რა არის ევროკავშირი?

მშვიდობა და უსაფრთხოება, ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობა, წევრი ქვეყნების კულტურული თვითმყოფადობის დაცვა და ღირებულებები – როგორიცაა პლურალიზმი, ტოლერანტობა, სამართლიანობა და სოლიდარობა – არის ის იდეა, რაც ევროკავშირში შემავალი 27 სახელმწიფოსა და მის 446 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს.

ევროკავშირი უნიკალური გაერთიანებაა, რომელიც უკანასკნელი 70 წლის მანძილზე უწყვეტად ვითარდება. ევროკავშირი ხელმძღვანელობს შეთანხმებებით, კანონქვემდებარე აქტებით, ევროკავშირის ინსტიტუტების მიერ მიღებული დებულებებით, დირექტივებითა და რეკომენდაციებით, რაც ევროკავშირის ზოგად პოლიტიკასთან ერთად არის იმ გადაწყვეტილებების შედეგი, რომლებსაც იღებენ ევროკავშირის საბჭო (წარმოადგენს ეროვნულ მთავრობებს), ევროპარლამენტი (წარმოადგენს ხალხს), ევროკომისია (ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა მთავრობებისგან დამოუკიდებელი ორგანო და იცავს საერთო ევროპულ ინტერესებს) და სხვა ევროკავშირის ინსტიტუტები და ორგანოები.

ევროკავშირი უნიკალური პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფლების უზრუნველყოფას უფრო სამართლიან და უსაფრთხო სამყაროში. ევროკავშირი ეფუძნება ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის ღირსების, თავისუფლების, თანასწორობის, კანონის უზენაესობის პატივისცემა, აგრეთვე, ადამიანის უფლებების პატივისცემა. ეს ფასეულობები აერთიანებს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას რომელსაც ახასიათებს პლურალიზმი, ტოლერანტობა, სამართლიანობა, სოლიდარობა და თანასწორობა მის 446 მილიონ მოქალაქესთან მიმართებაში.

ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების მე-2 მუხლით განსაზღვრულია ის ღირებულებები, რომლებზეც არის დაფუძნებული ორგანიზაცია, კერძოდ: ადამიანის ღირსების პატივისცემა, თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა, სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებების მათ შორის, უმცირესობათა უფლებების დაცვა, პლურალიზმი, დისკრიმინაციის დაუშვებლობა, შემწყნარებლობა, სამართლიანობა, სოლიდარობა, ქალთა და მამაკაცთა თანასწორობა. გარდა ამისა, ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულია წევრი სახელმწიფოების ეროვნული იდენტობის პატივისცემის აუცილებლობა. მე-6 მუხლი კი, ევროკავშირის ძირითადი უფლებების ქარტიის სავალდებულო ძალას აღიარებს. ევროკავშირის მიზნები დეკლარირებულია ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების მე-3 მუხლში, რომლის თანახმადაც, ევროკავშირი მიზნად ისახავს მშვიდობას, კავშირის ღირებულებებისა და წევრი სახელმწიფოების ხალხთა კეთილდღეობის ხელშეწყობას. ხელშეკრულების თანახმად, კეთილდღეობა გულისხმობს: ეკონომიკის ზრდას, ფასების სტაბილურობას, სოციალურ საბაზრო ეკონომიკას, შიდა ბაზრის შექმნას, გარემოს დაცვას, სოციალური სამართლიანობისა და კულტურული მრავალფეროვნების უზრუნველყოფას, ასევე, თავისუფლების, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სივრცის შექმნას და ა. შ.

ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმები (კოპენჰაგენის კრიტერიუმები) და პროცედურა

ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის I პუნქტის მიხედვით, ევროპულ კავშირში გაწევრების შესახებ განაცხადის შეტანა შეუძლიათ იმ ევროპულ სახელმწიფოებს, რომლებიც პატივს სცემენ და მხარს უჭერენ ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების მე-2 მუხლში ჩამოთვლილ ღირებულებებს. აღნიშნული მუხლის დებულება მოიცავს ევროპულ კავშირში გაწევრების როგორც გეოგრაფიულ, ასევე პოლიტიკურ კრიტერიუმებს.

1993 წელს, ევროპულმა საბჭომ კოპენჰაგენის (დანია) სამიტზე აღიარა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების უფლება, შეუერთდნენ ევროპის კავშირს, თუ დააკმაყოფილებენ შემდეგ სამ კრიტერიუმს:

პოლიტიკური – აქვს სტაბილური ინსტიტუტები, რომლებიც დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე აგებენ პასუხს;
ეკონომიკური – აქვს მოქმედი ეკონომიკური ბაზარი და ძალუძს, თავი გაართვას კონკურენტულ წნეხსა და საბაზრო ფასებს ევროკავშირის ფარგლებში;
სამართლებრივი – იღებს ევროკავშირში დაწესებულ კანონებსა და პრაქტიკას, კონკრეტულად კი, პოლიტიკური, ეკონომიკური და სავალუტო კავშირის ძირითად მიზნებს.

