ევროკავშირის განვითარების ეტაპები – ძირითადი ხელშეკრულებები

უფრო სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად, წევრ ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გასაღრმავებლად – ევროკავშირი მუდმივად ავითარებდა თავის მრავალსექტორულ სტრუქტურას, რამაც საბოლოო ჯამში ჩამოაყალიბა გაერთიანება, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია.

ევროკავშირის ფუძემდებლურ კანონმდებლობას წარმოადგენს წევრი ქვეყნების მიერ ხელმოწერილი სხვადასხვა ხელშეკრულება, რომელიც საფუძველს უყრის ევროკავშირის პოლიტიკას და აფუძნებს მის ინსტიტუციურ სტრუქტურას, საკანონმდებლო პროცედურებსა და ძირითად უფლებამოსილებებს.

ევროკავშირი მუდმივად ავითარებდა და დღესაც ავითარებს სტრუქტურას, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. ევროკავშირის ფუძემდებლურ კანონმდებლობას წარმოადგენს წევრი ქვეყნების მიერ ხელმოწერილი სხვადასხვა ხელშეკრულება, რომელიც საფუძველს უყრის ევროკავშირის პოლიტიკას და აფუძნებს მის ინსტიტუციურ სტრუქტურას, საკანონმდებლო პროცედურებსა და ძირითად უფლებამოსილებებს.

ასეთი ხელშეკრულებებია, მაგალითად: რომის ხელშეკრულებაერთიანი ევროპული აქტიმაასტრიხტისამსტერდამისა და ლისაბონის ხელშეკრულებები.

რომის ხელშეკრულებიდან ერთიან ევროპულ აქტამდე

„ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანებაში“ შემავალ ექვს ქვეყანას შორის ურთიერთობამ იმდენად სტაბილური და პროგრესირებადი ხასიათი მიიღო, რომ ცოტა ხანში გადაწყდა, შექმნილიყო „ევროპის ეკონომიკური გაერთიანება“, რომელსაც 1957 წელს რომის ხელშეკრულება დაედო საფუძვლად.

1955 წელს, იტალიის ქალაქ მესინაში ექვსი ქვეყნის (საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ბელგიის, ლუქსემბურგისა და ნიდერლანდების) საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ განეგრძოთ ინტეგრაციის პროცესი. შეიქმნა სამთავრობო კომიტეტი, რომელმაც მოამზადა საფუძველი რომის ხელშეკრულებისთვის. 1957 წელს, რომში ხელი მოეწერა ევროპის ეკონომიკური გაერთიანებების ხელშეკრულებას. იმავე დღეს, ცალკე ხელშეკრულებით დაფუძნდა „ევრატომი“ (ევროპული გაერთიანება ატომური ენერგიის დარგში), რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ევროპაში ატომური ენერგიის საერთო ბაზრის შექმნა, კერძოდ: ატომური ენერგიის ინდუსტრიის განვითარება, ენერგიის გადანაწილება გაერთიანების წევრ სახელმწიფოებზე და დარჩენილი რესურსის მიყიდვა არაწევრი ქვეყნებისთვის.
ასევე, რომის ხელშეკრულების ერთ-ერთი მთავარი მიღწევა იყო შეთანხმება საერთო ბაზრის შექმნის თაობაზე, რასაც მომავალში საბაჟო კავშირის ჩამოყა ლიბება უნდა მოჰყოლოდა. საერთო ბაზარი ითვალისწინებდა ევროგაერთიანების წევრ ქვეყნებს შორის ბარიერების გაუქმებას საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და ადამიანების გადაადგილების კუთხით. რომის ხელშეკრულებამ ასევე უზრუნველყო საერთო სოფლის მეურნეობისა და საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის ჩამოყალიბება.

1967 წელს (ხელი მოეწერა 1965 წელს), ბრიუსელის ხელშეკრულებით (იგივე Merger Treaty) მოხდა ზემოხსენებული სამი ორგანიზაციის: ევროპის ნახშირისა და ფოლადის გაერთიანების, ევროპის ეკონომიკური გაერთიანებისა (შემდგომში ევროგაერთიანება) და „ევრატომის“ აღმასრულებელი ორგანოების – კომისიისა (შემდგომში ევროპული კომისიის) და საბჭოს გაერთიანება ერთ ინსტიტუციურ სისტემაში, რომელსაც „ევროპული გაერთიანებები“ ეწოდა. სახელწოდება შეიცვალა 1992 წელს, მაასტრიხტის ხელშეკრულების საფუძველზე და „ევროპული გაერთიანებები“ ევროკავშირად გარდაიქმნა.

