ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო

ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო დაარსდა 1952 წელს და განთავსებულია ლუქსემბურგში. ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო შედგება ორი ცალკეული სასამართლოსგან: მართლმსაჯულების სასამართლო (Court of Justice), ზოგადი სასამართლო (General Court).
სასამართლო ახორციელებს ევროკავშირის კანონების ინტერპრეტირებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ესა თუ ის კანონი ერთნაირად იქნას გამოყენებული ყველა წევრ ქვეყანაში. სასამართლო იხილავს ევროკავშირის მთავრობებსა და ინსტიტუტებს შორის წამოჭრილ დავებსაც. გარდა ამისა, ინდივიდებს, კომპანიებსა და ორგანიზაციებსაც შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს იმ შემთხვევაში, თუ მიაჩნიათ, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებმა დაარღვიეს მათი უფლებები. ყველა წევრ ქვეყანას სასამართლოში ჰყავს ერთი მოსამართლე, შედეგად ამ ინსტიტუტში სულ 27 მოსამართლეა. მოსამართლეებს ეხმარებიან გენერალური ადვოკატები (სულ 11) და მათი მთავარი მოვალეობაა, კომპეტენტური მოსაზრება გამოთქვან წარმოდგენილ საქმეებზე. ისინი ვალდებულნი არიან, თავიანთი უფლებამოსილება განახორციელონ საჯაროდ და მიუკერძოებლად. თითოეული მოსამართლე და გენერალური ადვოკატი ინიშნება ექვსი წლის ვადით (ვადა შეიძლება გაგრძელდეს). მოსამართლეები ირჩევენ პრეზიდენტს 3 წლის ვადით, ასევე გაგრძელების შესაძლებლობით. პრეზიდენტის მოვალეობაში შედის სასამართლოს მუშაობის წარმართვა; გარდა ამისა, სხდომების, ისევე, როგორც საქმეების განხილვების წაყვანა.
საქმეთა სიმრავლის გამო ინდივიდების, კომპანიებისა და ორგანიზაციების საჩივრებს, ასევე კონკურენციის სამართალთან დაკავშირებულ საქმეებს იხილავს საერთო სასამართლო, „ევროკავშირის საჯარო სამსახურის ტრიბუნალი“ კი აგვარებს ევროკავშირსა და მის თანამშრომლებს შორის წამოჭრილ დავებს. სასამართლოს მიერ განხილულ დავებს შორის შეიძლება გამოიყოს ხუთი ყველაზე გავრცელებული შემთხვევა: 1. წინასწარი განხილვის მოთხოვნა, როცა ეროვნული სასამართლოები სთხოვენ ევროკავშირის სასამართლოს კანონის განმარტებას; 2. საჩივარი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობების წინააღმდეგ ევროკავ-შირის კანონების გამოუყენებლობის გამო; 3. საჩივარი ევროკავშირის იმ კანონების გასაუქმებლად, რომლებიც სავარაუდოდ, რომ არღვევენ ევროკავშირის ხელშეკრულებებსა და ფუნდამენტურ უფლებებს; 4. საჩივარი ევროკავშირის ინსტიტუტების წინააღმდეგ მათზე დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობის გამო; 5. ინდივიდების, კომპანიებისა და ორგანიზაციების საჩივრები ევროკავშირის გადაწყვეტილებებისა თუ ქმედებების წინააღმდეგ.
სასამართლოში საჩივრების განხილვა მიმდინარეობს წერილობით და ზეპირ ეტაპებად. პირველ რიგში, დავის მონაწილე მხარეებს პროცესზე პასუხისმგებელ მოსამართლესთან შეაქვთ წერილობითი განაცხადი. მოსამართლე აჯამებს ამ განაცხადს და წერს დასკვნას. მეორე ეტაპზე იწყება საქმის ზეპირი მოსმენა. საქმის სიმძიმიდან გამომდინარე, პროცესი შეიძლება გაიმართოს 3, 5, 15 ან ყველა მოსამართლის მონაწილეობით. მოსმენაში მონაწილეობენ გენერალური ადვოკატები, რომლებიც სვამენ კითხვებს და გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებას საქმესთან დაკავშირებით. განაჩენის გამოტანა ხდება ხმათა უმრავლესობით და იკითხება საჯაროდ.