კოპენჰაგენის კრიტერიუმს აგრეთვე მიეკუთვნება ევროკავშირის ე. წ. „მონაპოვრის“ (Acquis) იმპლემენტაცია, რაც ნიშნავს, რომ გაწევრების შემდეგ ევროკავშირის მთელი სამართალი ახალ სახელმწიფოებშიც გამოიყენება. ევროკავშირის სამართლის სისტემა, გარდა ხელშეკრულებებისა და მეორადი სამართლისა, ასევე ეყრდნობა განცხადებების, პრაქტიკისა და გადაწყვეტილებების ერთობლიობას, რაც მთლიანობაში არის ევროკავშირის „მონაპოვარი“.

ევროკავშირში მიღების პროცესს მრავალი საფეხური აქვს და ყველა მათგანი სანქცირებული უნდა იყოს ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის მიერ. თავდაპირველად, გაწევრების მსურველი სახელმწიფო ოფიციალურად მიმართავს განცხადებით ევროკავშირის საბჭოს, რის შემდეგაც ხდება ევროპული და ეროვნული პარლამენტების ინფორმირება აღნიშნულის შესახებ. საბჭო მოუწოდებს ევროპულ კომისიას, შეიმუშაოს დასკვნა გაწევრების შესახებ განცხადების თაობაზე. მას შემდეგ, რაც კომისია შეისწავლის ქვეყნის პოლიტიკურ, სამართლებრივ და ეკონომიკურ მდგომარეობას, მიღებულ დასკვნას უგზავნის საბჭოს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე; დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში იწყება გადაწყვეტილების შესახებ მოლაპარაკებები. მო-ლაპარაკებების ფორმალურად დასრულების შემდეგ, საჭიროა ევროპარლამენტის ფორმალური თანხმობა. როდესაც განხილვა და თანმდევი რეფორმები წარმატებით დასრულდება, კანდიდატი ქვეყნის ევროპულ კავშირში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება საბჭომ ერთხმად უნდა მიიღოს. პროცესი დასრულებულად მიიჩნევა, როდესაც გაწევრების შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირებას მოახდენს ჯერ კანდიდატი, ხოლო შემდეგ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო.

ევროპული კავშირიდან გასვლა

ევროპული კავშირის სამართალი ლისაბონის ხელშეკრულებამდე არ ითვალისწინებდა წევრი სახელმწიფოს მიერ ევროპული კავშირის დატოვების საკითხს, თუმცა, თეორიულად, ასეთი შესაძლებლობა საერთაშორისო საჯარო სამართლის საფუძველზე მაინც არსებობდა. კერძოდ, წევრ სახელმწიფოს შეეძლო, ევროპული გაერთიანება დაეტოვებინა გარემოებათა შეცვლის საფუძველზე. ლისაბონის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ, ევროპის კავშირიდან წევრი სახელმწიფოს გასვლა თავისი საკონსტიტუციო მოთხოვნის შესაბამისად, რეგულირდება ხელშეკრულების 50-ე მუხლით. ევროპის კავშირიდან გასვლის მსურველმა წევრმა სახელმწიფომ უნდა გაიაროს შემდეგი პროცედურები: გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინოს ევროპულ საბჭოს, თუმცა არ არის ვალდებული, გადაწყვეტილება დაასაბუთოს. ამის შემდგომ ევროპული კავშირი, ევროპული საბჭოს სახელმძღვანელო მითითებების გათვალისწინებით, მოლაპარაკებებს გამართავს ევროპული კავშირიდან გასვლის მსურველ სახელმწიფოსთან, შეთანხმების დადების შესახებ, რომლის შედეგადაც უნდა დარეგულირდეს ყველა მნიშვნელოვანი დეტალი და დაისახოს სამომავლო თანამშრომლობის ჩარჩო. გასვლის მსურველ წევრ სახელმწიფოსთან შეთანხმებას დებს საბჭო, რომელიც მოქმედებს ევროპული კავშირის სახელით.

გადაწყვეტილება მიიღება კვალიფიციური უმრავლესობით, თუმცა მანამდე აუცილებელია აღნიშნულ საკითხზე ევროპული პარლამენტის თანხმობა. წევრი სახელმწიფო ევროპული კავშირიდან გასულად მიიჩნევა გასვლის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან. იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმების დადება ვერ მოხერხდა, ევროპული საბჭოსთვის გასვლის შესახებ სურვილის შეტყობინებიდან 2 წლის შემდეგ, წევრი სახელმწიფო ავტომატურად ტოვებს ევროპულ კავშირს (თუმცა, ამ ორწლიანი ვადის გაგრძელება ევროპულ საბჭოს შეუძლია ევროკავშირის დატოვების მსურველი სახელმწიფოს თანხმობის შემთხვევაში). ორწლიანი ვადის დაწესება მიუთითებს იმაზე, რომ სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს შეუძლია, დატოვოს კავშირი. ევროპულ კავშირს გადაწყვეტილების დაბლოკვის უფლება არ აქვს.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 23 ივნისს ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობამ ევროკავშირის დატოვებას დაუჭირა მხარი. დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკება ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლის შესაბამისად, პროცესი 2019 წლის 29 მარტს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, დიდმა ბრიტანეთმა ევროპულ საბჭოს მიმართა თხოვნით ორწლიანი ვადის გახანგრძლივების თაობაზე. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2020 წლის 31 იანვარს ოფიციალურად დატოვა.

jQuery(document).ready(function($) {
$(‘a.ic-printPage’).click(function(){
window.print();
return false;
});
});