1968 წელს ამოქმედდა ევროგაერთიანების საბაჟო კავშირი, რომელსაც რომის ხელშეკრულებით ჩაეყარა საფუძველი და რომლის თანახმადაც, გაუქმდა სავაჭრო ტარიფები წევრ სახელმწიფოებს შორის, ასევე დაწესდა საერთო ტარიფები გაერთიანების არაწევრ ქვეყნებთან მიმართებაში. 70-იან წლებში დაიწყო საგარეო პოლიტიკის სფეროში მთავრობათაშორისი თანამშრომლობის განვითარება. 1970 წლიდან წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები კვარტალში ერთხელ იკრიბებოდნენ – საგარეო პოლიტიკური საკითხების განსახილველად. შეიქმნა მუდმივმოქმედი პოლიტიკური სამდივნო. მოგვიანებით, მოხდა ამ თანამშრომლობის ინსტიტუციონალიზაცია და ჩამოყალიბდა ევროპული პოლიტიკური თანამშრომლობა.

1974 წელს განხორციელდა წევრი სახელმწიფოების მეთაურთა უმაღლეს დონეზე შეხვედრების ფორმალიზება; თუ 1969 წლიდან ის წელიწადში ერთხელ იმართებოდა, 1974 წლიდან ასეთი შეხვედრების მინიმუმ ორჯერ გამართვა გადაწყდა. ევროპული საბჭოს ფარგლებში ხდება ინტეგრაციის მთავარი ორიენტირების განსაზღვრა, რომლის შექმნამაც ინტეგრაციის მთავრობათაშორისი ხასიათის ელემენტის გაძლიერებას შეუწყო ხელი.

შენგენის შეთანხმება

1985 წლის 14 ივნისს ხელი მოეწერა შენგენის შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ბელგია, გერმანია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი და ნიდერლანდები შეთანხმდნენ, თანდათანობით გაეუქმებინათ საერთო სასაზღვრო კონტროლი და შემოეღოთ გადაადგილების თავისუფლება ხელმომწერი წევრი სახელმწიფოების, სხვა წევრი სახელმწიფოების ან მესამე სახელმწიფოების მოქალაქეებისათვის.

დღეისათვის შენგენის ხელშეკრულება 26 ქვეყანას აერთიანებს:

  • ევროკავშირის წევრ 22 ქვეყანას: ავსტრიას, ბელგიას, ჩეხეთის რესპუბლიკას, დანიას, ესტონეთს, ფინეთს, საფრანგეთს, გერმანიას, საბერძნეთს, უნგრეთს, იტალიას, ლატვიას, ლიეტუვას, ლუქსემბურგს, მალტას, ნიდერლანდებს, პოლონეთს, პორტუგალიას, სლოვაკეთს, სლოვენიას, ესპანეთსა და შვედეთს;
  • ევროკავშირის 4 არაწევრ ევროპულ ქვეყანას: შვეიცარიას, ნორვეგიას, ისლანდიასა და ლიხტენშტეინს.
  • შენგენის ზონის 4 კანდიდატი ქვეყანაა: ბულგარეთი, კვიპროსი, ხორვატია და რუმინეთი.

აღნიშნული ქვეყნები ერთად ქმნიან შენგენის ზონას. დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირის წევრი ირლანდია არ არიან შენგენის ზონის წევრები.

შენგენის ზონის გარე საზღვრები მკაცრად კონტროლდება, ხოლო მის შიგნით საპასპორტო შემოწმება არ ხორციელდება. შენგენის ხელშეკრულებამ დაადგინა, რომ შენგენის ზონაში შემავალ სახელმწიფოებს შორის საზღვრები უნდა გაუქმებულიყო, ხოლო გარე საზღვრები – გამაგრებულიყო. ქვეყნები ვალდებულნი არიან ერთიანი პოლიტიკა აწარმოონ მიგრანტების მიმართ, რაც მოითხოვს მონაცემთა საერთო ბაზისა და საერთო საპოლიციო-სასამართლო სისტემის ფუნქციონირებას.

