ნატო-ში გაწევრიანება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და მდგრადობის გაძლიერებას ნიშნავს – ეს კი დემოკრატიული და სტაბილური გარემოს შექმნის წინაპირობაა.
ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ისტორია
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ – კონფლიქტები, ეკონომიკური სტაგნაცია, კორუფცია და უმოქმედო სახელმწიფო ინსტიტუტები – იმ პრობლემათა მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რაც 1990-იანი წლების პოსტსაბჭოთა სივრცისთვის იყო დამახასიათებელი, თუმცა უმთავრეს პრობლემად მაინც უსაფრთხოების საკითხი რჩებოდა, რაც საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო.
ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ზოგმა კვლავ მოსკოვის ორბიტაზე ამჯობინა დარჩენა, ზოგიერთმა კი დასავლეთის მიმართულებით განაგრძო განვითარება. აღნიშნული რესპუბლიკებიდან დღეისათვის დასავლური სამყაროს ნაწილი მხოლოდ ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი გახდნენ. შესაბამისად, დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი ქვეყნებისთვის ბალტიისპირეთის სახელმწიფოთა მაგალითი საყურადღებო და იმედისმომცემია.
გაწევრიანების ინსტრუმენტები
საქართველო განაგრძობს ნატო-საქართველოს არსებული თანამშრომლობის მექანიზმებისა და ფორმატების წარმატებით განხორციელებას, რაც ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას, უსაფრთხოების სფეროში ნატო-ს წევრ სახელმწიფოებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებასა და ნატო-სთან თავსებადობის ზრდას. ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებია:
მნიშვნელოვანი თარიღები
მიმდინარე წლის 11-12 ივლისს, ვილნიუსში გამართულ ნატოს სამიტს ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრებს წევრის რანგში ფინეთი პირველად ესწრებოდა, ხოლო, შვედეთი, როგორც მომავალი წევრი, სამიტში მიწვეული ქვეყნის სტატუსით იღებდა მონაწილეობას. ნატოს მორიგი გაფართოება ხაზს უსვამს, რომ ალიანსი ერთგული რჩება ღია კარის პოლიტიკის მიმართ და რომ ვერც ერთი გარე ძალა ვერ მოახდენს ზეგავლენას ამ პროცესზე. ამასთანავე, სამიტზე ალიანსის წევრები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანება გაწევრიანების სამოქმედო გეგმის – MAP-ის გარეშე მოხდება, როდესაც ქვეყანა გაწევრიანებისათვის საჭირო ყველა პირობას დააკმაყოფილებს. ვილნიუსის სამიტზე უკრაინის მხარდაჭერის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი პოლიტიკური და პრაქტიკული გადაწვეტილებები იქნა მიღებული, მათ შორისაა, ნატო-უკრაინის საბჭოს დაარსება.
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში მიმდინარე პირველი სრულმასშტაბიანი ომის ფონზე წევრი ქვეყნების მეთაურებმა ალიანსის გაძლიერებისა და ადაპტაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილებები მიიღეს: მოკავშირეებმა კონვენციური და ჰიბრიდული საფრთხეების შეკავების მიზნით დაამტკიცეს ახალი რეგიონალური თავდაცვის გეგმები; ნატოს წევრი სახელმწიფოები თავდაცვის სფეროში განსახორციელებელი ინვესტიციების ზრდის შესახებ შეთანხმდნენ; ალიანსმა გააფართოვა პარტნიორებთან თანამშრომლობის არეალი.
სამიტში საქართველოს დელეგაციამ საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით მიიღო მონაწილეობა. მნიშვნელოვანია, სამიტის დასკვნით დოკუმენტში საქართელოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერა, როგორც პოლიტიკურ, ასევე პრაქტიკულ განზომილებაში. ნატოს წევრი ქვეყნების მიერ დადასტურდა მზაობა, რომ გაგრძელდება მუშაობა ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, განხორციელების მიმართულებით.
