ნატო-ს მიზანია მისი წევრი ქვეყნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა – როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით.
ალიანსის შესახებ
ალიანსის წევრები მკაცრად იცავენ ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა წევრი ქვეყნების სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, დემოკრატია, ინდივიდუალური თავისუფლება, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია კოლექტიური თავდაცვა, რომლის თანახმად, ერთ ან ერთზე მეტ სახელმწიფოზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა განიხილება როგორც თავდასხმა ნატო-ს ყველა წევრ სახელმწიფოზე. არსებულ შემთხვევაში, ალიანსი დახმარებას გაუწევს საფრთხის ქვეშ მყოფ წევრ ქვეყანას ან ქვეყნებს და განახორციელებს ყველა საჭირო ქმედებას, მათ შორის სამხედრო ძალის გამოყენებას, ჩრდილოატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოების აღდგენისა და შენარჩუნების მიზნით.
რამ განაპირობა ნატო-ს დაარსება?
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იდეოლოგიურმა ბარიერმა ევროპა ორად გაყო. ომით დანგრეულ ევროპას 1948 წლიდან მოყოლებული, ამერიკელებმა უზარმაზარი ფინანსური და პოლიტიკური დახმარება გაუწიეს. მიზანი მარტივი და ნათელი იყო – ხელახლა გაძლიერებულ ევროპაში კომუნიზმს ვერ მოეკიდებინა ფეხი.
1948 წლის 17 მარტს საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, ჰოლანდიამ, ბელგიამ და ლუქსემბურგმა ხელი მოაწერეს „ბრიუსელის პაქტს“. კავშირი მიზნად ისახავდა ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობასა და თავდაცვის საერთო სისტემის შექმნას, რომელიც საბჭოთა კავშირის იდეოლოგიურ, პოლიტიკურ და სამხედრო ექსპანსიას აღუდგებოდა წინ. ფაქტობრივად, „ბრიუსელის პაქტის“ დოკუმენტი, დასავლეთ ევროპის საერთო უსაფრთხოების სისტემის შექმნისა და ნატო-ს დაარსების საფუძველი გახდა.
ნატო-ს გაფართოება
ნატო-ს გაფართოების პროცესი მიზნად ისახავს სტაბილურობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობას, ერთიანი და თავისუფალი ჩრდილოატლანტიკური სივცრის შენარჩუნებას, მშვიდობისათვის გაერთიანებასა და საერთო დემოკრტიული ღირებულებების ჩამოყალიბებას. ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც უკავშირდება სახელმწიფოს მოწვევას, გახდეს ალიანსის წევრი, იღებს ჩრდილოატლანტიკური საბჭო, ალიანსის წევრების კონსენსუსის საფუძველზე. ნატო-ს არაწევრი სახელმწიფო არ მონაწილეობს ამგვარი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
ნატო-ს წევრი ქვეყნები
ნატო-ს სამშვიდობო მისიები
ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა თავისი ისტორიის განმავლობაში არაერთი ცვლილება განიცადა, რათა ახალი გამოწვევების წინაშე სრულ მზადყოფნაში ყოფილიყო. ერთ-ერთი ასეთი უმნიშვნელოვანესი ცვლილება გახლავთ სამშვიდობო ოპერაციებისა და კრიზისების რეგულირების პროცესში ჩართვის გადაწყვეტილება, განურჩევლად კონფლიქტის გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა. ალიანსი აღიარებს, რომ საფრთხე აღარ არის შეზღუდული რომელიმე კონკრეტული ადგილმდებარეობით და მზად არის, გამოეხმაუროს მას, რა დროს და საიდანაც უნდა მომდინარეობდეს ის. მეოცე საუკუნის 90-იან წლებში, ნატომ პირველად განახორციელა სამშვიდობო ოპერაციები. კერძოდ, ბალკანეთში (ბოსნია-ჰერცეგოვინა) 1995 წელს, კოსოვოში 1999 წელს, მაკედონიაში კი 2001 წელს, სადაც იუგოსლავიის სოციალისტურ-ფედერალური რესპუბლიკის დაშლის სისხლიანმა კონფლიქტმა სერიოზული საშიშროება წარმოშვა არა მხოლოდ რეგიონული, არამედ საერთო – ევროპული უსაფრთხოებისათვის. 2003 წელს ავღანეთში ნატო-ს მისიით ალიანსმა დაამტკიცა, რომ მას აქვს უნარი, გაუმკლავდეს პრობლემებს არა მხოლოდ მისი ტრადიციული პასუხისმგებლობის – ევროატლანტიკურ სივრცეში, არამედ მის მიღმაც.