ერთიანი ევროპული აქტი

1986 წლის 17 თებერვალს, ლუქსემბურგში და 28 თებერვალს, ჰააგაში, ევროპული გაერთიანების წევრმა სახელმწიფოებმა ხელი მოაწერეს ერთიან ევროპულ აქტს (Single European Act), რომლითაც ცვლილებები და დამატებები შევიდა ევროპული გაერთიანებების დამფუძნებელ ხელშეკრულებებში – იგი ძალაში შევიდა 1987 წლის 1 ივლისიდან. ერთიანი ევროპული აქტი გახდა პირველი ყოვლისმომცველი სარევიზიო აქტი, რომლითაც ევროპული პოლიტიკური თანამშრომლობის ინსტიტუციონალიზაცია განხორციელდა, კერძოდ: ევროპული საბჭო ევროკავშირის ერთ-ერთ ინსტიტუტად ჩამოყალიბდა; შეიქმნა პირველი ინსტანციის სასამართლო; საპარლამენტო ასამბლეას ოფიციალურად ეწოდა ევროპული პარლამენტი; შემოიღეს ახალი ნორმაშემოქმედებითი პროცედურა – თანაგადაწყვეტილების პროცედურა, რომლითაც გაძლიერდა პარლამენტის როლი; გაიზარდა კომისიის უფლებამოსილებებიც; ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების პროცედურა გავრცელდა ბევრ ისეთ სფეროზე, სადაც მანამდე გადაწყვეტილება მხოლოდ ერთხმად მიიღებოდა.

დღის წესრიგში დადგა საერთო ბაზრის საბოლოო ფაზაში შეყვანა და დაიწყო შიდა ბაზრის შესაქმნელად აუცილებელი რეფორმების გატარება, რაც გულისხმობდა არსებული ბარიერებისა (კვოტები, ტარიფები) და ეკონომიკური დაბრკოლებებისგან თავისუფალი ეკონომიკური სივრცის შექმნას, სადაც თავისუფლად უნდა მომხდარიყო ე. წ. „ოთხი თავისუფლების“: საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და ადამიანების გადაადგილება. შიდა ბაზრის შექმნა 1992 წლის 31 დეკემბრისთვის უნდა დასრულებულიყო.

მაასტრიხტის ხელშეკრულება

ბერლინის კედლის დანგრევამ, რასაც გერმანიის გაერთიანება მოჰყვა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საბჭოთა კონტროლიდან გათავისუფლებამ, აგრეთვე, 1991 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირის დაშლამ და მნიშვნელოვანმა დემოკრატიულმა პროცესებმა ევროპის პოლიტიკური სტრუქტურის შეცვლა განაპირობა.

1992 წლის 7 თებერვალს, ნიდერლანდების ქალაქ მაასტრიხტში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ევროკავშირის შესახებ (Treaty on European Union), რომელიც ცნობილია, როგორც მაასტრიხტის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების გაფორმებით, ევროგაერთიანებები გარდაიქმნა ევროკავშირად და ეკონომიკურთან ერთად, პოლიტიკური ასპექტიც შეიძინა. მაასტრიხტის ხელშეკრულებით, შესწორდა და ერთ დოკუმენტში გაერთიანდა მანამდე არსებული ყველა ხელშეკრულება – პარიზის (1950 წ.) და რომის (1957 წ.) ხელშეკრულებები და ერთიანი ევროპული აქტი (1986 წ.).

მაასტრიხტის ხელშეკრულებამ დაადგინა, რომ ევროკავშირი უნდა ეფუძნებოდეს სამ ძირითად სვეტს: პირველ სვეტში გაერთიანდა ევროპის არსებული გაერთიანებები (ევროპის გაერთიანება, ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანება). მეორე სვეტში შევიდა საერთო საგარეო და თავდაცვის პოლიტიკა, ხოლო მესამე სვეტში – თანამშრომლობა მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეებში.

პირველ სვეტი: აქ შემავალ საკითხებად განისაზღვრა საბაჟო კავშირი, სოფლის მეურნეობის საერთო პოლიტიკა, ერთიანი ბაზარი, სავაჭრო პოლიტიკა. ამსტერდამის ხელშეკრულებით, შემდგომში, ამ სვეტს სხვა საკითხებიც დაემატა.

მეორე სვეტი: არეგულირებდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა თანამშრომლობა საერთო საგარეო პოლიტიკის შემუშავების საკითხებზე, სამშვიდობო მისიები, დახმარება არაწევრი ქვეყნებისათვის, ევროპის უსაფრთხოების, განიარაღებისა და თავდაცვის დაფინანსების საკითხები.