მისასალმებელია, ნატოს მტკიცე და ცალსახა პოზიცია, რომ დაუშვებელია სუვერენული ქვეყნების საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის არჩევანის შეზღუდვის მცდელობები.
შექმნილი კომპლექსური უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, განსაკუთრებულად აღსანიშნავია ალიანსის მიერ დაფიქსირებული ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ისევე როგორც, მოწოდება, რომ რუსეთის ფედერაციამ გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ განლაგებული საოკუპაციო ძალები და გააუქმოს საქართველოს რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. სამიტის დასკვნით კომუნიკეში, ნატომ კვლავ დაადასტურა გლობალურ უსაფრთხოებაში საქართველოს მიერ შეტანილი მნივშნელოვანი წვლილი. ასევე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების და თავსებადობის გაძლიერების კუთხით. საქართევლოს მონაწილეობა ვილნიუსის სამიტში ნატო-საქართველოს თანამშრომლობის სტრატეგიული მნიშვნელობისა და საქართველოს ინტეგრაციული პროცესის შეუქცევადობის მორიგი დადასტურებაა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით – https://mfa.gov.ge/news/553327-saqartvelos-sagareo-saqmeta-saministros-gantskhadeba-nato-s-vilniusis-samittan-dakavshirebit;
ვილნიუსის სამიტის კომუნიკე – https://www.nato.int/cps/en/natohq/official_texts_217320.htm
2022 წლის 28-30 ივნისს, ქ. მადრიდში გამართულ ნატო-ს წევრ სახელმწიფოების მეთაურთა სამიტზე კი დამტკიცდა „საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტი“. დოკუმენტი შეიცავს საქართველო თავდაცვითი შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარების და ამ პროცესში ნატო-ს კიდევ უფრო ქმედითი ჩართულობის კონკრეტულ ღონისძიებებს.
2020 წლის დეკემბერში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსთვის განახლებული არსებითი პაკეტი (SNGP) დაამტკიცეს, რომელიც მნიშვნელოვან ელემენტებს შეიცავს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შემდგომი გაძლიერებისთვის.
2019 წლის 3-4 ოქტომბერს საქართველოში, ქ. ბათუმში, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერის ხელმძღვანელობით, რიგით მეხუთე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი შედგა. ვიზიტის ფარგლებში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმადაც მოკავშირეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს. მოკავშირეებმა მიიღეს გადაწყვეტილება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განახლებისა და გაუმჯობესების შესახებ. ვიზიტის ფარგლებში ისინი ბათუმის პორტს ეწვივნენ, სადაც ხომალდები “დიოსკურია” და „ოჩამჩირე“ მოინახულეს და ნატოს ოპერაციათა კონცეფციის შესაძლებლობების (OCC) პროცესში ჩართული სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფებს შეხვდნენ.
2019 წლის 3-4 აპრილს ნატო-ს ვაშინგტონის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მოკავშირეებმა მიიღეს ზომების პაკეტი, რომელიც მიმართულია შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს სიტუაციური ცნობიერების ამაღლებისა და საქართველოსა და უკრაინისთვის მხარდაჭერის გაზრდისკენ. მიღებული პაკეტის ფარგლებში თანამშრომლობა გაძლიერდა ისეთ სფეროებში, როგორიცაა სანაპირო დაცვის წვრთნა, საპორტო ვიზიტები, სწავლებების ჩატარება და ინფორმაციის გაზიარება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს, აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდისა და მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის მიერ თანაორგანიზებულ ნატო-ს მინისტერიალის პარალელურ ღონისძიებაში „NATO Engages: The Alliance at 70 Years“.
2019 წლის 28 მარტს ნატო-ს შტაბ-ბინაში შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც მოკავშირეებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.
2019 წლის 27-28 მარტს საქართველოს ნატოს სამხედრო კომიტეტი მესამედ ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს სამხედრო კომიტიტეტის წევრები წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს ესტუმრნენ (JTEC) და ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებას დაესწრნენ.
