ევროკავშირი პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა, რომლის მიზანია შექმნას სამართლიანი და უსაფრთხო გარემო მისი წევრი ქვეყნების მოქალაქეებისათვის
ევროკავშირის ისტორია
ევროპის კონტინენტზე საუკუნეების მანძილზე მრავალმა ომმა და დაპირისპირებამ, საბოლოოდ კი XX საუკუნეში მომხდარმა ორმა დამანგრეველმა მსოფლიო ომმა გაერთიანებული ევროპის იდეა წარმოშვა, რომელიც ევროპელ ლიდერთა აზრით პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციით გახდებოდა შესაძლებელი.
ჟან მონეს იდეით შთაგონებულმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა 1950 წლის 9 მაისს გაახმოვანა ინიციატივა, შექმნილიყო ევროპის ქვანახშირის მომპოვებელი და ფოლადის მწარმოებელი ქვეყნების გაერთიანება. გეგმის მიხედვით, გაერთიანების წევრ იმ ქვეყნებში, რომლებიც ოდესღაც ერთმანეთს ებრძოდნენ, ქვანახშირის მოპოვება და ფოლადის წარმოება გაერთიანდებოდა და დაექვემდებარებოდა საერთო უმაღლეს ორგანოს. „ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება“ 1951 წელს შეიქმნა, რომელმაც ექვსი სახელმწიფო გააერთიანა – ბელგია, დასავლეთ გერმანია, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, იტალია და ნიდერლანდები. შედეგად, ომის წარმოებისთვის აუცილებელი ნედლეული (ფოლადი და ქვანახშირი) ურთიერთშერიგებისა და მშვიდობის დასამყარებელ ინსტრუმენტებად იქცა. წარმატებულმა თანამშრომლობამ ნათლად აჩვენა, რომ ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი იყო და კიდევ უფრო უნდა გაღრმავებულიყო.
ევროკავშირის განვითარების ეტაპები – ძირითადი ხელშეკრულებები
უფრო სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად, წევრ ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გასაღრმავებლად – ევროკავშირი მუდმივად ავითარებდა თავის მრავალსექტორულ სტრუქტურას, რამაც საბოლოო ჯამში ჩამოაყალიბა გაერთიანება, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია.
ევროკავშირის ფუძემდებლურ კანონმდებლობას წარმოადგენს წევრი ქვეყნების მიერ ხელმოწერილი სხვადასხვა ხელშეკრულება, რომელიც საფუძველს უყრის ევროკავშირის პოლიტიკას და აფუძნებს მის ინსტიტუციურ სტრუქტურას, საკანონმდებლო პროცედურებსა და ძირითად უფლებამოსილებებს.
ევროკავშირის გაფართოება
ევროპაში თანასწორობის, ეკონომიკური გაძლიერებისა და მყიფე უსაფრთხოების გამყარების მიზნით დაფუძნებულ ორგანიზაციაში თავდაპირველად ექვსი ევროპული სახელმწიფო გაერთიანდა. მათი თანამშრომლობისა და ინტეგრაციის პოზიტიურმა შედეგებმა, დროთა განმავლობაში, სხვა ევროპულ ქვეყნებსაც სურვილი გაუჩინა თავადაც შეერთებოდნენ თანამეგობრობას. შედეგად, ევროკავშირში, მისი ისტორიის მანძილზე შვიდი გაფართოების ტალღის შედეგად, დღეს, 27 ევროპული სახელმწიფოა გაერთიანებული.
27 ქვეყანა
ევროკავშირის ინსტიტუტები
ევროკავშირი შედგება დამოუკიდებელი ინსტიტუტებისგან, რომლებიც ქმნიან ერთიან გამართულ ინსტიტუციას და ამასთან, წარმოადგენენ დამოუკიდებელ ორგანოებს, რომლებიც ფუნქციონირებენ ევროკავშირის შეთანხმებების და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე, მოქმედებენ მათ მიერვე მიღებული დებულებების, დირექტივებისა და რეკომენდაციების შესაბამისად.
ძირითადი ინსტიტუტების შენობების ფოტოები:
ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა
ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია მისი სამეზობლოს სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხი. სწორედ ამ მიზნით, ამიტომ ევროკავშირმა ჩამოაყალიბა „ევროპის სამეზობლო პოლიტიკა“, რომელის ფარგლებშიც მოიაზრება თანამშრომლობა მის აღმოსავლეთით და სამხრეთით მდებარე მეზობლებთან.