მესამე სვეტი: აქ შემავალი საკითხებში შევიდა წევრი ქვეყნების პოლიციისა და სასამართლო სისტემების თანამშრომლობა სამოქალაქო და სისხლის სამართლის საკითხებში, საპოლიციო თანამშრომლობა, რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ნარკომანიის, ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის, ტრეფიკინგისა და ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლა.

ხელშეკრულების თანახმად, პირველ სვეტში საკითხები განიხილებოდა ზეეროვნულ (ანუ ევროპულ) დონეზე, საკითხი გადაწყდებოდა ხმათა უმრავლესობით და აქ გადამწყვეტი როლი დაეკისრა ევროკომისიას და ევროპარლამენტს, საბჭოსთან ერთად. დანარჩენ ორ სვეტში წამყვანი როლი მიენიჭა საბჭოს – გადაწყვეტილებები მიიღებოდა ეროვნულ დონეზე, წევრი ქვეყნის ხელმძღვანელებისა და მინისტრების მიერ. აქ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო არა უმრავლესობის, არამედ ყველა ქვეყნის თანხმობა. მეორე და მესამე სვეტის საკითხებში, ანუ საერთო საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის, ასევე მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეებში, კომისია და პარლამენტი ვერ ჩაერეოდა.
ამის მიზეზი გახდა ის, რომ სახელმწიფოებს არ სურდათ ისეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკა, საშინაო საქმეები და მართლმსაჯულება, კომისიისა და პარლამენტისთვის მიენდოთ. ვინაიდან, აღნიშნული ორგანოების დანიშნულებას წარმოადგენდა საერთო ევროპული ინტერესების დაცვა და არა რომელიმე კონკრეტული ქვეყნის პოლიტიკის გატარება. (ანუ ევროკომისიის ან ევროპარლამენტის წევრს, რომელიც ეროვნებით შეიძლება იყოს ფრანგი, არ აქვს უფლება, საფრანგეთის სახელით იმოქმედოს და მარტო საფრანგეთისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას დაუჭიროს მხარი).

მაასტრიხტის ხელშეკრულების შედეგად, გაიზარდა ევროპარლამენტის ძალაუფლება. კერძოდ, თანაგადაწყვეტილების პროცედურის შემოღებით, ევროპარლამენტს მიენიჭა თანაბარი უფლება, საბჭოსთან ერთად მიეღო მონაწილეობა საკანონმდებლო პროცესში, გარკვეულ სფეროებში. კომისიის მთლიანი შემადგენლობის დამტკიცებისთვის აუცილებელი გახდა ევროპარლამენტის თანხმობა. ამასთან, ევროპარლამენტთან შეიქმნა ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელსაც მიეცა უფლება, შეემოწმებინა ევროკავშირის სამართლის დარღვევის ფაქტები.

მაასტრიხტის ხელშეკრულების თანახმად, გადაწყდა ევროპის ეკონომიკური და სავალუტო კავშირის შექმნა, რომლის განხორციელებაც უნდა მომხდარიყო ეკოერთე ულის

ნომიკური პოლიტიკის მჭიდრო კოორდინაციისა და ერთიანი სავალუტო ერთეულის – ევროს შემოღების გზით. ამ მიზნით შეიქმნა ევროპის ცენტრალური ბანკი. გადაწყდა ევროკავშირის მოქალაქეობის, როგორც ეროვნულ მოქალაქეობაზე დამატებითი სტატუსის შემოღება. მაასტრიხტის ხელშეკრულებაში ასევე საუბარი იყო ერთიანი სოციალური პოლიტიკის შექმნის შესახებ, თუმცა ეს თავი საბოლოოდ ამოიღეს, რადგან სოციალური პოლიტიკა, ისევე როგორც საგარეო და დაბეგვრის პოლიტიკა, წევრმა სახელმწიფოებმა ქვეყნის საშინაო საქმეებად მიიჩნიეს. მაასტრიხტის ხელშეკრულება ძალაში შევიდა 1993 წელს.