2019 წლის 24-25 მარტს საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვია, რომელმაც შეხვედრები გამართა საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. იენს სტოლტენბერგი ასევე ეწვია ნატო-ს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) და დაესწრო ცენტრის მიერ ორგანიზებულ ნატო-საქართველოს სწავლებას.
2019 წლის 18-29 მარტს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივმა ცენტრმა (JTEC) რიგით მეორე ნატო-საქართველოს სწავლებას უმასპინძლა. „ნატო-საქართველოს სწავლება 2019” პირველი ერთობლივი მრავალეროვნული ბრიგადის დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლება იყო, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობდა. მასში მონაწილეობა მიიღო ნატო-ს 21 წევრი და 3 პარტნიორი ქვეყნის 350-მდე სამხედრო და სამოქალაქო პირმა.
2018 წლის 4 დეკემბერს, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოსთან და უკრაინასთან საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და რეგიონული და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე მონაწილეობა მიიღო მინისტერიალზე გამართულ მტკიცე მხარდაჭერის მისიის ქვეყნების შეხვედრაში.
2018 წლის 11-12 ივლისს გამართული ნატო-ს ბრიუსელის სამიტის ფარგლებში საქართველომ მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო მეთაურების დონეზე მოკავშირეთა შეხვედრაში საქართველოსა და უკრაინასთან. აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ნატო-ს სამიტზე გაიმართა შეხვედრა უმაღლეს დონეზე უშუალოდ საქართველოს თემატიკაზე, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად ქართულ მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა განეხილა ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის დინამიკა და გაწევრიანების გზაზე გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები. განსაკუთრებით აღსანიშნავია სამიტზე ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში მიღებული ნატო-საქართველოს დეკლარაცია, რომელშიც მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და აღნიშნეს, რომ საქართველოს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი ალიანსში გასაწევრიანებლად.
2017 წლის 26-29 მაისს საქართველომ პირველად უმასპინძლა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაგაზაფხულო სესიას.
2017 წლის 2-3 მარტს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ნატო-ს სამხედრო კომიტეტი. ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს სამხედრო კომიტეტმა მოინახულა საოკუპაციო ხაზი.
2016 წლის 7-8 სექტემბერს გაიმართა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს რიგით მეოთხე ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური საბჭო ეწვია ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს.
2016 წლის 8-9 ივლისს გამართული ნატო-ს ვარშავის სამიტის ფარგლებში პირველად გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა (საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე). სხდომაზე მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება, რომელიც მოიცავს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ ყველა ასპექტს. სამიტის დეკლარაციაში მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ნატო-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და მოუწოდეს რუსეთს შეცვალოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება და გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოდან.
2015 წლის 2 დეკემბერს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიღებულ იქნა განცხადება „ღია კარის“ პოლიტიკასთან დაკავშირებით. დოკუმენტში პირველად მოხდა საჯაროდ იმის დადასტურება, რომ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატო–ს წევრობისთვის მოსამზადებლად.
2015 წლის 27 აგვისტოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ მინისტრთან ერთად ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.
2015 წლის 26-27 აგვისტოს საქართველოს ვიზიტით ეწვია ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, რომელმაც შეხვედრები გამართა საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
2015 წლის 13-14 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ქ. ანტალიაში, თურქეთი, მონაწილეობა მიიღო ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ,,მტკიცე მხარდაჭერის” (Resolute Support) შეხვედრაში.
2015 წლის 5 თებერვალს გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა თავდაცვის მინისტრების დონეზე, რომელზეც მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება.