ფოტოები ნატო-ს ისტორიიდან
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების დონეზე. პარიზი, საფრანგეთი, 1957 წლის 16 დეკემბერი
პარიზის ხელშეკრულებების ხელმოწერა, პარიზი, საფრანგეთი, 1954 წლის 23 ოქტომბერი.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯონ კენედის ვიზიტი ნატო-ში. პარიზი, საფრანგეთი, 1961 წლის 7 იანვარი.
დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II-ის ვიზიტი ნატო-ში. ბრიუსელი, ბელგია, 1980 წლის 25 ნოემბერი.
1955 წლის 6 მაისს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა გახდა ნატო-ს წევრი. პარიზი, საფრანგეთი.
ნატო-ს პარლამენტართა შეხვედრა, პარიზი, საფრანგეთი, 1955 წლის 18 ივლისი. ”ნატო-ს პარლამენტართა” პირველი კონფერენცია, შემდგომში ჩრდილოატლანტიკური ასამბლეის სახელით გახდა ცნობილი.
საბერძნეთი - 1962 წლის 3-6 მაისს საბერძნეთში გაიმართა შეხვედრა, რომელიც უმნიშვნელოვანესი იყო როგორც საბერძნეთის, ისე ევროპელი მოკავშირეებისა და კანადის უსაფრთხოებისათვის. მასპინძელმა ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ნატო-ს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების შეხვედრა სამახსოვრო ყოფილიყო, რასაც ასახავს აკროპოლისზე გამაოგნებელი სანახაობრივი გადაფრენა.
საბერძნეთი - ნატო-მ გამოიყენა მისი ახალი წევრების შესახებ ისტორიის თხრობის სხვა გზებიც: ალიანსმა ქვეყანაში სამოგზაუროდ გააგზავნა ფოტოგრაფები და კამერაზე აღბეჭდა ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრება, 50-იანი წლები.
ნეაპოლი - ნატო-ს 10 წლის იუბილეზე, 1959 წელს, ნეაპოლში მოეწყო გამოფენა, პიაცა დელ პლებისციტი.
პორტუგალია - ისეთი ქვეყნისთვის, რომლის ინტერესები დიდი ხნის განმავლობაში თავისი კოლონიები, ტერიტორიები და სავაჭრო პუნქტები იყო, ნატო-ს შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა მნიშვნელოვანი იყო ფართო საზოგადოებისთვის. პირველი სამოგზაურო გამოფენა პარიზიდან 1952 წელს დაიწყო და მას "მშვიდობის ქარავანი" უწოდეს. მან იმოგზაურა რამდენიმე წევრ ქვეყანაში, სანამ პორტუგალიაში გაჩერდებოდა 1954 წლის სექტემბერში.
ნიდერლანდები - გამოფენა ნატო-ს შესახებ ჰააგაში, ალიანსის 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 1964 წელი.
/პორტუგალია/სამხედროები - პორტუგალიის სამხედრო ძალების რაოდენობა მაღალი იყო ნატო-ს რამდენიმე წევრ ქვეყანასთან შედარებით. მთავრობამ თანდათან მოახდინა სამხედრო ძალების მოდერნიზება და ზრდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანდა.
პორტუგალია/სამხედრო - 1950-იანი წლების განმავლობაში ბევრმა პორტუგალიელმა ოფიცერმა მიიღო მონაწილეობა საზღვაო წვრთნებსა და მოკავშირე ქვეყნების ტრენინგებში. ისინი უკან დაბრუნდნენ მსოფლიოს ახალი სტრატეგიული და პოლიტიკური ხედვით, რაც ხელს უწყობს პორტუგალიის ახალ პერსპექტივებს. ნატო დაეხმარა ქვეყანას ახალი თაობის ოფიცრების ჩამოყალიბებაში, რომლებსაც "ნატო-ს თაობას" უწოდებდნენ.
აშშ - ნატო-ს მეთაურები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან 41 მილიონი კვადრატული კილომეტრის ოკეანის დაცვაზე, იყვნენ შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალებიდან. უმეტესობა იყო საზღვაო ძალების ადმირალი (გარდა ერთი საზღვაო ქვეითთა კორპუსის და ერთი არმიის გენერალისა). ისინი დაფუძნებული იყვნენ ნორფოლკში, ვირჯინიაში და მეთაურობდნენ ატლანტის ოკეანის დაცვას.