ამსტერდამის ხელშეკრულება

1997 წელს, ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას (Treaty of Amsterdam), რომელიც მოიცავს იმ საკითხებს, რომელზე შეთანხმებაც ვერ მოხერხდა მაასტრიხტში. სამთავრობათაშორისო კონფერენცია ძირითად მიზნად ისახავდა ისეთი ინსტიტუციური სისტემის შექმნას, რომელიც უპრობლემოდ უზრუნველყოფდა ევროკავშირის მომავალ გაფართოებას და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ევროპულ ინსტიტუტებში ინტეგრაციას. მიუხედავად ამისა, ძირითადი თემები, რომელთა გარშემოც დებატები გაიმართა ამსტერდამის ხელშეკრულების მიღების პროცესში, ეხებოდა ევროკავშირის მმართველი სისტემის „მოქნილობის“ გაზრდას და „თავისუფლების, უსაფრთხოებისა და იუსტიციის“ არეალის შექმნას. მოქნილობის გაზრდა გულისხმობდა ევროკავშირის მმართველი ორგანოების სტრუქტურების დახვეწას, რათა უკეთ მორგებოდა იმ პერიოდისთვის 15 წევრამდე გაზრდილ ევროკავშირს, სადაც კვლავ იგეგმებოდა ახალი წევრების მიღება.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ამ ხელშეკრულებაში გაითვალისწინეს, იყო მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეებში თანამშრომლობის გაღრმავება. სავიზო რეჟიმები, სასაზღვრო კონტროლი, თავშესაფრის მიცემისა და იმიგრაციის პოლიტიკა, პოლიციისა და სასამართლო სისტემების თანამშრომლობა სამოქალაქო საკითხებში. ზოგადად, ადამიანის უფლებათა და არაწევრი ქვეყნების უფლებების დაცვა ევროპული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების ფარგლებში გადაიტანეს და ევროკავშირის კომპეტენციათა პირველ სვეტში მოექცა. მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეებში თანამშრომლობის სვეტში დარჩა პოლიციისა და სასამართლო სისტემების თანამშრომლობა სისხლის სამართლის საკითხებში. ამასთან, გაფართოვდა ევროპული გაერთიანების კომპეტენციები სოციალური პოლიტიკისა და დასაქმების სფეროში. საპოლიციო თანამშრომლობის გააქტიურების მიზნით შეიქმნა ევროპული პოლიცია – ევროპოლი.

ამსტერდამის ხელშეკრულებით შემოიღეს მნიშვნელოვანი ახალი თანამდებობა – ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, რომელიც იმავდროულად, საბჭოს გენერალური მდივანიც გახლდათ. პარლამენტის უფლებამოსილებები გაიზარდა თანაგადაწყვეტილების პროცედურის მოქმედების საკმაოდ მრავალი კომპეტენციის ნორმაზე გავრცელების გზით. გარდა ამისა, აუცილებელი გახდა კომისიის პრეზიდენტის კანდიდატურაზე პარლამენტის თანხმობა.

ევროს შემოღება

1999 წლის 1 იანვარს შეიქმნა ეკონომიკური და სავალუტო კავშირი, რომელის ჩამოყალიბებაც მაასტრიხტის ხელშეკრულებით იყო დადგენილი. კერძოდ, ევრო, როგორც ერთიანი ევროპული სავალუტო ერთეული, ამ დღიდან უნაღდო ანგარიშსწორებაში უკვე გამოიყენებოდა, ხოლო 2002 წლის 1 იანვრიდან მან ეროვნული ვალუტები ნაღდ ანგარიშსწორებაშიც შეცვალა.

დღეისათვის, ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოდან, ევროზონაში მხოლოდ 19 ქვეყანაა გაერთიანებული. დანარჩენ ქვეყნებში დღემდე ეროვნული ფულადი ერთეულია მიმოქცევაში. ევროზონაში გაერთიანებულია შემდეგი ქვეყნები:

ავსტრია, ბელგია, კვიპროსი, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პორტუგალია, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი.

ევროზონაში გასაერთიანებლად, ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან დააკმაყოფილონ გარკვეული კრიტერიუმები, მათ შორის: ევროზონაში გაერთიანებამდე ქვეყანა 2 წელი უნდა იყოს ჩართული ევროპულ გაცვლითი კურსის მექანიზმში (European Exchange Rate Mechanism).