2014 წლის 4-5 სექტემბერს, გაიმართა ნატო-ს უელსის სამიტი, სადაც მოკავშირეებმა მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოსთან “არსებითი პაკეტის” შემუშავების შესახებ, რომლის მთავარი მიზანია ნატო-სთან თავსებადობის ამაღლება, თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება და გაწევრიანებისთვის საქართველოს მომზადება. სამიტზე საქართველო მიწვეულ იქნა “პარტნიორობის თავსებადობის ინიციატივასა” და “გაძლიერებული შესაძლებლობების ჯგუფში”. სამიტის დეკლარაციაში მოკავშირეების მხრიდან აღინიშნა, რომ ნატო-სა და საქართველოს უკვე აქვთ ურთიერთქმედების საჭირო მექანიზმები, რომლებიც ქვეყანას მიიყვანს საბოლოო მიზანთან – ალიანსის წევრობასთან. მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ნატო-ს მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მიმართ და მოუწოდეს რუსეთს, გაიყვანოს “შეიარაღებული ძალები საქართველოდან” და აიღოს ძალის არგამოყენების ვალდებულება.
2014 წლის 11-12 თებერვალს, საქართველოს პირველად ეწვია ნატო-ს სამხედრო კომიტეტი, რომელსაც ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი კნუდ ბარტელსი ხელმძღვანელობდა.
2013 წლის 26-27 ივნისს, საქართველოში, ნატო-ს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის ხელმძღვანელობით ჩრდილოატლანტიკური საბჭოს რიგით მესამე ვიზიტი შედგა. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მოკავშირეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს ერთგულება ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების მიმართ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი.
2012 წლის 20-21 მაისს, ჩიკაგოში, გაიმართა ნატო-ს სამიტი. მოკავშირეების მიერ მიღებულ დეკლარაციაში კიდევ ერთხელ დადასტურდა ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ხაზგასმით აღინიშნა ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) და წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) წამყვანი როლი ბუქარესტის სამიტზე დაწყებული პროცესის ზედამხედველობაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ალიანსის მიერ საქართველოს დაჯგუფება 3 ბალკანურ ქვეყანასთან (იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია, მონტენეგრო და ბოსნია-ჰერცეგოვინა) ნატო-ში გაწევრიანების ასპირანტი ქვეყნების სტატუსით. ნატო-ს წევრებმა კვლავ გამოხატეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენტეტის ურყევი მხარდაჭერა, მიესალმნენ საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ აღებულ ვალდებულებას და მოუწოდეს რუსეთს საპასუხო ქმედებებისკენ. მოკავშირეებმა კვლავ მოუწოდეს რუსეთს საქართველოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისკენ.
2011 წლის 7 დეკემბერს, ნატო-ს შტაბ-ბინაში, გაიმართა ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომლის დროსაც მიღებულ იქნა კომუნიკე, სადაც საქართველო მოხსენიებულ იქნა, როგორც ალიანსში გაწევრიანების კანდიდატი პარტნიორი (aspirant partner) მონტენეგროსთან, ბოსნია-ჰერცეგოვინას და იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკა მაკედონიასთან ერთად.
2011 წლის 9-10 ნოემბერს, საქართველოში, ნატო-ს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის ხელმძღვანელობით ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი შედგა. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმადაც 29 ქვეყანა (28 ნატოს წევრი სახელმწიფო და საქართველო) მიესალმა საქართველოს მიღწევებს რეფორმების პროცესში, გამოხატა ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
2011 წლის 16 მაისს, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ISAF-ის ოპერაციაში ქართული კონტიგენტის მონაწილეობისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა გაიხსნა. ნატო-ს შტაბ-ბინაში სულ 73 ფოტო გამოიფინა, რომლებზეც ასახულია ქართველი ჯარისკაცების საქმიანობა ავღანეთში, ასევე მათი ურთიერთობა ადგილობრივ მოსახლეობასთან. ფოტო-გამოფენა ნატო-ში ლიტვის დელეგაციის მხარდაჭერით მომზადდა.
2011 წლის 15 აპრილს, ბერლინში, გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. პირველად ნატო-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში სხდომაზე მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება.
