ევროპული საბჭო
ევროპულმა საბჭომ, როგორც ევროკავშირის ლიდერებს შორის დისკუსიისათვის განსაზღვრულმა არაოფიციალურმა ფორუმმა, თავისი საქმიანობა 1974 წელს დაიწყო. საბჭო სწრაფად განვითარდა, ევროკავშირის ყველა სფეროში განსაზღვრა მიზნები და მათ მისაღწევად შესაბამისი ზომები დასახა. 1992 წელს, მაასტრიხტის ხელშეკრულებით, ევროპის საბჭოს მიენიჭა ოფიციალური სტატუსი და ფუნქცია, რაც მოიაზრებდა ევროკავშირის განვითარების მიზნით, პოლიტიკური მიმართულებების და პრიორიტეტების განსაზღვრას. გარდა ამისა, ლისაბონის ხელშეკრულებით ის ევროკავშირის მეშვიდე ოფიციალური ინსტიტუტი გახდა. საბჭოს შეხვედრები, ძირითადად, წარმოადგენს სამიტს, სადაც ევროკავშირის ლიდერები იკრიბებიან ფართო პოლიტიკური პრიორიტეტებისა თუ ინიციატივების განხილვისა და გადაწყვეტისათვის.
ევროპული საბჭო შედგება წევრი ქვეყნების მთავრობის ან სახელმწიფოს მეთაურებისგან, საბჭოს პრეზიდენტისა და კომისიის პრეზიდენტისაგან. მის მუშაობაში მონაწილეობს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი ევროპული საბჭო განსაზღვრავს ევროკავშირის ზოგად პოლიტიკასა და პრიორიტეტებს. მას არა აქვს საკანონმდებლო ფუნქციები. ევროპის საბჭო განიხილავს იმ რთულ და სენსიტიურ საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაც უფრო დაბალ დონეზე ვერ მოხერხდა. ევროპის საბჭო აყალიბებს ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას; ასევე, წარმოადგენს და ამტკიცებს კანდიდატებს მაღალ თანამდებობებზე ისეთ მნიშვნელოვან დაწესებულებებში, როგორებიცაა: ევროპის ცენ-ტრალური ბანკი და ევროკომისია. ევროპის საბჭო, როგორც წესი, იკრიბება ექვს თვეში ორჯერ, პრეზიდენტის მოწვევით. თუ ვითარება მოითხოვს, ის სპეციალურ სხდომას იწვევს. პრეზიდენ-ტი ორ-ნახევარი წლის ვადით ინიშნება, ერთჯერადი განახლებით (ლისაბონის ხელშეკრულების თანახმად). ევროპის საბჭო, ჩვეულებრივ, ბრიუსელში იკრიბება.
განხილვების დროს გადაწყვეტილების მიღება ხდება კონსენსუსის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხელშეკრულება კონკრეტულ საკითხს სხვაგვარად არეგულირებს. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ერთსულოვნად ან კვალიფიციური უმრავლესობით. გადაწყვეტილების მიღების დროს, საბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტებს და ასევე, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ხმის მიცემის უფლება არ აქვთ.