ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა

ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია მისი სამეზობლოს სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხი. სწორედ ამ მიზნით, ამიტომ ევროკავშირმა ჩამოაყალიბა „ევროპის სამეზობლო პოლიტიკა“, რომელის ფარგლებშიც მოიაზრება თანამშრომლობა მის აღმოსავლეთით და სამხრეთით მდებარე მეზობლებთან.

ევროკავშირი მის მეზობლებთან ორმხრივი პარტნიორობის ფორმატში თანამშრომლობს საერთო ფასეულობების (დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა) დაცვის მიზნით, ამასთან ერთობლივად მუშაობენ საბაზრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების განსავითარებლად. ამისთვის ევროკავშირი მის მეზობლებს ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას უწევს.

2003 წლის მარტში ევროკავშირმა წარმოადგინა დოკუმენტი ,,გაფართოებული ევროპა – მეზობლობა: ახალი ჩარჩო აღმოსავლეთით და სამხრეთით მდებარე ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობისათვის,” რომელიც ევროკავშირის საბჭომ მოიწონა და მიიჩნია სასურველ პლატფორმად პოლიტიკური მიმართულების განსაზღვრისათვის ახალ მეზობლებთან ურთიერთობაში. საბჭომ სთხოვა ევროკომისიას, წარმოედგინა წინადადებები სამოქმედო გეგმების შესამუშავებლად უკრაინისათვის, მოლდოვისათვის და სამხრეთი ხმელთაშუაზღვისპირეთის იმ პარტნიორი ქვეყნებისათვის, რომლებთანაც ევროკავშირს ასოცირების შეთანხმებები აქვს. 2004 წლის 14 ივნისს ევროკავშირის საბჭომ მოიწონა ევროკომისიის მიერ შემუშავებული ,,ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სტრატეგია,” რომლის საფუძველზე მოხდა სამხრეთი კავკასიის სამი ქვეყნის ჩართვა ,,ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში.”

ევროპული სამეზობლო პოლიტიკა (ENP) გახლავთ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა მისი საზღვრების სამხრეთით და აღმოსავლეთით მდებარე მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში და იგი აღნიშნულ ქვეყნებთან თანამშრომლობის ძირითად მექანიზმს წარმოადგენს. ევროპული სამეზობლო პოლიტიკის მიზანია მეზობელ ქვეყნებს გაუნაწილოს ევროკავშირის სტაბილურობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა. ერთ-ერთი საბაზისო პრინციპი კი გახლავთ სურვილი, დაეხმაროს მეზობელ ქვეყნებს შიდა რეფორმების განხორციელებაში. ევროპული სამეზობლო პოლიტიკა მოწოდებულია ევროკავშირსა და მის მეზობელ ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთდაახლოების პროცესის მხარდაჭერისაკენ, რაც დემოკრატიის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის გავრცელებით, ერთიანი და თავისუფალი ევროპის იდეის განხორციელებას ემსახურება.

ევროკომისიის მიერ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელება მის მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობით მომზადებული, ქვეყნის ან რეგიონის მიმართ შემუშავებული სტრატეგიული სამოქმედო გეგმების საფუძველზე ხორციელდება. აღნიშნულ სამოქმედო გეგმებში ევროკომისია განსაზღვრავს იმ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარამეტრებს, რომლის საფუძველზეც მიმდინარეობს მოცემული ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის შეფასება.

სამოქმედო გეგმა სამეზობლო ინიციატივის ყველა ქვეყანასთან ურთიერთობაში საერთო პრინციპებს ეყრდნობა, თუმცა მისი შინაარსი განსხვავდება კონკრეტულ ქვეყანასთან თანამშრომლობის არსებული დონის, ქვეყნის საჭიროებებისა და საერთო ინტერესების შესაბამისად. სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესის მონიტორინგს ევროკავშირის სპეციალური კომისია და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური (European External Action Service) ახორციელებს, ხოლო, წელიწადში ერთხელ, ევროკავშირი აქვეყნებს სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშს.

jQuery(document).ready(function($) {
$(‘a.ic-printPage’).click(function(){
window.print();
return false;
});
});