ევროპის აუდიტორთა სასამართლო

ევროპის აუდიტორთა სასამართლო ამოწმებს ევროკავშირის ფინანსებს. მისი მთავარი მიზანია გააუმჯობესოს ევროკავშირის ფინანსური მართვა და მოამზადოს ანგარიში სახელმწიფო ფონდებიდან თანხების ხარჯვის პროცესზე. სასამართლო შეიქმნა 1975 წელს და მდებარეობს ლუქსემბურგში. აუდიტორთა სასამართლოს ჰყავს დაახლოებით 800 თანამშრომელი, მათ შორის აუდიტორები, თარჯიმნები და ადმინისტრატორები. აუდიტორები დაყოფილნი არიან აუდიტორულ ჯგუფებად. ისინი ამზადებენ ანგარიშებს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

სასამართლოს ჰყავს თითო წევრი ევროკავშირის ყველა ქვეყნიდან. მათი დანიშვნა ხდება საბჭოს მიერ, ექვსი წლის ვადით. სასამართლოს წევრები თავიანთი შემადგენლობიდან სამი წლის ვადით ირჩევენ პრეზიდენტს. აუდიტორთა სასამართლოს უფლება აქვს, შეამოწმოს ნებისმიერი პიროვნება თუ ორგანიზაცია, რომელიც დაფინანსებას იღებს ევროკავშირისაგან. სასამართლო ხშირად ახორციელებს ადგილზე შემოწმებას. შემოწმების შედეგად მომზადებულ დასკვნებს აუდიტორები წარუდგენენ კომისიას და ევროკავშირის ეროვნულ მთავრობებს. აღსანიშნავია, რომ აუდიტორთა სასამართლოს არ აქვს იურიდიული უფლებამოსილება და რაიმე სახის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მან ევროპის თაღლითობასთან ბრძოლის ოფისს (The European Anti-Fraud Office – OLAF) უნდა აცნობოს.

სასამართლოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა ევროპის პარლამენტისა და საბჭოსათვის გასული ფინანსური წლის შესახებ ანგარიშის („წლიური ხარჯის“) წარდგენა. აუდიტორთა სასამართლო ასევე ვალდებულია, გამოთქვას თავისი მოსაზრება ევროკავშირის ფინანსურ კანონმდებლობასთან დაკავშირებით და თაღლითობასთან ბრძოლის მიმართულებით. იმისათვის, რომ სასამართლომ თავისი მოვალეობა ჯეროვნად შეასრულოს, აუცილებელია ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებისაგან სრული დამოუკიდებლობის შენარჩუნება, ამავე დროს მუდმივი კავშირი მათთან.