ევროკავშირის საბჭო
ევროკავშირის საბჭო („ევროპის კავშირის საბჭო“ შემოკლებით, საბჭო) ევროკავშირის ყველა ქვეყნის ეროვნულ მთავრობათა მინისტრებისგან შედგება და იგი გადაწყვეტილებების მიმღებ მთავარ ინსტიტუტს წარმოადგენს. საბჭოს ყოველ შეხვედრას ევროკავშირის თითოეული წევრი სახელმწიფოდან განსახილველ საკითხზე პასუხისმგებელი მინისტრი ესწრება, ისინი კანონების მიღების და პოლიტიკის კოორდინაციის მიზნით იკრიბებიან. ევროკავშირის საბჭოს აქვს როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი უფლებამოსილებები. ევროკავშირის საბჭო ევროკავშირის გადაწყვეტილებების ძირითადი მიმღები ორგანოა. იგი იზიარებს პასუხისმგებლობას ევროპულ პარლამენტთან ევროკავშირის კანონების მიღებაზე.
გარდა იმისა, რომ საბჭო ერთ-ერთი მთავარი საკანონმდებლო ორგანოა, მის ფუნქციაში ასევე, შედის პოლიტიკის განსაზღვრა და კოორდინაცია. ამასთან, იგი კოორდინაციას უწევს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ფართო ეკონომიკურ პოლიტიკას; საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში საბჭო შეიმუშავებს საერთო პოზიციებს და იღებს გადაწყვეტილებებს ერთობლივი ღონისძიებების შესახებ; ხელს აწერს შეთანხმებებს ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებს შორის; შეიმუშავებს ევროკავშირის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკას; კოორდინაციას უწევს წევრი ქვეყნების სასამართლოებისა და პოლიციის თანამშრომლობას.
ევროკავშირის საბჭო, ევროპულ პარლამენტთან ერთად, ამტკიცებს ევროკავშირის ბიუჯეტს, რომელსაც მას წარუდგენს ევროკომისია; ასევე, ამტკიცებს ევროკავშირის აუდიტორთა სასამართლოს და სხვა ორგანოების წევრებს. საბჭოს აქვს ევროკომისიისა და ევროპარლამენტის გაკონტროლების მექანიზმი.
ლისაბონის ხელშეკრულებით, მეტი ყურადღება ეთმობა ე. წ. სამეულის თავმჯდომარეობას, რომლის ფარგლებშიც, სამი შემდგომი თავმჯდომარე სახელმწიფო ერთად მუშაობს. ქვეყნების კონცენტრირებისა და თანმიმდევრულობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია, სამეულმა წარადგინოს 18-თვიანი პროგრამა. გარდა ამისა, სამეულის ყველა წევრი ერთად წარმართავს საბჭოს სხდომებს (საგარეო საქმეთა საბჭოს გამოკლებით). დანარჩენი 2 თანათავმჯდომარე ქვეყანა მხარს უჭერს იმ მომენტისათვის თავმჯდომარე ქვეყანას საერთო პროგრამის ფარგლებში. მიუხედავად ამისა, ცალკეულ თავმჯდომარე ქვეყნებს კვლავინდებურად შეუძლიათ თავიანთი პრიორიტეტების ასახვა თავმჯდომარეობის 6 თვის ვადაში, მაგრამ სამეულმა უნდა გამონახოს საერთო საფუძველი და შეთანხმებას მიაღწიოს 18 თვიანი საერთო სამუშაო ჩარჩოს შესახებ.
წევრი ქვეყნების მინისტრების დონეზე საბჭო იკრიბება 9 სტრუქტურული ერთეულის სახით (1. ზოგადი საკითხების საბჭო; 2. ეკონომიკისა და ფინანსების საბჭო; 3. მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა საბჭო; 4. დასაქმების, სოციალური პოლიტიკის, ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა საკითხების საბჭო; 5. კონკურენციის საკითხთა საბჭო; 6. ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციებისა და ენერგეტიკის საბჭო; 7. გარემოს დაცვის საბჭო; 8. სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის საბჭო; 9. ახალგაზრდობის, კულტურისა და სპორტის საბჭო). საბჭო ასევე სხვა სტრუქტურული ერთეულის სახითაც იკრიბება – ეს არის საგარეო საქმეთა საბჭო, რომელსაც თავმჯდომარეობს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.
საკანონმდებლო აქტების მიღების, ზოგადი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების, საერთაშორისო ხელშეკრულებების გაფორმებისა და ევროკავშირის ბიუჯეტის განხილვის გარდა, ევროკავშირის საბჭო, კოორდინირებას უწევს წევრი ქვეყნების ეროვნულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას. გადაწყვეტილების მიღება ხდება ჩვეულებრივი უმრავლესობით, კვალიფიციური უმრავლესობით ან ერთხმად. საბჭოში საკითხთა უდიდესი უმრავლესობა მიიღება ხმების კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპით, დანარჩენ შემთხვევებში – ერთხმად (მაგალითად, საგარეო პოლიტიკის ან გადასახადების ჰარმონიზაციის საკითხების შემთხვევაში).