ევროკომისია
ევროკომისია ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოა და ევროკავშირის საერთო ინტერესს წარმოადგენს. იგი შეიმუშავებს ახალი ევროპული კანონების პროექტებს, რომელსაც წარუდგენს ევროპის პარლამენტსა და საბჭოს (ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხების გარდა). იგი პრაქტიკაში განახორციელებს ევროკავშირის საერთო პოლიტიკას და განაგებს ევროკავშირის ფონდებსა და პროგრამებს – კომისია ამზადებს ევროკავშირის კანონპროექტებს და ყოველდღიურ კოორდინაციას უწევს ევროკავშირის პოლიტიკის განხორციელებისა და ფინანსური რესურსების გადანაწილების პროცესს. კომისია აკონტროლებს ევროკავშირის ხელშეკრულებებისა და კანონების შესრულების პროცესს. მას შეუძლია დამრღვევთა მიმართ ზომები მიიღოს და საჭიროების შემთხვევაში, ევროპის სასამართლოსაც მიმართოს.
ევროკომისია წარმოადგენს 27-წევრიან კომისართა კოლეგიას, რომელთა შორის 1 პრეზიდენტი, 8 ვიცე-პრეზიდენტი და 18 კომისარია. ევროკომისიის წევრებს, ე. წ. კომისრებს ხუთი წლის ვადით ირჩევენ. კომისიის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, თითოეულ კომისარს პასუხისმგებლობა ეკისრება კონკრეტულ პოლიტიკურ სფეროზე. ევროკომისიის წევრები, ისევე, როგორც პრეზიდენტი, წარმოადგენენ ევროკავშირის ინტერესებს და შესაბამისად, წევრმა ქვეყნებმა არ უნდა მოახდინონ გავლენა კომისრებზე. ევროკომისია მოქმედებს კოლეგიალურობის პრინციპით: მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელია არა ინდივიდუალური კომისარი, არამედ კომისია სრული შემადგენლობით. ევროკომისიის პრეზიდენტის კანდიდატურას ასახელებს ევროპული საბჭო. ევროკავშირის არსებობის მანძილზე თანდათან გაიზარდა ევროპარლამენტის როლი კომისიასთან მიმართებაში. ლისაბონის ხელშეკრულებით, ევროპარლამენტის არჩევის შემდეგ, ევროპული საბჭოს მიერ შეთავაზებულ კანდიდატურას ირჩევს ევროპარლამენტი ხუთი წლის ვადით. თუ ეს უკანასკნელი უარყოფს კანდიდატურას, ევროპული საბჭო ვალდებულია სხვა პიროვნება დაასახელოს ერთი თვის ვადაში. შემდგომ, არჩეულ პრეზიდენტთან ერთად (მინისტრთა) საბჭო წარადგენს კომისიის დანარჩენ წევრებსაც. ევროპარლამენტის თანხმობაა აუცილებელი როგორც კომისიის პრეზიდენტის, ისე კომისრების და უმაღლესი წარმომადგენლის კანდიდატებთან დაკავშირებით. მხოლოდ ევროპარლამენტის თანხმობის შემდეგ შეუძლია ევროპულ საბჭოს კომისიის, როგორც ერთი მთლიანი ორგანოს არჩევა (კვალიფიციური უმრავლესობით). გარდა ამისა, კომისრები თავიანთი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში ანგარიშვალდებულნი არიან პარლამენტის წინაშე, რომელსაც აქვს ექსკლუზიური უფლება, დაითხოვოს კომისია სრული შემადგენლობით. ლისაბონის ხელშეკრულების საფუძველზე, ცალკეული წევრების დათხოვნა შეუძლია ევროკომისიის პრეზიდენტს.
კომისიის მთავარი ოფისი მდებარეობს ბრიუსელსა და ლუქსემბურგში, გარდა ამისა, მას აქვს წარმომადგენლობები ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში და ჰყავს დელეგაციები დედაქალაქებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.