ამასთანავე, ანდორას, მონაკოს, სან მარინოსა და ვატიკანს ფორმალური შეთანხმებები აქვთ გაფორმებული ევროკავშირთან, რომ გამოიყენონ ევრო, როგორც თავიანთი ოფიციალური ვალუტა. კოსოვომ და მონტენეგრომ ევრო შემოიღეს ცალმხრივად, მაგრამ ოფიციალურად არ წარმოადგენენ ევროზონის ნაწილს და არ გააჩნიათ წარმომადგენლობა ევროპის ცენტრალურ ბანკსა და ევროჯგუფში, რომელიც შედგება ევროზონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებისაგან და ევროზონასა და ევროსთან მიმართებაში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს.

ნიცის შეთანხმება

2000 წლის დეკემბერში, მთავრობათაშორისმა კონფერენციამ საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ხელშეკრულება შეიმუშავა (Treaty of Nice). მას ხელი მოეწერა 2001 წლის თებერვალში, ხოლო ძალაში 2003 წლის თებერვალში შევიდა. ხელშეკრულების ძირითადი მიზანი იყო გაფართოების ახალი ტალღისათვის ინსტიტუციური საფუძვლის მომზადება. ნიცის ხელშეკრულებით განისაზღვრა ორგანოების შემადგენლობის და საბჭოში კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების ახალი დებულებები, თითოეული წევრი სახელმწიფოსთვის მინიჭებული ხმათა რაოდენობის შესახებ, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დემოგრაფიულ საკითხს (აღნიშნული სისტემა შეიცვალა ლისაბონის ხელშეკრულებით). კიდევ უფრო გაიზარდა ევროპული პარლამენტის უფლებამოსილებები, კერძოდ, თანაგადაწყვეტილების პროცედურამ სულ უფრო მეტი კომპეტენციის ნორმა მოიცვა. ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების პროცედურა გავრცელდა ბევრ ისეთ კომპეტენციის ნორმაზე, რომელთა ფარგლებში ადრე გადაწყვეტილება ერთხმად უნდა ყოფილიყო მიღებული.

ნიცის სამიტის ერთ-ერთი შედეგი იყო ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიის ერთსულოვანი მიღება. ეს გახლდათ 50 პუნქტისაგან შემდგარი კრებული ევროპის სამართალში ადამიანის თავისუფლების, ეკონომიკური და სოციალური უფლებების შესახებ.

საკონსტიტუციო ხელშეკრულება

ნიცის სამიტზე გადაწყდა, რომ 2004 წლისთვის მოეწვიათ კონფერენცია და მის ფარგლებში მომხდარიყო ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულებისა და ევროპულ გაერთიანებათა დამფუძნებელი ხელშეკრულებების გადახედვა. 2001 წლის 15 დეკემბერს, ლეიკენში (ბელგია) ევროპული საბჭოს მიერ მიღებული დეკლარაციის საფუძველზე შეიქმნა ე. წ. „ევროპული კონვენტი“, რომელიც წევრი სახელმწიფოების მეთაურთა 15 წარმომადგენლისგან (1 წარმომადგენელი თითო სახელმწიფოდან), ეროვნული პარლამენტების 30 წევრისგან (2 წარმომადგენელი თითოეული პარლამენტიდან), ევროპული პარლამენტის 16 წევრისა და კომისიის 2 წარმომადგენლისგან შედგებოდა. კონსულტაციებში მონაწილეობდნენ იმ ქვეყნების წარმომადგენლებიც, რომლებიც უახლოეს ხანში ევროკავშირის წევრები უნდა გამხდარიყვნენ. კონვენტის თავმჯდომარედ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ვალერი ჟისკარდ დ’ესტენი დაამტკიცეს. ევროპულ კონვენტს დაევალა დოკუმენტის შემუშავება, რომელიც მოიცავდა რეკომენდაციებს წევრ სახელმწიფოებსა და ევროპულ გაერთიანებებს შორის კომპეტენციების განაწილების, ძირითადი უფლებების ქარტიის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის, ეროვნული პარლამენტების სტატუსის დადგენისა და არსებული ორგანიზაციული სტრუქტურისა და მექანიზმების გამარტივების შესახებ. 2004 წლის 17-18 ივნისს ბრიუსელის სამიტზე გარკვეული ცვლილებების შეტანის შემდეგ შედგა შეთანხმება საკონსტიტუციო ხელშეკრულების საბოლოო ტექსტზე2004 წლის 29 ოქტომბერს კი რომში მას საზეიმოდ მოეწერა ხელი. საკონსტიტუციო ხელშეკრულება სამართლებრივი ბუნებით, საერთაშორისო ხელშეკრულება იყო, თუმცა ძალაში არ შესულა, რადგან საფრანგეთსა და ნიდერლანდებში გამართულ რეფერენდუმებზე მოსახლეობის უმრავლესობამ მის წინააღმდეგ მისცა ხმა. ექსპერტთა აზრით, გარკვეული უარყოფითი როლი ამ პროცესში შეასრულა ტერმინმა „კონსტიტუცია“, ვინაიდან იგი სახელმწიფოსთან ასოცირდებოდა და შესაბამისად, მისი ძალაში შესვლა ევროკავშირის სახელმწიფოებრივ წარმონაქმნად გადაქცევას დაუკავშირდა. ამ სიახლისთვის ზოგიერთი წევრი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მზად არ აღმოჩნდა.

ლისაბონის შეთანხმება

ე. წ. „რეფორმის ხელშეკრულებას“, რომლის სრული სახელწოდებაა „ლისაბონის ხელშეკრულება ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულებასა და ევროპული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“, 2007 წლის 13 დეკემბერს ხელი მოეწერა ლისაბონში (პორტუგალია) და იგი ძალაში შევიდა 2009 წლის 1 დეკემბერს. ხელშეკრულება შინაარსობრივად საკონსტიტუციო ხელშეკრულების ტექსტს შეესაბამება, თუმცა არ ჩაიდო ისეთი ცნებები, რომლებიც როგორც წესი, სახელმწიფოსთან ასოცირდებოდა, მაგალითად: კონსტიტუცია, დროშა, ჰიმნი, ევროპული კანონი და ა. შ. ხელშეკრულების საფუძველზე ევროკავშირს სამართალსუბიექტობა მიენიჭა. გარდა ამისა, იგი ძირითადად ითვალისწინებდა ცვლილებებს ევროკავშირის ინსტიტუციურ სისტემასთან მიმართებაში. აღნიშნული ხელშეკრულების მიზანი იყო ევროკავშირისათვის უფრო ძლიერი, ერთიანი მმართველობის შექმნა, ეფექტიანი საგარეო პოლიტიკისა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის გადაწყვეტილების მიღების შედარებით მარტივი სისტემის ჩამოყალიბება.

ლისაბონის შეთანხმების მიხედვით, შეიქმნა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობები.

ლისაბონის ხელშეკრულება მიზნად ისახავდა გადაწყვეტილებების მიღების გაადვილებას ევროკავშირის დონეზე, რაც მისი წევრი ქვეყნების სიმრავლესთან ერთად, დროთა განმავლობაში სულ უფრო რთულდებოდა. ამ მიზნით, ახალი ხელშეკრულება ვეტოს უფლების შემცირებას ითვალისწინებდა, სამაგიეროდ, ზრდიდა ევროპარლამენტისა და ეროვნული პარლამენტების უფლებებს.

ცვლილებები შევიდა ხმის მიცემის პროცედურებში: 45-ზე მეტ სფეროში ერთსულოვნების პრინციპი შეიცვალა კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპით. ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს მიერ თანაგადაწყვეტილების პროცედურა გავრცელდა პირველი სვეტის 83 სფეროზე და გადაწყვეტილების მიღების ამ ფორმას ევროკავშირის ნორმატიული აქტების მიღებისას ჩვეულებრივი პროცედურა (Ordinary procedure) ეწოდა.
სხვა სიახლეებთან ერთად, ლისაბონის შეთანხმება ევროპელ მოქალაქეებს სა-კანონმდებლო ინიციატივის (European Citizens’ Initiative) უფლებასაც ანიჭებდა, რაც ნიშნავს, რომ ევროკავშირის მილიონ მოქალაქეს, რომლებიც წარმოადგენენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთ მეოთხედს (ამჟამად 27 წევრი ქვეყნიდან მინიმუმ 7 ქვეყანა), უფლება აქვთ პირდაპირ მოუწოდონ ევროკომისიას კანონმდებლობის ინიცირებისკენ იმ სფეროებთან მიმართებაში, რომლებზეც წევრ ქვეყნებს კომპეტენცია ევროკავშირისთვის აქვთ გადაცემული.

ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლის თანახმად, ევროკავშირის წევრ ყველა სახელმწიფოს შესაძლებლობა ეძლევა, სურვილისამებრ დატოვოს კავშირი წინასწარ დადგენილი წესის შესაბამისად.

jQuery(document).ready(function($) {
$(‘a.ic-printPage’).click(function(){
window.print();
return false;
});
});