2011 წლის 7 აპრილს, საქართველოს, პირველად ამ რანგში, ოფიციალური ვიზიტით ეწვია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი.
2010 წ. 19-20 ნოემბერს ქ. ლისაბონში, გაიმართა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი, სადაც დამტკიცებულ იქნა ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია. ლისაბონის სამიტის დეკლარაციაში მოკავშირეებმა კვლავ დაადასტურეს ერთგულება ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ და აღნიშნეს, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი სახელმწიფო. ნატო-ს ქვეყნებმა გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სამიტის მსვლელობისას ასევე ჩატარდა ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების (ISAF) ოპერაციაში მონაწილე ქვეყნების უმაღლესი დონის შეხვედრა.
2010 წლის 16 ნოემბერს ვარშავაში გამართულ პლენარულ სესიაზე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ.” რეზოლუცია საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების ყოფნას აფასებს როგორც 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების დარღვევას და სუვერენული ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციას. ნატო-ს წევრი ქვეყნების პარლამენტარები მოუწოდებენ რუსეთს, რომ „აღმოფხვრას ეთნიკური წმენდის შედეგები” და უზრუნველყოს ყველა იძულებით გადაადგებული პირის საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.
2010 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ადმირალი ჯამპაოლო დი პაოლა. მან შეხვედრები გამართა პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილესთან და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან.
2010 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი. მან შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ვიზიტის ფარგლებში გენერალურმა მდივანმა საზეიმო ვითარებაში გახსნა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი.
2010 წლის 25 მარტს ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და ნატო-ს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის შეხვედრა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობაზე და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის განვითარებაზე.
2010 წლის 12 მარტს, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ელჩების დონეზე. სხდომაზე ქართულმა მხარემ ალიანსს წარუდგინა საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამა 2010 წლისთვის და საქართველოს სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. სხდომაზე განსაკუთრებული მადლიერება იქნა გამოხატული საქართველოს მიმართ ავღანეთში ნატო-ს ხელმძღვანელობით მიმდინარე უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების (ISAF) ოპერაციაში გაღებული მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
2009 წ. 18 ნოემბერს ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა საქართველოს მიერ წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) შესრულება და ნატო-საქართველოს ურთიერთობების სამომავლო გეგმები.
2009 წ. 17 ივნისს ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა პოლიტიკური კომიტეტის დონეზე.
2009 წლის 24-26 მაისს საქართველოს ვიზიტით ეწვია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, რობერტ სიმონსი. ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს მხარეს ოფიციალურად გადაეცა საქართველოს პირველი წლიური ეროვნული პროგრამა.
2009 წლის 6 მაისს, ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის ორი სხდომა – ელჩების დონეზე და გენერალური შტაბის უფროსების დონეზე. ელჩების დონეზე ჩატარებულ სხდომაზე განიხილეს ნატო-ს სტრასბურგი-კელის სამიტის შემდეგ ნატო-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები. ასევე ალიანსს მიეწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის და საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ. გენერალური შტაბის უფროსების დონეზე გამართულ ნატო-საქართევლოს კომისიის სხდომაზე განიხილეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმები და ნატო-ში ინტეგრაციის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები.
2009 წლის 16 აპრილს, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა პოლიტიკური კომიტეტის დონეზე, რომელზეც ქართულმა მხარემ წარადგინა 2009 წლის საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამის პროექტი.
2009 წლის 3-4 აპრილს, სტრასბურგსა და კელში, საფრანგეთი-გერმანია, გაიმართულ ნატო-ს საიუბილეო სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებით ალიანსის წევრი ქვეყნები კიდევ ერთხელ ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას ბუქარესტის სამიტზე აღებული ვალდებულებებისადმი. რაც, თავისთავად მიანიშნებს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობასთან დაკავშირებით ალიანსის მიერ უკვე გაჟღერებული პოზიციის უფრო მეტად გამყარებაზე.