ნორვეგია - მეორე მსოფლიო ომში მიღებული გამოცდილების შედეგად, ნორვეგიამ და მისმა შეიარაღებულმა ძალებმა იცოდნენ მომზადების მნიშვნელობა, როდესაც საქმე ეხებოდა თავდაცვას. ნორვეგიის ძალებმა გამოიყენეს სხვადასხვა სახის სამხედრო აღჭურვილობა, რათა ემუშავათ ცივ, თოვლიან და მთიან რელიეფებზე.
იცით თუ არა, რომ?
ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებას (ვაშინგტონის ხელშეკრულება) ხელი მოეწერა 1949 წლის 4 აპრილს ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში
აღნიშნული ხელშეკრულება წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მოკლე დოკუმენტს და სულ 14 მუხლისგან შედგება.ნატოს დამფუძნებელი ხელშეკრულება შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე.
ნატო არის სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია, სადაც წევრი ქვეყნები ინარჩუნებენ სრულ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ყველა გადაწყვეტილება მიიღება კონსესუსის საფუძველზე თითოეული წევრი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. ნატოს ყველა წევრ სახელმწიფოს გააჩნია თანასწორუფლებიანი სიტყვა განხილვებისა და გადაწყვეტილებების მიღების დროს.
2018 წლის 3 იანვარს ნატო-მ ალიანსის ისტორიაში პირველად ოფიციალური ჰიმნი დაამტკიცა
ჰიმნის მუსიკა 1989 წელს, ნატოს 40 წლის იუბილისთვის ლუქსემბურგის სამხედრო ბენდის დირიჟორმა, კაპიტანმა ანდრე რაიხელინგმა დაწერა. არაოფიციალურად ამ მუსიკას ნატოს სხვადასხვა ღონისძიებაზე წლების განმავლობაში იყენებდნენ. ჰიმნს არ აქვს სიტყვები და ის 20 მუსიკალური ინსტრუმენტით სრულდება.
2004 წლის 29 მარტს, ნატო-ს ისტორიაში გაფართოების უდიდესი ტალღის შედეგად ალიანსს 7 ახალი წევრი შეუერთდა
2002 წელს, პრაღის სამიტზე, ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია ოფიციალურად მიიწვიეს ალიანსში გაწევრების საკითხზე განხილვების დაწყების მიზნით. 2004 წლის 29 მარტს კი, ეს ქვეყნები ოფიციალურად გახდნენ ალიანსის წევრები. აღსანიშნავია ისიც, რომ ალიანსში გაწევრებამდე, აღნიშნული შვიდივე ქვეყანა ე.წ. MAP-ში, გაწევრების სამოქმედო გეგმაში მონაწილეობდა.
ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა ნატო-ს დამფუძნებელი ქარტიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპია
ნატოს კარი ღიაა ნებისმიერი ევროპული სახელმწიფოსთვის, რომელიც მზადაა, წევრობისთვის საჭირო ვალდებულებები შეასრულოს, წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და გაიზიაროს ნატოს დემოკრატიული ღირებულებები და პრინციპები. 1949 წლიდან ნატოს წევრი ქვეყნების რაოდენობა 12-დან 30 ქვეყანამდე გაიზარდა. 2020 წელს ნატოს 30-ე წევრი ჩრდილოეთ მაკედონია გახდა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია კოლექტიური თავდაცვა
ნატოს წესდების მე-5 მუხლის მიხედვით: „ერთ ან ერთზე მეტ მხარეზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა განიხილება როგორც თავდასხმა მთლიანად ალიანსზე.“ მე-5 მუხლი ნატოს ისტორიაში მხოლოდ ერთხელ, 2001 წლის 12 სექტემბერს ამოქმედდა, აშშ-ზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის მომდევნო დღეს, როდესაც მოკავშირეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს აშშ-ს.
გენერალური მდივნის პოზიცია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ხელმოწერიდან რამდენიმე წლის განმავლობაში არ არსებობდა
ნატოს პირველი გენერალური მდივანი ბრიტანელი ლორდი ისმეი გახდა, რომელმაც აღნიშნული პოზიცია 1952 წლის 4 აპრილს, ნატოს დაარსებიდან 3 წლის თავზე დაიკავა.
ნატოს ამჟამინდელი, რიგით მე-13 გენერალური მდივანი კი იენს სტოლტენბერგია, რომელსაც აღნიშნული პოსტი 2014 წლიდან უკავია და ალიანსის წევრების გადაწყვეტილებით, მისი მანდატი 2022 წლის 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.