ევროპის ცენტრალური ბანკი

ევროპის ცენტრალური ბანკი ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, რომელიც მდებარეობს ფრანკფურტში (გერმანია). ცენტრალური ბანკი პასუხისმგებელია ევროკავშირის ეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაზე. მისი მთავარი მიზანია, უზრუნველყოს: 1. ფა სების სტაბილურობა და 2. ფინანსური ბაზრებისა და ინსტიტუტების კონტროლის გზით შეინარჩუნოს სტაბილური ფინანსური სისტემა.

ევროპის ცენტრალური ბანკი თანამშრომლობს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ცენტრალურ ბანკთან. ერთად ისინი ქმნიან ცენტრალური ბანკების ევროპულ სისტემას. განსაკუთრებით მჭიდროა ბანკების თანამშრომლობა ე. წ. ევროზონაში, იგულისხმება ის 19 ქვეყანა, სადაც ევრო ოფიციალურ ვალუტადაა გამოცხადებული. აღნიშნული ბანკების კავშირს ეწოდება „ევროსისტემა“.

ევროპის ცენტრალური ბანკის უფლებამოსილება განისაზღვრება შემდეგი ფუნქციებით:
1. ევროზონისათვის ძირითადი საპროცენტო განაკვეთების განსაზღვრა და ფულის მიწოდების კონტროლი;
2. ევროზონის უცხოური სავალუტო რეზერვების მართვა და გაცვლითი კურსის ბალანსის შენარჩუნების მიზნით ვალუტის ყიდვა-გაყიდვა;
3. საგადასახადო სისტემების შეუფერხებლად ფუნქციონირების მიზნით, ფინანსურ ბაზრებსა და ინსტიტუტებზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ხელშეწყობა;
4. ევროზონის დანარჩენი ცენტრალურ ბანკების ევროს გამოცემის უფლებით აღჭურვა;
5. ფასების ტენდენციების მონიტორინგი და რისკების შეფასება.

ევროპის ცენტრალური ბანკი შედგება ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტისა და წევრი ქვეყნების ეროვნული ცენტრალური ბანკის მმართველებისაგან. ცენტრალური ბანკი მთლიანად დამოუკიდებელია და არც მას, არც ეროვნულ ცენტრალურ ბანკებს თუ მათ მმართველ ორგანოებს არა აქვთ უფლება, მოითხოვონ ან მიიღონ რეკომენდაციები ევროკავშირის ნებისმიერი სხვა ორგანოსგან. ევროკავშირის ინსტიტუტები და მთავრობები ვალდებულნი არიან პატივი სცენ ამ პრინციპს.