ევროპარლამენტი

ევროპარლამენტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო ორგანოა, რომლის არჩევაც პირდაპირი წესით (1979 წლიდან) ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ხდება. პარლამენტის წევრები ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესებს წარმოადგენენ. დემოკრატიის ორი ფორმიდან – მონაწილეობითი და წარმომადგენლობითი – პარლამენტი წარმომადგენლობითს მიეკუთვნება. ლისაბონის ხელშეკრულებით შესაძლებელი გახდა ევროკავშირის და მისი მოქალაქეების უპრეცედენტო დაახლოება, რაც წარმომადგენლობითი და მონაწილეობითი დემოკრატიის გაძლიერებით მოხერხდა. მონაწილეობითი დემოკრატიის გაზრდის ნათელი მაგალითია ევროკავშირის მოქალაქეთა ინიციატივის  შესაძლებლობა, რაც მოიაზრებს მილიონი მოქალაქის მიმართვის საფუძველზე ევროკომისიის მიერ შესაბამისი კანონპროექტის წარდგენის შესაძლებლობას. წარმომადგენლობითი დემოკრატიის გაძლიერების თვალსაზრისით, ევროკავშირის ინსტიტუციური განვითარების პროცესში ევროპარლამენტის, ევროკომისიის და ევროკავშირის საბჭოს ინსტიტუციურ სამკუთხედში ყველაზე მეტად ევროპარლამენტის უფლებამოსილება გაიზარდა და საკონსულტაციო ხასიათის მქონე ორგანოდან ის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინსტიტუტად იქცა.
ევროპარლამენტის ძირითადი ფუნქციებია:
1. ევროკავშირის საბჭოსთან ერთად კანონების განხილვა და დამტკიცება;
2. ევროკავშირის საბჭოსთან ერთად ბიუჯეტის განხილვა და მიღება;
3. ევროკავშირის ინსტიტუტების (განსაკუთრებით, კომისიის) მუშაობის შემოწმება, ამ პროცესში დემოკრატიის ხარისხის გაზომვა;
4. ევროპის საბჭოსთან ერთად ევროკომისიის შემადგენლობის დამტკიცება.

ზემოთ აღნიშნული ფუნქციების გარდა, საგრძნობლად გაიზარდა პარლამენტის უფლებამოსილება ევროკომისიასთან მიმართებაში: კომისიის ახალი შემადგენლობის დასამტკიცებლად, აუცილებელია პარლამენტის თანხმობა. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტისათვის მიუღებელია კომისიის რომელიმე კანდიდატი, მათ შეუძლიათ უარი თქვან დანარჩენი წევრების დანიშვნაზეც. ამას გარდა, პარლამენტს უფლება აქვს დაითხოვოს ევროკომისიის სრული შემადგენლობა, პრეზიდენტის ჩათვლით. საპარლამენტო კომიტეტები ასევე, რეგულარულად ამოწმებენ კომისიის ანგარიშებს, ახორციელებენ კომისრების გამოკითხვას. ამას გარდა, ევროპარლამენტს ევალება ევროპის საბჭოს სამიტებისთვის დღის წესრიგის თემებზე აზრის გამოთქმა, თუმცა ამ შემთხვევაში, მათი გათვალისწინება სავალდებულო არ არის.

პარლამენტი ამტკიცებს ევროკომისიის წევრებს და შეუძლია მისთვის უნდობლობის გამოცხადება; შეუძლია შექმნას საგამოძიებო კომიტეტები, ევროკავშირის სამართლის დარღვევის ფაქტების გამოკვლევის მიზნით; მართლმსაჯულების სასამართლოში სარჩელის შეტანა ევროკავშირის სხვა ორგანობის წინააღმდეგ და სხვა. გარდა ამისა, ევროკავშირის ძირითადი ინსტიტუტები ანგარიშვალდებულნი არიან ევროპარლამენტის წინაშე.
პარლამენტი და საბჭო ასევე იზიარებენ საერთო უფლებამოსილებას ევროკავშირის წლიური ბიუჯეტის დასამტკიცებლად.

საგარეო პოლიტიკის სფეროში, ევროპარლამენტის კომპეტენციაში შედის გარკვეული საერთაშორისო შეთანხმების დადებისას, ასევე ახალი წევრი ქვეყნის მიღებისას – თანხმობა. გადაწყვეტილებები, როგორც წესი, მიიღება კენჭისყრაში მონაწილე წევრთა ხმების უმრავლესობით, თუმცა კომპეტენციის ცალკეულ ნორმებში განსხვავებული რეჟიმი მოქმედებს. მაგალითად, თანაგადაწყვეტილების პროცედურის ფარგლებში, გარკვეულ ეტაპებზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობის თანხმობა.

