახავს მიზნად.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში შექმნილი თანამშრომლობის ინსტიტუტები

სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი
ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში, მოხდა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუციონალიზაცია ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის აქტიური თანამშრომლობის ხელშეწყობისათვის. 2009 წლის 17 ნოემბერს, ბრიუსელში ამ მიზნით, სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი (EaP Civil Society Forum – CSF) დაფუძნდა.

სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის სხდომები ყოველწლიურად იმართება. ფორუმის სხდომებზე ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნებისთვის რეკომენდაციების შემუშავება ხდება. CSF-ის მუშაობის წარმართვის მიზნით, თითოეულ პარტნიორ ქვეყანაში შექმნილია ეროვნული პლატფორმები. ამ დროისათვის, საქართველოს ეროვნულ პლატფორმაში 180 წევრი და 5 ასოცირებული წევრი ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული.

აღსანიშნავია, რომ პლატფორმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრიდან გარდაიქმნა ინსტიტუციონალიზებული პოლიტიკის ფორუმად, რომელიც ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს (სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსიას, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას) თავიანთი იდეებისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მეშვეობით აერთიანებს და ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში ევროინტეგრაციის პროცესის გავრცელებას ისახავს მიზნად.

„ევრონესტი“
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში მოქმედებს „ევრონესტი“ (Euronest) – თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც 2011 წლის 2-3 მაისს, ბრიუსელში ევროპარლამენტის წევრებისა და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით შეიქმნა.

ასამბლეა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის 5 ქვეყნის (სა-ქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა და მოლდოვა) 10-10 პარლამენტარსა და ევროპარლამენტის 60 დეპუტატებს აერთიანებს.

აღმოსავლეთ პარტნიორობა 2020 წლის შემდეგ: სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერება – აღმოსავლეთ პარტნიორობა ყველასთვის.

jQuery(document).ready(function($) {
$(‘a.ic-printPage’).click(function(){
window.print();
return false;
});
});