2009 წლის 4 თებერვალს, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელიც საქართველოს მიერ ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP) შესრულების შეფასებასა და ნატო-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობის გეგმების განხილვას მიეძღვნა.
2008 წლის 3 დეკემბერს, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. ნატო-ს საგარეო სამეთა მინისტრების გადაწყვეტილებით, ალიანსი მაქსიმალურად გააქტიურებს საქართველოსთან თანამშრომლობას ნატო-საქართველოს კომისიის მეშვეობით; ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში შემუშავდება და განიხილება წლიური ეროვნული პროგრამა.
2008 წლის 18 ნოემბერს, ვალენსიაში, ესპანეთი, გაიმართა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა, სადაც მიღებული იქნა დოკუმენტი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებით. დოკუმენტში გამოხატულია შეშფოთება რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით.
2008 წლის 15-16 სექტემბერს, საქართველოში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს და ნატო-ს გენერალური მდივნის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შედგა ნატო-საქართველოს კომისიის დამფუძვნებელი ჩარჩო-დოკუმენტის ხელმოწერა და ჩატარდა კომისიის პირველი სხდომა.
2008 წლის 21-22 აგვისტოს, საქართველოს ვიზიტით ეწვია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლი, რობერტ სიმონსი.
2008 წლის 21-22 აგვისტოს, საქართველოში, შედგა ნატო-ს სამოქალაქო საგანგებო სიტუაციების დაგეგმვის კომიტეტის (CEP) წარმომადგენელთა 15 კაციანი ჯგუფის ვიზიტი საქართველოში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო ქმედებებით გამოწვეული ზარალის ადგილზე შეფასების მიზნით.
2008 წლის 19 აგვისტოს, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, გაიმართა წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სპეციალური სხდომა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
2008 წლის 12 აგვისტოს, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, გაიმართა მეგობართა ახალი ჯგუფის (NGF) + აშშ შეხვედრა ნატოს წევრი ქვეყნების დელეგაციების ხელძღვანელებთან საქართველოში განვითარებულ მოვლებზე.
2008 წლის 12 აგვისტოს, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, გაიმართა ნატო-საქართველოს შეხვედრა 26+1 ფორმატში რუსეთ-საქართველოს შორის მიმდინარე კონფლიქტის საკითხებზე.
2008 წლის 20 ივნისს, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, გაიმართა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს, იააპ დე ჰოოპ სხეფერს შორის.
2008 წლის 24-25 აპრილს, თბილისში, გაიმართა ინტენსიური დიალოგის ფარგლებში ნატო-საქართველოს კონსულტაციები პოლიტკურ საკითხებზე.
2008 წლის 3 აპრილს, ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა, რაც ნიშნავს მეკავშირეების მიერ აღებულ ღია ვალდებულებას.
2007 წლის 2 ოქტომბერს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ინტენსიური დიალოგის ფარგლებში მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა 26+1 ფორმატში კონფლიქტების მოგვარების საკითხთან დაკავშირებით.
2006 წ. 14 დეკემბერს ნატო-ს შტაბ-ბინაში, ბრიუსელი, გაიმართა პირველი კონსულტაცია ალიანსსა და საქართველოს შორის ინტენსიური დიალოგის ფარგლებში, სადაც განიხილეს ინტენსიური დიალოგის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ საკითხები და შეხვედრების განრიგი.
2006 წლის 21 სექტემბერს, ნიუ-იორკში გაიმართა ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა არაფორმალური შეხვედრა, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ნატო-ში გაწევრიანების საკითხებზე საქართველოსთან ინტენსიური დიალოგის დაწყების შესახებ. საქართველოს მიერ ინტენსიური დიალოგის დაწყება პარტნიორობის ფორმატიდან წევრობის კანდიდატის ფორმატზე გადასასვლელად გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ინტენსიური დიალოგი წარმოადგენს ალიანსსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მექანიზმს, რომლის ძირითადი მიზანია, მოამზადოს საფუძველი ქვეყნის MAP-ის (გაწევრიანების სამოქმედო გეგმა) ფაზაზე გადასასვლელად.