ევროკავშირი მის მეზობლებთან ორმხრივი პარტნიორობის ფორმატში თანამშრომლობს საერთო ფასეულობების (დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა) დაცვის მიზნით, ამასთან ერთობლივად მუშაობენ საბაზრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების განსავითარებლად. ამისთვის ევროკავშირი მის მეზობლებს ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას უწევს.
ფოტოები ევროკავშირი-ს ისტორიიდან
1950 წლის 9 მაისი, შუმანის დეკლარაციის წარდგენა
1951 წლის 18 აპრილი, პარიზის შეთანხმება
1957 წლის 27 მარტი, რომის შეთანხმება
1965 წლის 8 აპრილი - ბრიუსელის ხელშეკრულება (Marger Treaty)
1979 წლის 17 ივლისი - პირდაპირი წესით პირველად არჩეული ევროპარლამენტი სტრასბურგში
1985 წლის 14 ივნისი, შენგენის შეთანხმება
1986 წლის 17 თებერვალი - ერთიანი ევროპული აქტი
1992 წლის 7 თებერვალი – მაასტრიხტის შეთანხმება
1997 წლის 2 ოქტომბერი - ამსტერდამის შეთანხმება
2001 წლის 26 თებერვალი - ნიცის შეთანხმება
2007 წლის 13 დეკემბერი - ლისაბონის შეთანხმება
იცით თუ არა, რომ?
ლიეტუვის სეიმის სპიკერის ვიქტორას პრანცკეტუსის ინიციატივით, 2018 წლის მაისიდან ლიეტუვა საქართველოს „გრუზიას“ ნაცვლად „საქართველოდ“ მოიხსენიებს
ევროკავშირს 24 ოფიციალური ენა აქვს
ყოველ ჯერზე, როდესაც ევროკავშირი ფართოვდება, ახალი წევრი ქვეყნის სახელმწიფო ენა პარალელურად ხდება ევროკავშირის ერთ-ერთი ოფიციალური ენაც. აღნიშნული პოლიტიკის მიზანია: ევროკავშირმა მოქალაქეებთან კომუნიკაცია მათ მშობლიურ ენაზე დაამყაროს, დაიცვას ევროპის მდიდარი ენობრივი მრავალფეროვნება, ხელი შეუწყოს ენების შესწავლას ევროპაში. ევროკავშირის ინსტიტუტები წარმოადგენენ მსოფლიოს უდიდეს დამსაქმებლებს თარჯიმნებისა და მთარგმნელებისთვის.
1985 წლის 14 ივნისს, ლუქსემბურგის ქალაქ შენგენში, ხელი მოეწერა „საპასპორტო საბაჟო კონტროლის გაუქმების შესახებ ევროპის კავშირის ქვეყნებს შორის“ შეთანხმებას.
შეთანხმების მიხედვით ბელგია, გერმანია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი და ნიდერლანდები შეთანხმდნენ, თანდათანობით გაეუქმებინათ საერთო სასაზღვრო კონტროლი და შემოეღოთ გადაადგილების თავისუფლება ხელმომწერი წევრი სახელმწიფოების, სხვა წევრი სახელმწიფოების ან მესამე სახელმწიფოების მოქალაქეებისათვის. დღეისათვის შენგენის ხელშეკრულება აერთიანებს:
ევროკავშირის წევრ 22 ქვეყანას: ავსტრიას, ბელგიას, ჩეხეთის რესპუბლიკას, დანიას, ესტონეთს, ფინეთს, საფრანგეთს, გერმანიას, საბერძნეთს, უნგრეთს, იტალიას, ლატვიას, ლიეტუვას, ლუქსემბურგს, მალტას, ნიდერლანდებს, პოლონეთს, პორტუგალიას, სლოვაკეთს, სლოვენიას, ესპანეთსა და შვედეთს;
ევროკავშირის 4 არაწევრ ევროპულ ქვეყანას: შვეიცარიას, ნორვეგიას, ისლანდიასა და ლიხტენშტეინს.
აღსანიშნავია, რომ შენგენის ზონის 4 კანდიდატი ქვეყანაა: ბულგარეთი, კვიპროსი, ხორვატია და რუმინეთი.
დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირის წევრი ირლანდია არ არიან შენგენის ზონის წევრები.
ევროკავშირის წევრი კვიპროსის მხოლოდ ბერძნული (სამხრეთ) ნაწილია, ხოლო თურქული ჩრდილოეთი) - არა
2004 წლის აპრილში, კვიპროსის რესპუბლიკის ევროკავშირში ოფიციალურ გაწევრიანებამდე რამდენიმე დღით ადრე, კუნძულის ორივე მხარეს ჩატარდა კვიპროსის გაერთიანებაზე (ე.წ. ,,ანანის გეგმის“ დამტკიცებაზე) რეფერენდუმი. კვიპროსის თურქულმა ნაწილმა 64.9%-ით მხარი დაუჭირა გეგმას, მაშინ როდესაც ბერძნულმა 24.2%-ით ჩააგდო ის. შედეგად, 2004 წელს კვიპროსის რესპუბლიკა ევროკავშირის შეუერთდა, თუმცა მხოლოდ ქვეყნის სამხრეთი, ბერძნული ნაწილი.
გერმანიას ევროპარლამენტში ყველაზე მეტი - 96 წარმომადგენელი ჰყავს, ყველაზე ნაკლები კი მალტას - 6
ეს რიცხვი წევრი ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობაზეა დამოკიდებული. მიუხედავად ამისა, პატარა ქვეყნები ყველაზე უკეთ ამ მექანიზმის საშუალებით ახერხებენ თავიანთი პოზიციების დაფიქსირებასა და თავიანთი იდეების გაზიარებას.
ევროპის დღე 9 მაისს აღინიშნება
1950 წლის ამ დღეს ევროპულ გაერთიანებას ჩაეყარა საფუძველი. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა წარადგინა გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა ევროპული ქვეყნების მიერ სტრატეგიული რესურსების გაერთიანებას იმისთვის, რომ ისეთ ისტორიულ მეტოქეებს შორისაც კი, როგორებიც საფრანგეთი და გერმანია გახლდნენ, ომი „არა მხოლოდ წარმოუდგენელი, არამედ მატერიალურად შეუძლებელი ყოფილიყო“.
2012 წლის 12 ოქტომბერს ევროკავშირი დაჯილდოვდა ნობელის პრემიით მშვიდობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის დარგში შეტანილი წვლილისთვის.
,,ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების“ დღევანდელი ევროკომისიის პირველ პრეზიდენტად, ფრანგი პოლიტიკოსი, ევროკავშირის შექმნის იდეის ავტორი ჟან მონე დაინიშნა.
ევროკავშირის დროშაზე გამოსახული 12 ვარსკვლავი არ ასახავს 12 წევრ სახელმწიფოს.
რიცხვი 12 ევროპული ერთიანობის, საერთო იდენტობისა და სრულყოფილების სიმბოლოს წარმოადგენს.
ევროკავშირის ჰიმნი ,,ოდა სიხარულს“ ცნობილი გერმანელი კომპოზიტორის ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის ნაწილია, რომელიც ჯერ კიდევ 1823 წელს შეიქმნა.
ევრო ევროკავშირის ოფიციალური ვალუტაა და წარმოადგენს ერთადერთ ფულად ერთეულს 300 მილიონამდე ევროპელისთვის.
ევროკავშირის ერთიანი ბაზრის ქვაკუთხედია საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და ადამიანების თავისუფალი გადაადგილება, ცნობილი როგორც „ოთხი თავისუფლება“
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) საქართველოს აძლევს საშუალებას ეტაპობრივად მიიღოს ევროკავშირის შიდა ბაზრის ოთხი თავისუფლებიდან სამი: საქონლის, მომსახურების და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება. მეოთხე თავისუფლებას – ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას ხელს უწყობს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი.
ევროპარლამენტი ევროკავშირში ერთადერთი პირდაპირი წესით არჩეული ინსტიტუტია, რომელსაც ევროკავშირის მოქალაქეები 5 წელიწადში ერთხელ ირჩევენ.
ევროკავშირის პოლიტიკური ცენტრები განლაგებულია: ბრიუსელში, სტრასბურგში, ლუქსემბურგში, ჰააგასა და ფრანკფურტში.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) წარმოადგენს ერთადერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მექანიზმს საქართველოში.