ევროპარლამენტს არ გააჩნია საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, თუმცა მას შეუძლია, ევროკომისიას კონკრეტულ საკითხზე კანონმდებლობის ინიცირებისკენ მოუწოდოს.

ლისაბონის ხელშეკრულების თანახმად, 2014 წლიდან ევროპარლამენტის შემადგენლობაში შედიოდა 750 ევროპარლამენტარი და მისი პრეზიდენტი, სულ 751 წევრი – თუმცა, დიდი ბრიტანეთის მიერ 2020 წლის 31 იანვარს ევროკავშირის დატოვებისთანავე, 2020 წლის 1 თებერვალს – ევროპარლამენტის 751 წევრიდან, ევროპარლამენტართა რაოდენობა შემცირდა 705-მდე. დიდი ბრიტანეთის 73 მანდატიდან 27 სხვადასხვა ქვეყანაზე გადანაწილდა (საფრანგეთი +5; ესპანეთი +5; იტალია +3; ნიდერლანდები +3; ირლანდია +2; შვედეთი +1; ავსტრია +1; დანია +1; ფინეთი +1; სლოვაკეთი +1; ხორვატია +1; ესტონეთი +1; პოლონეთი +1 და რუმინეთი +1) დარჩენილი 46 მანდატი, კი ევროკავშირის გადაწყვეტილებით, რეზერვში იქნება გათვალისწინებული სამომავლოდ, ახალი წევრი ქვეყანებისთვის.

ევროპარლამენტში არსებობს პრეზიდენტის პოზიცია, რომელიც წარმოადგენს ევროპარლამეტს ევროკავშირის შიგნით და ასევე, საერთაშორისო დონეზე. ევროპარლამენტის წევრები გაერთიანებულია არა ეროვნების, არამედ პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით. 2019 წლის არჩევნების შედეგად, ევროპარლამენტის შემადგენლობა პოლიტიკური ჯგუფების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა (ევროპარლამენტის მომდევნო არჩევნები გაიმართება 2024 წელს):
1. ევროპის სახალხო პარტია (EPP);
2. სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსი (S&D);
3. განაახლე ევროპა (RE);
4. მწვანეების ევროპული თავისუფალი ალიანსი (Greens-EFA);
5. იდენტობა და დემოკრატია (ID);
6. ევროპის კონსერვატორები და რეფორმისტები (ECR);
7. ევროპის მემარცხენეების და სკანდინავიის მწვანეების გაერთიანება (GUE-NGL);
8. დამოუკიდებელი კანდიდატები, რომლებიც არც ერთ საპარლამენტო ფრაქციაში არ არიან გაერთიანებული.

ევროპარლამენტში წარმომადგენლობის განსაზღვრა ხდება დეგრესიული პრინციპით, როგორც ქვეყნების თანასწორობის, ისე მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ არ არსებობს ქვეყნების მიხედვით ხმების გადანაწილების კონკრეტული ფორმულა. დეგრესიული პრინციპის თანახმად, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით დიდი სახელმწიფოები არაპროპორციულად არიან პარლამენტში წარმოდგენილნი, პატარა სახელმწიფოებთან შედარებით. მაგალითად, ყველაზე მცირერიცხოვან მალტაში მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 0,4 მლნ ადამიანს, ევროპარლამენტში იგი წარმოდგენილია 6 ევროპარლა მენტარით, რაც ნიშნავს პროპორციულად 66 ათას ადამიანზე 1 ადგილს პარლამენტში, მაშინ როდესაც გერმანია, რომლის მოსახლეობაც 82.5 მილიონს შეადგენს, ევროპარლამენტში 96 დეპუტატით არის წარმოდგენილი, რაც პროპორციულად 859 ათას ადამიანზე 1 ადგილის ტოლია. აღნიშნული კვოტები მოლაპარაკებების საფუძველზე დადგინდა.

ევროპარლამენტის წევრები დამოუკიდებლები არიან გადაწყვეტილების მიღებისას და არ ექვემდებარებიან წევრი სახელმწიფოების მითითებებს. ისინი ქმნიან ფრაქციებს პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით. ფრაქციის შექმნისათვის საჭიროა 25 პარლამენტარის თანხმობა, რომლებიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მინიმუმ ერთ მეხუთედს უნდა წარმოადგენდნენ. კვორუმი დგება იმ შემთხვევაში, თუ სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის მინიმუმ ერთი მესამედი. პარლამენტის მთავარი სხდომები იმართება სტრასბურგში (საფრანგეთი), ხოლო დანარჩენი – ბრიუსელში (ბელგია). პარლამენტი მუშაობს კომიტეტებისა და პლენარული სესიების მეშვეობით. თითოეული წევრი სახელმწიფო თავის ტერიტორიაზე ეროვნული კანონმდებლობით არეგულირებს ევროპული არჩევნების გამართვის საკითხს.