2005 წლის 26-29 სექტემბერს თბილისში იმყოფებოდა ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP) იმპლემენტაციის შუალედური შეფასების ჯგუფი IPAP-ის არაოფიციალურ დაკავშირებით. 2005 წლის 5 ოქტომბერს გაიმართა კონსულტაციები ნატო-ს საერთაშორისო სამსახურის წარმომადგენლებთან.
2005 წლის 14 თებერვლიდან ძალაში შევიდა შეთანხმება «ნატო-ს «პარტნიორობა მშვიდობისათვის» პროგრამის მეკავშირე ოფიცრის მოვლინების შესახებ საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის», რის საფუძველზეც საქართველოში მოვლინებულ იქნა სამხრეთ კავკასიისთვის მეკავშირე ოფიცერი.
2004 წლის 29 ოქტომბერს ნატო-ს უმაღლესმა ორგანომ – ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ (NAC), ე.წ «დუმილის პროცედურის» საფუძველზე დაამტკიცა საქართველოს «ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა» და საქართველო გადავიდა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ე.წ. «მეორე ეტაპზე».
2004 წლის აგვისტოში ნატო-ში ოფიციალურად გაიგზავნა საქართველოს «ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა».
2004 წლის 28-29 ივნისს სტამბოლში გამართულ ნატო-ს უმაღლესი დონის სამიტზე საქართველო, აზერბაიჯანი და უზბეკეთი ოფიციალურად შეუერთდნენ «ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის» ინიციატივას.
2004 წლის 7 აპრილს ქ. ბრიუსელში გაიმართა საქართველო-ნატოს მაღალი დონის წარმომადგენელთა შეხვედრა, ფორმატით «26+1», სადაც საქართველოს პრეზიდენტმა ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანს ბატონ იააპ დე ჰოოპ სხეფერს გადასცა ქვეყნის «ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის» საპრეზენტაციო დოკუმენტი.
2003 წლის დეკემბერში შემუშავდა «საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმის» დოკუმენტის პროექტი.
2003 წლის 27 მაისს საქართველოს პრეზიდენტის #235 ბრძანებულების შესაბამისად შეიქმნა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ეროვნული საკოორდინაციო საბჭო, ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესში სახელმწიფო სტრუქტურების შეთანხმებულ მოქმედებათა და ძალისხმევის კოორდინაციის გაძლიერების მიზნით. საბჭოს თავმჯდომარეობდა საქართველოს პრეზიდენტი.
2002 წლის 28 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ დაამტკიცა «საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამა». პროგრამა შედგებოდა ხუთი ძირითადი ნაწილისგან:1) პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები; 2) თავდაცვის და სამხედრო საკითხები; 3) რესურსებით უზრუნველყოფის საკითხები; 4) უსაფრთხოების საკითხები; 5) სამართლებრივი საკითხები.
2002 წლის 21-22 ნოემბერს ქ. პრაღაში გამართული ნატო-ს სამიტზე საქართველომ გააკეთა განცხადება ნატო-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვის შესახებ და სურვილი გამოთქვა ახალ პროგრამაში – «ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმაში» მონაწილეობის მიღების თაობაზე.
საქართველოს პარლამენტის 2002 წლის 13 სექტემბერის #1661 დადგენილებით, საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებისა და ეფექტურად წარმართვისათვის, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას დაევალა საქართველოს პარლამენტის შეასაბამის სტრუქტურებთან ერთად ნატო-ში გაწევრიანების პროცესის დაწყება.
2002 წლის 17-28 ივნისს საქართველოში (ქ. თბილისი) ჩატარდა ნატო-ს და პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი მსხვილმასშტაბიანი და მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები (Cooperative Best Effort-2002).
2001 წლის 11-23 ივნისს საქართველოში (ქ. ფოთი) ჩატარდა ნატო-ს და პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი მსხვილმასშტაბიანი და მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები (Cooperative Partner-2001).
2001 წლის მარტში დაინერგა ნატო-ს საერთაშორისო სამსახურთან რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების პრაქტიკა, რასაც ჩვენი ქვეყნისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ეს კონსულტაციები ძირითადად ტარდებოდა საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხოლო ნატო-ს მხრიდან პოლიტიკური დირექტორატის ხელმძღვანელის დონეზე; რეგულარულად იმართებოდა მაღალი დონის შეხვედრები შეიარაღებაზე კონტროლისა და განიარაღების საკითხებზე, 26+1 ფორმატში (ნატო-ს წევრი 26 ქვეყანა + საქართველო).
1998 წლის 22 აპრილს ნატო-ში გაიხსნა საქართველოს დიპლომატიური მისია და საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელი გადასცა ნატო-ს გენერალურ მდივანს.
1997 წლის 30 მაისს შეიქმნა ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭო (EAPC) და საქართველო გახდა მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი.
1997 წლის 1 მაისს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა«ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების წევრ ქვეყნებსა და «პარტნიორობა მშვიდობისათვის» პროგრამაში მონაწილე ქვეყნებს შორის მათი შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ» შეთანხმების (SOFA) რატიფიცირება.
1996 წელს საქართველომ შეიმუშავა და წარადგინა ნატო-ში პირველი «ინდივიდუალური პარტნიორობის» პროგრამა (Individual Partnership Program – IPP).
1995 წლიდან მიმდინარეობს თანამშრომლობა განათლების სფეროში. ნატო-ს სკოლაში ობერამერგაუში (გერმანია) და ნატო-ს თავდაცვის კოლეჯში (რომი, იტალია), სადაც ქართველი მსმენელები ყოველწლიურად იმაღლებენ კვალიფიკაციას.
1995 წლის 18 ივლისს საქართველო შეუერთდა «შეთანხმებას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების წევრ-ქვეყნებსა და «პარტნიორობა მშვიდობისათვის» პროგრამაში მონაწილე სხვა სახელმწიფოებს შორის ძალების სტატუსის შესახებ» (SOFA).
1994 წლის 23 მარტს საქართველო შეუერთდა ნატო-ს «პარტნიორობა მშვიდობისათვის» პროგრამას (PfP).
1992 წელს საქართველო გახდა ჩრდილო ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს წევრი (NACC).
საქართველო საერთაშორისო მისიებში
საქართველო, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ქვეყანა, აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სამშვიდობო მისიაში. სამშვიდობო მისიებში მონაწილეობით საქართველოს შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. აღნიშნული საქართველოს ინტერესშიცაა, ვინაიდან საერთაშორისო ტერორიზმი არ ცნობს საზღვრებს და მის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთო ძალისხმევაა საჭირო. სამხედრო მოსამსახურეები უნიკალურ სამხედრო გამოცდილებას იძენენ, შედეგად ვითარდება საქართველოს სამხედრო შესაძლებლობები. დაახლოებით, 18 000-ზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ უკვე გაირა შესაბამისი მომზადება. ამ გამოცდილებით საქართველოს ჰყავს მაღალ დონეზე მომზადებული და ნატო-ს სტანდარტებთან სრულად თავსებადი ჯარი. ეს კი, ქვეყნის განვითარების გზაზე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რესურსს წარმოადგენს. ქართველი ჯარისკაცები სამაგალითოდ ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას და ღირსეულად წარმოადგენენ საქართველოს ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან, რაც საქართველოს სანდო პარტნიორად წარმოაჩენს. სანდო პარტნიორის სტატუსით, საქართველოს საკითხი მუდმივად აქტუალურია საერთაშორისო დონეზე, რაც ხელს უწყობს ნატო-ს მხრიდან საქართველოსადმი მყარი მხარდაჭერის გაგრძელებას. ნატო-ში გაწევრიანებისათვის სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი ფაქტორია.