მისი ფუნქციაა: საომარი ქმედებების განახლების თავიდან აცილების, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და ნორმალური ცხოვრების აღდგენის ხელშეწყობის, ნდობის აღდგენისა და, ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ – მათ შორის, რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ფაქტებზე საერთაშორისო თანამეგობრობისათვის სანდო და მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით.
ერთიანი ევროპული აქტი, მიზნად ისახავდა საერთო ბაზრის ჩამოყალიბებასა და ინსტიტუციონალური ცვლილებების განხორციელებას
ერთიანი ევროპული აქტით დაფუძნდა ევროპული საბჭო, საპარლამენტო ასამბლეას ოფიციალურად ეწოდა ევროპარლამენტი და გაიზარდა მისი ძალაუფლება, გაიზარდა ევროკომისიის უფლებამოსილებები და შეიქმნა პირველი ინსტანციის სასამართლო, ამჟამად, გენერალური სასამართლო. ერთიანმა ევროპულმა აქტმა შემოიტანა პოლიტიკის რამდენიმე ახალი მიმართულება: შიდა ბაზარი, ეკონომიკური და სოციალური ერთობა, საერთო საგარეო პოლიტიკა და სოციალური პოლიტიკა – ჯანდაცვა და უსაფრთხო სამუშაო გარემო.
ლისაბონის შეთანხმების შედეგად, ევროპელ მოქალაქეებს მიენიჭათ საკანონმდებლო ინიციატივის (European Citizens’ Initiative) უფლება
ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის მილიონ მოქალაქეს, რომლებიც წარმოადგენენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთ მეოთხედს, უფლება აქვთ პირდაპირ მოუწოდონ ევროკომისიას კანონმდებლობის ინიცირებისკენ იმ სფეროებთან მიმართებაში, რომლებზეც წევრ ქვეყნებს კომპეტენცია ევროკავშირისთვის აქვთ გადაცემული.
ევროკავშირის საბჭოს მუშაობის ძირითად პრინციპს წარმოადგენს 6 თვიანი პერიოდის მონაცვლეობით სხვადასხვა წევრი სახელმწიფოს მიერ საბჭოს პრეზიდენტობა, რომელიც თავმჯდომარეობას უწევს შეხვედრებს და ადგენს საერთო პოლიტიკურ დღის წესრიგს.
ევროკავშირი მაქსიმალურად უჭერს მხარს ქალ მეცნიერებს და სხვადასხვა პროგრამის საშუალებით ხელს უწყობს მათ განავითარონ საკუთარი საქმიანობა პროექტისა თუ ინიციატივის საშუალებით
ერთ-ერთი ასეთი კონკურსია ევროკავშირის პრიზი ახალგაზრდა ინოვატორი ქალებისთვის – რომლის მიზანიცაა ხელი შეუწყოს ქალების როლის გაძლიერებას ინოვაციების მიმართულებით და ითვალისწინებს ყოველწლიურად ინოვატორი ქალების დაჯილდოებას.
1992 წლის 7 თებერვალს, ნიდერლანდების ქალაქ მაასტრიხტში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ევროკავშირის შესახებ (Treaty on European Union), რომელიც ცნობილია, როგორც მაასტრიხტის ხელშეკრულება
ამ ხელშეკრულების გაფორმებით, ევროგაერთიანებები გარდაიქმნა ევროკავშირად და ეკონომიკურთან ერთად, პოლიტიკური ასპექტიც შეიძინა.
ევროპული ინტეგრაცია ნიშნავს საქართველოს მოქალაქეებისთვის მეტ შესაძლებლობას განათლება მიიღონ მსოფლიოში მოწინავე ევროპულ უმაღლეს სასწავლებლებში და ასევე, გაიზიარონ თანამედროვე ევროპული საშუალო განათლების სიახლეები
საქართველო “ERASMUS +” პროგრმაში მონაწილე ქვეყნებს შორის ბოლო წლების მანძილზე სტაბილურად ინარჩუნებს პოზიციას წარმატებული ქვეყნების პირველ ათეულში
ევროკავშირის პროგრამა “ERASMUS+” დაფინანსებით 2015-2020 წლებში საქართველოდან 6509 სტუდენტმა უკვე მიიღო უმაღლესი აკადემიური განათლება წამყვან ევროპულ უნივერსიტეტებში.
ევროკავშირმა ERASMUS + პროგრამისთვის 2021-2027 წლებში 26 მილიარდი ევრო გამოყო
მასწავლებელთა დამეგობრების პროგრამა „eTwinningPlus“ ევროკავშირისა და მისი მეზობელი ქვეყნების სკოლების თანამშრომლობის ხელშესაწყობად შექმნილი ონლაინ პლატფორმაა
პლატფორმის მიზანია ხელი შეუწყოს მასწავლებლებს, სკოლის დირექციასა და სკოლაში მომუშავე სხვა პერსონალს ერთმანეთთან დაკავშირებასა და თანამშრომლობაში. პლატფორმის საშუალებით მათ შესაძლებლობა ეძლევათ ერთმანეთს გაუზიარონ იდეები და შეიმუშაონ ერთობლივი სასწავლო პროექტები. პროგრამის საშუალებით შესაძლებელი გახდა ქართველი და ევროპელი პედაგოგების დამეგობრება, კომუნიკაცია და გამოცდილების გაზიარება.
შენგენის ზონის გარე საზღვრები მკაცრად კონტროლდება, ხოლო მის შიგნით საპასპორტო შემოწმება არ ხორციელდება
შენგენის ხელშეკრულებამ დაადგინა, რომ შენგენის ზონაში შემავალ სახელმწიფოებს შორის საზღვრები უნდა გაუქმებულიყო, ხოლო გარე საზღვრები – გამაგრებულიყო. ქვეყნები ვალდებულნი არიან, ერთიანი პოლიტიკა აწარმოონ მიგრანტების მიმართ, რაც მოითხოვს მონაცემთა საერთო ბაზისა და საერთო საპოლიციო-სასამართლო სისტემის ფუნქციონირებას.
1997 წლის 2 ოქტომბერს, ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში ხელმოწერილი შეთანხმებით ადამიანის უფლებათა და როგორც ევროკავშირის, ასევე არაწევრი ქვეყნების უფლებების დაცვა ევროპული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების ფარგლებში გაერთიანდა
ევროპის ცენტალური ბანკი პასუხისმგებელია ევროკავშირის ეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაზე.
მისი მთავარი მიზანია, უზრუნველყოს: ფასების სტაბილურობა და ფინანსური ბაზრებისა და ინსტიტუტების კონტროლის გზით შეინარჩუნოს სტაბილური ფინანსური სისტემა.
ევროპის ცენტრალური ბანკი მთლიანად დამოუკიდებელია და არც მას, არც ეროვნულ ცენტრალურ ბანკებს თუ მათ მმართველ ორგანოებს არა აქვთ უფლება, მოითხოვონ ან მიიღონ რეკომენდაციები ევროკაბშირის ნებისმიერი სხვა ორგანისგან.
ევროპის აუდიტორთა სასამართლო ევროკავშირის ერთ-ერთი ინსტიტუტია და ამოწმებს ევროკავშირის ფინანსებს
მისი მთავარი მიზანია გააუმჯობესოს ევროკავშირის ფინანსური მართვა და მოამზადოს ანგარიში სახელმწიფო ფონდებიდან თანხების ხარჯვის პროცესზე. სასამართლო შეიქმნა 1975 წელს და მდებარეობს ლუქსემბურგში.
ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო შედგება ორი ცალკეული სასამართლოსგან: მართლმსაჯულების სასამართლო (Court of Justice) და ზოგადი სასამართლო (General Court)
სასამართლო ახორციელებს ევროკავშირის კანონების ინტერპრეტირებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ესა თუ ის კანონი ერთნაირად იქნას გამოყენებული ყველა წევრ ქვეყანაში. სასამართლო იხილავს ევროკავშირის მთავრობებსა და ინსტიტუტებს შორის წამოჭრილ დავებსაც. გარდა ამისა, ინდივიდებს, კომპანიებსა და ორგანიზაციებსაც შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს იმ შემთხვევაში, თუ მიაჩნიათ, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებმა დაარღვიეს მათი უფლებები. სასამართლო დაარსდა 1952 წელს და განთავსებულია ლუქსემბურგში.
2014 წლის 27 ივნისს ხელმოეწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმებით საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და ბიძგი მიეცა საქართველოს უწყვეტ და სწრაფ განვითარებას
შეთანხმება, რომლის შემადგენელი ნაწილიცა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაა (DCFTA), მოიცავს ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს.